The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მამუკა თამაზის (თომას) ძე ორბელიანი

მამუკა თამაზის (თომას) ძე ორბელიანი
სხვა სახელი:მაკარ  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:1800
გარდაცვ. თარიღი:29 ოქტომბერი, 1871  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონი, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მამუკა თამაზის ძე ორბელიანი (რუსულად იწოდება მაკარ თომას ძედ - Орбелиани Макар Фомич) დაიბადა 1800 წელს. იგი გენერალ-მაიორ თამაზ მამუკას ძე ორბელიანისა და ქეთევან დავითის ასულ ქობულაშვილის მეორე ვაჟი გახლდათ. მწერალი და ისტორიკოსი ალექსანდრე (პუპლია) ვახტანგის ძე ორბელიანი მას ასე ახასიათებს: „აჩქარებული ხასიათისა და ღვინოში ხომ კარგა ჭირვეული იყო, რომელსაც ყოველი... კაცი ერიდებოდა და რომელსაც იმისის ხასიათის გამო მომატებულს სახელს ბუილას (რუს. კამბეჩი) ეძახდნენ:.. მამუკა იყო ცნობილი მოჯირითე და სახელგანთქმული ვაჟკაცი. მის ვაჟკაცობაზე ლეგენდები ითხზვებოდა“.

მამუკა ორბელიანი სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. ჯარში სამსახური დაიწყო 1816 წ. ერევნის კარაბინერთა პოლკში; 1822 წლიდან იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ; 1825 წლიდან პოდპორუჩიკია; არის რუსეთ-ირანის 1826-1828 და რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომების მონაწილე; თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხისა და აწყურის ბრძოლებში.

1829 წელს მამუკა ორბელიანი მონაწილეობდა მილიციაში გაწვევის წინააღმდეგობაში, რისთვისაც პასუხისგებაში მისცეს, მაგრამ გაამართლეს (აქტები,VIII). ამის შემდეგ გადავიდა სამოქალაქო სამსახურში – დაინიშნა ელისავეტოპოლის (განჯის) მაზრის უფროსად. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მისი რეპუტაცია შეილახა. ამ დროს მოხდა ცნობილი საქმე ფოსტის გაქურდვისა. ფოსტის გატაცებას ყაჩაღებს აბრალებდნენ, ხალხში კი გავრცელებული იყო ხმა, რომ ფოსტა თვით მამუკამ გაძარცვა და ყაჩაღებს გადააბრალა. პროცესი ამ საქმეზე დიდხანს გრძელდებოდა და დამთავრდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლებით და არმიაში დაბრუნებით.

1850 წლის 6 ოქტომბერს მამუკა ორბელიანი პოლკოვნიკი გახდა; ყირიმის ომის (1853-1856) დროს ამიერკავკასიის ფრონტზე იბრძოდა -1853-იდან ი. ორბელიანის რაზმში, 1855-იდან კი ყირიმის ფრონტზე, სადაც მეთაურობდა ჯერ პარტიზანთა, შემდეგ კი საგანგებო "მფრინავ რაზმს". 1856 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება და სამსახურიდან გადადგა.

მამუკას ცოლად ჰყავდა ქეთევან გიორგის ასული ქსნის-ერისთავი (1808-1897). მათ ოჯახში 15 ბავშვი დაიბადა. მათ შორის: დავითი ( 1838-1875) - შტაბს-როტმისტრი (ცნობილი იყო იმით, რომ პეტერბურგში სკანდალი მოახდინა მასკარადზე რეპინსკისთან, რისთვისაც გაასამართლეს); ნიკოლოზი (1841-1880) - პორუჩიკი; ივანე (1844-1919) - კავალერიის გენერალი; კონსტანტინე (1846-1912) - მაიორი.

მამუკას და ქეთევანს მეტად ლამაზი გარეგნობის ქალიშვილები ჰყავდათ - ალექსანდრა (ლევან მელიქიშვილის – დაღესტნის ოლქის უფროსის მეუღლე), და ბარბარე (გუნიბის აღების გმირის – იოსებ დავითის ძე თარხან-მოურავის მეუღლე). „ჩვენი სტუმარი იქნება დღეს მამუკას ქალი, ახლად გამოსული ინსტიტუტიდამ, სახით მშვენიერი, წელით–საროზე აღზრდილი. შე წყეულო ეს მაინც შეირთე“ – სწერს გრიგოლ ორბელიანი დიმიტრი ჯორჯაძეს 1858 წ. 28 მაისს; „მამუკას ქალი ბაბო, მშვენიერი ბაბო, დაინიშნა ახლანდელის ყაზიყუმუხის ხანზე, ესე იგი იოსებ თარხანოვზე, შენ კი თვალი დაგიდგა“, – სწერს გრიგოლი მასვე 1859 წ, 16 თებერვალს.

გენერალ-ლეიტენანტი იყო მამუკას ძმა - დიმიტრი ორბელიანი, აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა მესამე მარშალი (1839-1854).

მამუკა ორბელიანის ჯილდოებს შორისაა, ორდენები: წმ. ანას მე-4 ხარისხის (1820); წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ბაფთით (1827); წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის (1835); წმ. ანას მე-2 ხარისხის (1836; ამ ორდენს 1838 წელს ებოძა საიმპერატორო გვირგვინი); წმ. გიორგის მე-4 ხარისხის (1848); წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ( 1853); ოქროს ხმალი წარწერით - „სიმამაცისთვის“ (1837).

მამუკა ორბელიანი გარდაიცვალა 1871 წლის 29 ოქტომბერს. დასაფლავებულია თბილისს სიონში.

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/მამუკა_ორბელიანი

2. nobility.pro/ge/statia/150-orbeliani-mamuka-tamazis-dze.html 


გააზიარე: