The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი

ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი
დაბადების თარიღი:1821
გარდაცვ. თარიღი:26 მარტი, 1856  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი ნიკოლოზ ერისთავი დაიბადა 1821 წელს, დიმიტრი ლუარსაბის ძე ერისთავისა და მარიამ ივანეს ასულ ჩოლოყაშვილის ოჯახში. სამხედრო სამსახურში 1840 წ. მოხალისედ შევიდა და მონაწილეობა მიიღო აჯანყებული ოსების წინააღმდეგ ბრძოლაში თავად ივანე ანდრონიკაშვილის რაზმის შემადგენლობაში. ერთ-ერთი სიმაგრის იერიშის დროს ფეხში დაიჭრა, ძვალი დაიზიანა და სამი წელი ყავარჯნებით დადიოდა. სიმამაცისთვის მას უბოძეს პრაპორშჩიკის წოდება და 100 მანეთი პენსია.

ნიკოლოზ ერისთავი მხოლოდ 1844 წელს დაუბრუნდა მწყობრს. შემდგომ "ქართულ დრუჟინაში" ჩარიცხეს და დაღესტანში მიავლინეს გენერლების ნეიდგარდტის და ლიდერსის ხელმძღვანელობით. ამ ლაშქრობაში მან დაიმსახურა პოდპორუჩიკის წოდება.

1845 წელს ნიკოლოზ ერისთავი მონაწილეობდა მიხეილ ვორონცოვის წინამძღოლობით გამართულ ლაშქრობაში ჩეჩნეთში, ანდიის მთიან მასივში. იგი ყველა ბრძოლაში ერთ-ერთი პირველი იყო, თავშიც დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიუტოვებია.

ახალგაზრდა ოფიცრის სიმამაცით მოხიბლულმა მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა იგი ქართველ გრენადერთა პოლკში ჩარიცხა და 1849 წელს თავის ადიუტანტადაც დანიშნა.

ნიკოლოზ ერისთავს ახალი დიდება მოუტანა ყირიმის ომმა (1853–1856), რომლის დროსაც იგი 2 ბატალიონით და გურიის მილიციის 10 ასეულით სოფელ ნიგოითთან იდგა და ოზურგეთიდან მომავალ გზას იცავდა. თურქთა სარდალი სელიმ-ფაშა 1854 წლის 27 მაისს იოლი გამარჯვების იმედით ნიგოითისაკენ დაიძრა, მაგრამ ნიკოლოზ ერისთავმა მოულოდნელი იერიშით მრავალრიცხოვანი მტრის რიგებში არეულობა შეიტანა და სასტიკად დაამარცხა. ამ გამარჯვებამ გურიის რაზმის სარდალს, გენერალ ი. მ. ანდრონიკაშვილს შესაძლებლობა მისცა სწრაფი იერიშით დაეკავებინა ქალაქი ოზურგეთი.

ნიკოლოზ ერისთავმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი ჩოლოქის ბრძოლაში, სადაც მისი რაზმი ცენტრში მოქმედებდა. გამარჯვების სახარებლად იგი მოხსენებითი ბარათით გაგზავნილ იქნა პეტერბურგში, სადაც მას ფლიგელ-ადიუტანტისა და პოლკოვნიკის წოდებები მიენიჭა. შემდგომში მსახურობდა გურიის რაზმში. 1855 წლიდან გადავიდა ყირიმის არმიაში, მეთაურობდა ჯერ სმოლენსკის ქვეითთა, ოქტომბრის თვიდან კი ეკატერინოსლავის ლაიბ-გრენადერთა პოლკს.

ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი დაიღუპა ყირიმის ფრონტზე (სევასტოპოლი) 1856 წლის 26 მარტს. ბრძოლებში დამსახურებისთვის მიღებული ჰქონდა სხვადასხვა ხარისხის - წმინდა გიორგის, წმინდა ვლადიმირისა და წმინდა ანას ორდენები.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.62

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_ერისთავი 

3. https://ru.wikipedia.org/.../Эристов,_Николай_Дмитрие...


გააზიარე: