The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ანა ერისთავი–ჭავჭავაძე

დაბადების თარიღი:1833
გარდაცვ. თარიღი:18 აპრილი, 1878  (45 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:არტაანი, თურქეთი
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

კახეთში ჩასახლებულ ერისთავთა შთამომავალი, ანა დავითის ასული ერისთავი-ჭავჭავაძისა 1833 წელს, კახეთის სოფელ ქისტაურში (ახლანდელი ახმეტის რაიონი) დაიბადა. მისი ოჯახი ქართული არისტოკრატიის მაღალ წრეს ეკუთვნოდა. უფროსი ძმა, რაფიელ ერისთავი პოეტი და საზოგადო მოღვაწე იყო, ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა ანას დაც, ბარბარე ჯორჯაძე, საყოველთაოდ ცნობილი კულინარიული წიგნის, „სრული სამზარეულოს“ ავტორი. და-ძმას დიდი სიყვარული და თანამოაზრეობა აკავშირებდა.

ადრევე დაობლებული შვილები მამამ გაზარდა, ძიძასთან, დილავარდისასთან ერთად. ბუნებით კონსერვატორი დავით ერისთავი საჭიროდ არ თვლიდა ქალიშვილების სასწავლებელში შეყვანას, მაგრამ ცდილობდა მათთვის კარგი შინაური განათლება მიეცა, ისე როგორც იმხანად მიღებული იყო. ანამაც ტრადიციულ, „შინაურ სკოლაში“ მიიღო განათლება, მისი ეპოქის სხვა მრავალი ქალის მსგავსად.

თანამედროვეთა დახასიათებით, ანა ერისთავი-ჭავჭავაძე ბუნებით ქველმოქმედი, ნამდვილი რომანტიკოსი და უსაზღვროდ გულმოწყალე ადამიანი იყო. იგი გათხოვილი იყო გენერალ ნიკო ზურაბის ძე ჭავჭავაძეზე (დიდი ნიკო).

1877 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს კავკასიის მთიელებში ანტირუსულმა აჯანყებამ იფეთქა. გენერალი ჭავჭავაძე ფრონტის წინა ხაზიდან გამოიძახეს ჩრდილოკავკასიელთა წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორც ამ მხარეში ნამსახური და საბრძოლო ასპარეზის კარგი მცოდნე. მან უდიდესი როლი შეასრულა აჯანყების ჩახშობაში.

როდესაც ქმარი ჩეჩენ-დაღესტნელებს ებრძოდა, მისი მეუღლე - ანა ერისთავი საქველმოქმედო საქმიანობით გახლდათ დაკავებული. ცოლ-ქმარი უშვილო იყო, რაც მათ ტკივილს წარმოადგენდა, თუმცა ამ დანაკლისს ისინი დაუღალავი საზოგადოებრივი მოღვაწეობით ინაზღაურებდნენ. ორივენი დიდ დახმარებას უწევდნენ ხელმოკლე ნიჭიერ ახალგაზრდებს, უხდიდნენ სწავლის საფასურს და სწავლის გასაგრძელებლად აგზავნიდნენ რუსეთსა თუ ევროპაში.

რუსეთ-თურქეთის ომის მიმდინარეობის დროს საქველმოქმედო დაწესებულებების შექმნას მასშტაბური სახე მიეცა. ე. წ. „საქველმოქმედო თემებს“ ევალებოდათ ფრონტისთვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევა, მათ შორის, მოწყალების დების გაგზავნა ფრონტის ხაზზე. ანა ერისთავმაც შექმნა ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია და ქართველ სამხედრო პირებს „ქველმოქმედ მოწყალე დად“ გაჰყვა. იგი 1877 წლის 7 მაისს ჩასულა არტაანში, მაშინ როცა ეს ქალაქი რუსულ ჯარს დაუკავებია. ანამ ლაზარეთში დაიწყო მუშაობა. თავდაპირველად სამოცი დაჭრილი მიაბარეს. შემდეგში ეს რიცხვი ასამდე გაიზარდა. დაჭრილებისა და ავადმყოფების მოვლა დიდ მხნეობას, გულმოდგინებასა და მოთმინებას საჭიროებდა. ნებიერ ცხოვრებას მიჩვეული ქალისთვის ადვილი არ იყო ამ სიძნელეების გამკლავება. ყოველ დღე ორჯერ მაინც უნდა ჩამოევლო თითოეული ავადმყოფისთვის, გადაეხვია ჭრილობა, გაეწმინდა, გამოეცვალა წამლები, შეერჩია მალამო, გაემხნევებინა სნეული. ძალიან უჭირდა, მაგრამ ვერავინ შეამჩნევდა, ადამიანებისთვის იმედი და სიხარული მოჰქონდა. ყველას ისე შეაყვარა თავი, რომ ავადმყოფები მას აღსარებასავით აბარებდნენ თავიანთ საიდუმლოს, უზიარებდნენ აზრებსა და ოცნებებს, სიხარულსა და მწუხარებას.   

მძიმე სამუშაოთი და მისთვის უცხო კლიმატური პირობებით გატანჯულმა ქალმა ერთთვიანი შვებულება ითხოვა და თბილისში, თავისიანებთან გამოეშურა. მაგრამ ბედმა აქაც უმუხთლა, ჯერ კიდევ გზის დასაწყისში, არტაანთან ახლოს, ხელი მოიტეხა. აუტანელი ტკივილები ჰქონდა. მისი მდგომარეობით შეწუხებული ახლობლები ურჩევდნენ ფრონტი სამუდამოდ მიეტოვებინა და ოჯახს დაბრუნებოდა, მაგრამ, როგორც მისი ძმა - რაფიელ ერისთავი წერდა მისდამი მიძღვნილ წერილ-ნეკროლოგში, - „მოვალეობა მიაჩნდა უმეტეს თავის თავისა“ და თავად სნეული, გზიდანვე უკან გაეშურა დაჭრილების მოსავლელად.

არტაანში ანას ყველა სიხარულით შეხვდა - ექიმები, ჰოსპიტალში მომუშავე მთელი პერსონალი და ავადმყოფები, რადგან ისე უყვარდათ, როგორც „ღვიძლი - და-ძმებს, როგორც მშობელი დედა - შვილებს“. კიდევ ხუთი თვე თავდადებით ემსახურა ფრონტს.

ისე უვლიდა და პატრონობდა სნეულებს ვერც მიუხვდებოდა ვინმე გასაჭირს. მერე კიდევ ერთი უბედურება ეწვია, დაჭრილის მოვლისას ახლად შეხორცებული ხელი კვლავ მოიტეხა. ამასაც დაძლევდა ეს მამაცი სულის ქალი, რომ არა ახალი უბედურება: ავადმყოფებისგან შეეყარა ჰოსპიტალში გავრცელებული პარტახტიანი ტიფი, რომელსაც იმ დროს „შავ ჭირს“ უწოდებდნენ. სახადს კი ვეღარ გაუძლო და უპატრონოდ, მარტოობაში დალია სული. ბარბარე ჯორჯაძე დისადმი მიძღვნილ ლექსში მოთქვამდა მისი ამგვარი სიკვდილის გამო, ნატრობდა, რომ მოწამეობრივად გარდაცვლილს სამოთხეში დაესადგურებინა. მისი აზრით, ანამ თავიდანვე განჭვრიტა ეს საშინელი ხვედრი და სასიკვდილო განაჩენი თავად გამოუტანა თავს.

ანა ერისთავი-ჭავჭავაძისა 1878 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია არტაანში (თურქეთი), იქ, სადაც ბედისწერამ თავად მიიყვანა. მის მეუღლეს - ნიკო ჭავჭავაძეს, რომელმაც ანას გარდაცვალების შემდეგ თითქმის ორი ათეული წელი იცოცხლა, ცოლი აღარ შეურთავს, მთელი ცხოვრება საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობას შეალია.

წყარო:

1. ერისთავი, . ნაცვლად ნეკროლოღისა: [ ანა ჭავჭავაძის გარდაცვალება ქ. არდაღანში და ამასთან დაკავშირებით ბარბარე ჯორჯაძის მიერ დაწერილი ლექსი] // დროება. - 1878.-26 აგვისტო. - N173. - გვ.1-3.

2. კახეთიდგან: [წმ. ნინოს ქალთა სასწავლებლის შენობის კურთხევა. ანა ჭავჭავაძის ღვაწლი ამ საქმეში]

// დროება. - 1867.-11 აგვისტო. - N32. - გვ.1.

3. ჭუმბურიძე, დოდო. არტაანში ქართველი ქალის საფლავია : ანა ერისთავი-ჭავჭავაძე (1833-1878) // ისტორიული პორტრეტები : წერილები / დ. ჭუმბურიძე. - თბ., 2012. - გვ. 96-104.

4. ჭუმბურიძე, დოდო. ქართველი მოწყალების და არტაანში ანა ერისთავი-ჭავჭავაძე  // სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები. - ბათუმი, 2009. - NIV. - გვ.123-133.

5. მაისურაძე, მზია. საქველმოქმედო დაწესებულებები და ქველმოქმედთა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა ცარიზმის პერიოდის კახეთში  // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები . - თბილისი, 2014. - [ტ.] 1(14). - გვ.444-455.


გააზიარე: