შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ვლადიმერ სულაქველიძე![]()
ბიოგრაფიავლადიმერ (ვალოდია) სულაქველიძე 1884 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში. მისი მამა ამბაკო სულაქველიძე სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო და ცხრა შვილი ჰყავდა. მათგან სამი - ვალოდია, კონსტანტინე და ანეტა აქტიურად იყვნენ რევოლუციურ მოძრაობაში ჩაბმული. კონსტანტინე (კოწია) სულაქველიძე, ცნობილი სოციალ-დემოკრატი და 1918 წლიდან ქუთაისის ერობის თავმჯდომარე იყო. მისგან განსხვავებით, ანეტა აქტიური ბოლშევიკი გახლდათ. იგი 1907 წელს, თბილისში, ერევნის მოედანზე გახმაურებულ ბანკის ძარცვაშიც მონაწილეობდა. ამბაკოს ოჯახში იზრდებოდა მწერალი გრიგოლ რობაქიძე ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის დროს. საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში ვალოდია სულაქველიძე საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო. მან ადმინისტრაციაში სამსახური დაიწყო ქუთაისის მილიციის უფროსის თანამდებობიდან და შემდგომ თბილისის მილიციის უფროსად გადაიყვანეს სამაგალითო სამსახურისთვის. თუმცა 1918 წლის დასაწყისში, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ ურატაძე მის კანდიდატურას ალმაცერად უყურებდა. უმაღლესი განათლების მქონე ფილოლოგი, რომელიც ადრე მასწავლებლად მუშაობდა და მეფის არმიის რეზერვის პორუჩიკის წოდებაც ჰქონდა, მილიციისთვის შესაფერის კადრად არ მიაჩნდა. ვერ იჯერებდა, რომ ეს უწყინარი გარეგნობის ტიპიური ინტელიგენტი, გამხეცებული ყაჩაღების თარეშს რამე რეალურ მოქმედებებს დაუპირისპირებდა. ურატაძის შეკითხვაზე, - შეძლებდა თუ არა ქალაქში წესრიგის დამყარებას, სულაქველიძემ უპასუხა, - „ შევძლებ, თუკი თქვენგან შესრულებული იქნება ორი პირობა: ერთი - მეყოლება საჭირო რაოდენობის მილიციელები და მეორე - მექნება მოქმედების თავისუფლება“. ორივე პირობაზე თანხმობა მიიღო და უფლება მიეცა შტატი თვითონვე შეედგინა. მეორე დღეს ვლადიმერ სულაქველიძე უკვე მილიციის უფროსი იყო და ბოროტმოქმედებისგან ქალაქის გაწმენდას ენერგიულად შეუდგა.რამდენიმე კვირაში ქუთაისი სრულად გაწმინდა ყველა საეჭვო პირისგან და სანიმუშო წესრიგი დაამყარა. ვლადიმერ სულაქველიძის ქუთაისის მილიციის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის დროს, 1918 წლის დეკემბერში, სომხეთის რესპუბლიკამ საქართველოს ომი გამოუცხადა. საომარი მდგომარეობის პირობებში, სულაქველიძის ძალისხმევით ქუთაისში, ქალაქის სომხური მოსახლეობის დარბევისა და შურისძიების მცდელობაც არ ყოფილა, რაც მის მაღალ სამოქალაქო შეგნებაზე მეტყველებს. ამ პერიოდში თბილისის მილიცია სხვადასხა მიზეზთა გამო წესრიგის დაცვას თავს ვერ ართმევდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა გადაწყვიტა, თბილისის მილიციის უფროსად ქალაქის თვითმმართველობისთვის ვლადიმერ სულაქველიძის კანდიდატურა შეეთავაზებინა და 1919 წლის აპრილის დასაწყისში ის სპეციალური ბრძანებით თბილისში მიიწვია. ქუთაისის ქალაქის საბჭომ შუამდგომლობა აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი, რომ ვლადიმერ სულაქველიძე ქუთაისში დაეტოვებინათ, მაგრამ შსს-მ მოთხოვნა არ გაითვალისწინა. 14 აპრილს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქუთაისის ქალაქის თავმა დიმიტრი კალანდარიშვილმა სპეციალურიმადლობა გამოუცხადა უკვე ყოფილ მილიციის უფროსს. ქალაქის საბჭოს წევრებმა, სოციალ-დემოკრატიული, ეროვნულ-დემოკრატიული და სოციალ-ფედერალისტების პარტიის წარმომადგენლებმა, სიტყვით მიმართეს სულაქველიძეს და თავდადებული მუშაობისთვის მადლობა გამოუცხადეს. 1919 წლის მაისიდან ვლადიმერ სულაქველიძე თბილისში იყო და ქალაქის მილიციის რეორგანიზებას ენერგიულად შეუდგა. ორი კვირის განმავლობაში მან მთლიანად გადასინჯა შტატები და ის მილიციელები, ვინც დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდნენ ან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში იყვნენ შემჩნეული, დაითხოვა. იგი პირადად ამოწმებდა სადარაჯოებზე მყოფ მილიციელებს და ასევე პირადად მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში, რიგითი დამნაშავეების დაკავება იქნებოდა თუ გენერალ ბარათოვზე თავდასხმის გახმაურებული შემთხვევა, რისთვისაც შინაგან საქმეთა მინისტრისგან მადლობა მიიღო. თბილისში ქუჩების განათება სუსტად იყო ორგანიზებული. სულაქველიძის მეცადინეობით მცირე ხანში ქუჩის განათება სრულად აღადგა. ასევე მან დაავალდებულა მოსახლეობა, ღამით სადარბაზოები და ეზოები დაეკეტათ. ამ ღონისძიებებმა საგრძნობლად შეამსუბუქა კრიმინალური მდგომარეობა და მილიციას დანაშაულთან ბრძოლა გაუადვილა. მისივე დავალებით აიკრძალა დანაშაულში ეჭვმიტანილთა სახლების ღამით ჩხრეკა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და მილიციელებს სასტიკად აეკრძალათ სადარაჯოებზე მათრახით დგომა. ვლადიმერ სულაქველიძემ მთავრობის იმედი გაამართლა. ისევე როგორც ქუთაისში, თბილისშიც მნიშვნელოვნად შეიცვალა მდგომარეობა წესრიგის დამყარების თვალსაზრისით, რისთვისაც სულაქველიძემ მთავრობისგან კიდევ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. 1919 წლის ზაფხულში საქართველოს რკინიგზის სისტემა დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ბოროტმოქმედებმა თუ დუშეთის ბოლშევიკური აჯანყების ნაშთებმა სწორედ ეს სტარტეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო საშუალება ამოიღეს მიზანში და დღე არ გავიდოდა, შემადგენლობა არ გაეძარცვათ ან ლიანდაგი არ აეყარათ. სადგურ გრაკალთან სარკინიგზო შემადგენლობაზე თავდასხმამ მდგომარეობა საბოლოოდ დაამძიმა. სარკინიგზო მილიცია, რომელსაც რკინიგზის დაცვა და უსაფრთხოება ევალებოდა, გახშირებული თავდასხმების წინაშე უძლური აღმოჩნდა. მთავრობა არჩევანის წინაშე დადგა - ან სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებით მოეგვარებინა პრობლემა, ან ანარქიისთვის დაეხარა თავი. საჭირო იყო ადამიანი, რომელსაც კრიმინალთან ბრძოლის გამოცდილება ექნებოდა. შედეგად, 1919 წლის 18 სექტემბერს N21 დადგენილებით მთავრობამ მოსახელობას აუწყა: „საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზები გამოცხადდეს სამხედრო წესებზე და დროებით გენერალ-გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნოს პორუჩიკი ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძე, მილიციის უფროსის თანამდებობაზე დატოვებით“. სულაქველიძე ჩვეული ენერგიულობით შეუდგა მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. პირველ რიგში, დაიწყო სარკინიგზო მილიციის რეორგანიზება და არსებულ შემადგენლობას 250 მილიციელი დააამატა. მცხეთის რაიონის სოფლებში, საიდანაც ძირითადად ხდებოდა თავდასხმები, ექსპედიციები ჩააყენა, რომელთაც დარტყმა მიაყენეს ბოროტმოქმედთა თავშესაფრებს. რკინიგზაზე პატრულირება დაიწყო ჯავშნოსანმა მატარებელმა და გამკაცრდა ზედამხედველობა მგზავრთა ნაკადზე. სულაქველიძე არც ეჭვმიტანილთა დაპატიმრებასა და ბოროტმოქმედთა ლიკვიდაციას მორიდებია. მალე, როგორც სავარაუდო იყო, რკინიგზაზე წესრიგი დამყარდა და მიმოსვლა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. მიღწეული წარმატებების გამო, ვლადიმერ სულაქველიძეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა და თბილისის სახალხო მილიციის უფროსის თანამდებობასთან ერთად, რესპუბლიკის ზურგის უფროსობაც ანდეს. ეს კი საომარ და საგანგებო მდგომარეობაში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ აქცევდა ყველა მნიშვნელოვან დაწესებულებას, რომელთა ამოცანა ზურგის უსაფრთხოება იყო. ასე იყო 1920 წლის მაისში და შემდეგ - უკვე საბედისწერო 1921 წლის თებერვალშიც, საბჭოთა რუსეთის თავსახმების დროს. ვლადიმერ სულაქველიძის ადმინისტრაციული ნიჭისა და თავდადების შედეგად, ქართულ შეიარაღებულ ძალებს ზურგი საიმედოდ ჰქონდა დაცული და მტერმა ვერც ერთი დივერსიული აქტისა და არეულობის მოწყობა ვერ მოახერხა. რუსეთის მიერ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ, ვლადიმერ სულაქველიძე მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა. ერთხანს სტამბოლში იყო და მონაწილეობდა ბოსფორზე გემების საპასპორტო კონტროლისა და კონტრდაზვერვით ოპერაციებში; თანამშრომლობდა ქართულ, ბრიტანულ და ფრანგულ სპეცსამსახურებთან, რომლებიც საბჭოთა დაზვერვის წინააღმდეგ მოქმედებდნენ; მოგვიანებით საფრანგეთში ჩავიდა და პატარა რესტორანი „ამაყი მამალი“ გახსნა, რითაც თავის რჩენას ახერხებდა (როგორც გრიგოლ ურატაძე აღნიშნავს, „თავისი პატიოსანი შრომით ირჩენდა თავს და არავის აწუხებდა. პირიქით, ეხმარებოდა კიდეც სხვებს). გადმოცემით, რესტორნის შენობის ფასადს ქართულ ჩოხაში გამოწყობილი მამლის გამოსახულება ამშვენებდა. რესტორანი მალე გაკოტრდა. როგორც ზეპირი გადმოცემები მოწმობენ, ვლადიმერ სულაქველიძე ხშირად უფასოდ მასპინძლობდა სამშობლოდან გადახვეწილ მშიერ-მწყურვალ თანამემამულეებს, რაც კომერციამ ვერ აიტანა. მძიმე ბედი ერგო სამშობლოში დარჩენილ ვლადიმერ სულაქველიძის დიდ ოჯახს: ძმა - კონსტანტინე (კოწია), საქართველოში სპეციალური დავალებით არალეგარულად დაბრუნებული, 1925 წელს ჩეკამ ბათუმში დააპატიმრა. პატიმრობის დროს იგი იძულებული გახადეს საჯაროდ დაეგმო თავისი პოლიტიკური შეხედულებები, რის გამოც აღარ დახვრიტეს და შემდეგ, როგორც წარმატებული მათემატიკოსი, სიცოცხლის ბოლოდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ანეტა სულაქველიძე 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს „ტროცკისტობის“ ბრალდებით. ვლადიმერ სულაქველიძეს სამი შვილი დარჩა საქართველოში: უფროსი სილვია (დოდო) სულაქველიძე, ირაკლი სულაქველიძე, რომელიც ცნობილი მოჭიდავე იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარში გაიწვიეს და დაიკარგა (მეტსახელად „ვაგონეტკას“ ეძახდნენ, რადგან მაღაროს ვაგონის სადგარს სწევდა), ხოლო უმცროსი, ვახტანგ სულაქველიძე, ცნობილი მსახიობი გახლდათ. ვლადიმერ სულაქველიძე 1954 წლის 18 აგვისტოს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა საფრანგეთში, არპაჟონის საავადმყოფოში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. წყარო: 1. https://ka.wikipedia.org/wiki/ვლადიმერ_სულაქველიძე
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |