The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თამარ ლიჩელი

თამარ ლიჩელი
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1978  (45 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

თამარ (თათა, თათია) ლიჩელი დაიბადა 1978 წლის 8 ნოემბერს, თბილისში. მამა არქეოლოგი ჰყავს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია; დედა - პიანისტია. სწორედ დედის დამსახურებაა, რომ ფორტეპიანოზე 5 წლის ასაკიდან უკრავს. დაამთავრა თბილისის მე-5 სამუსიკო სკოლა, პედაგოგ ნათელა გულდამაშვილთან. შემდეგ სწავლა განაგრძო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზიაში - „ნიჭიერთა ათწლედში“, ქალბატონ გომა გოგიასთან. კონსერვატორიაში (1996-2001) ბატონ თენგიზ ამირეჯიბის მოსწავლე იყო. 1997 წელს გაიარა მასტერ კლასი პედაგოგ ჰ. ლეიგრაფთან (ავსტრია). ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 2004 წელს, სტაჟირებას გადიოდა რომის სანტა-ჩეჩილიას ნაციონალურ აკადემიაში, პროფესორ სერჯო პერტიკაროლისთან, ხოლო 2009 წელს, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები დაამთავრა მიუნჰენის უმაღლეს სამუსიკო აკადემიაში გერჰარდ ოპიტცან.

იტალიასა და გერმანიაში ცხოვრება და ამ ორ არაჩვეულებრივ მუსიკოსთან ურთიერთობა მისთვის დიდი სკოლა იყო, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ იმ ძირითადს, რასაც ბატონი გიზი აძლევდა თავის სტუდენტებს, არაფერი შეცვლის და არაფერი შეედრება – ესაა ყველაზე ამაღლებული, ლოგიკური და, ერთდროულად, ემოციური, ყველაზე დახვეწილი მუსიკა. ამის დასტურია მაესტროს მრავალრიცხოვანი, წარმატებული სტუდენტების სია.

სხვადასხვა წლებში თამარ ლიჩელი იყო თბილისის მერიის, საქართველოს პრეზიდენტის, იტალიისა და გერმანიის მთავრობის სტიპენდიანტი. 2007 წლიდან იგი  ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ–პროფესორია (ფორტეპიანო).

თამარ ლიჩელი არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მათ შორისაა: 1997 - მარკო-პოლოს საერთაშორისო კონკურსი, I პრემია (საბერძნეთი); 2003 - საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, I პრემია; ეტლინგენის საერთაშორისო კონკურსი ( გერმანია); გიოტინგენის შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (გერმანია), სპეციალური პრიზი ჰაიდნის სონატის საუკეთესო შესრულებისათვის; საერთაშორისო კონკურსი "Bradshaw&Buono", II პრემია (აშშ); საერთაშორისო კონკურსი „Ibla Grand Prize” (იტალია ), I პრემია, გრან პრი, სპეციალური პრიზი რაველის და ნაციონალური ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის. ამ გამარჯვების შემდეგ. ყოველ წელს იწვევენ ამავე კონკურსის ჟიურის წევრად. ჟიურის შემადგენლობა ძალზე სოლიდურია და მისი თავმჯდომარე ცნობილი მუსიკოსი მარჩელო აბადოა.

თათა ლიჩელისთვის ყველაზე გამორჩეული, მაინც, ნაციონალური ნაწარმოების შესრულებისთვის მიღებული პრიზი გახლდათ. კონკურსზე მან მერი დავითაშვილის "ხორუმი" დაუკრა.

თამარი საერთაშორისო დონის პიანისტია, მაგრამ მსოფლიო კლასიკასთან ერთად, იგი დიდ დროს უთმობს ქართულ რეპერტუარს. განსაკუთრებით უყვარს ახალშექმნილ ნაწარმოებზე მუშაობა და ქართველი კომპოზიტორებიც სიამოვნებით თანამშრომლობენ მასთან.

თამარ ლიჩელი აღიარებულია ქართული მუსიკის პროპაგანდისტად და საუკეთესო შემსრულებლად; ქართული რეპერტუარი: ფ. ღლონტი - საფორტეპიანო კონცერტი N3, ზ. ნადარეიშვილი - "საფორტეპიანო ვარიაციები" ს. ცინცაძის თემაზე, ჩლაიძის საფორტეპიანო ტრიო, მაჭავარიანის საფორტეპიანო კონცერტი, ვ. აზარაშვილის საფორტეპიანო კვინტეტი, რ. კემულარიას პიესები. იგი ყველა ამ ნაწარმოების პირველი შემსრულებელია; გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მუსიკოსის ქართული მუსიკის რეპერტუარშია - ა. მიზანდარის, მ. დავითაშვილის, ს. ცინცაძის, ო. ტატიშვილისა და სხვათა საფორტეპიანო პიესები; სხვა რეპერტუარი: ლისტი - ფანტაზია უნგრულ თემებზე, დებიუსი - "ბერგამული სუიტა", რაველი - "ვალსი", ფრანკი - საფორტეპიანო კვინტეტი და სხვ.

თამარ ლიჩელი აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწევა. იგი კონცერტებით გამოდის როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გასტროლებით შემოიარა: იტალია, გერმანია, ავსტრია, ტაივანი, შვეიცარია, ინგლისი, ლიტვა, აშშ,  საფრანგეთი, შვედეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა; მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო ფესტივალში; ამერიკისა და იტალიის კონკურსებზე გამარჯვების შემდეგ ჯილდოს სახით გამართა ტურნე სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, მათ შორის „კარნეგი- ჰოლში“.

პიანისტი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: ლიანა ისაკაძე, მარინა იაშვილი, ალექსანდრე კორსანტია, საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, სიმებიანი კვარტეტი „იბერი“, კენ აისო, აკიკაზუ ნაკამურა, ალექსანდრე რუდინი, იური ჟისლინი, ლავარდ ლარსენი, ჯანსუღ კახიძე, ვახტანგ კახიძე, რევაზ ტაკიძე, ვახტანგ მაჭავარიანი, დავით მუქერია, დევიდ დელპინო კლინგე, ტან ლიჰუა, ჯანლუკა მარჩიანო და სხვები.

თამარ ლიჩელის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია კამერულ მუსიკას. მუსიკალურ ფორუმებში იგი ხშირად გამოდის, როგორც კამერული ანსამბლის წევრი. პირველი საფორტეპიანო ტრიოს შემადგენლობაში მასთან ერთად უკრავდნენ: მისი პედაგოგი ბატონი ოთარ ჩუბინიშვილი (ჩელო) და მანანა ქანთარია (ვიოლინო).

2014 წელს თამარმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა საფორტეპიანო ტრიო "Sempre"(თამარ ლიჩელი - ფორტეპიანო, ლელა მჭედლიძე - ვიოლინო, ჰაიკ ბაბაიანი - ვიოლონჩელო); ეს ჯგუფი, მიუხედავად მცირე ასაკისა, მეტად ნაყოფიერ საკონცერტო ცხოვრებას ეწევა. ონლაინ გამოცემა „ბრიტანეთი“ წერდა: „ისინი არიან უმაღლესი კლასის მუსიკოსები, რომლებმაც თავიანთი ამოუწურავი შესაძლებლობების ბრწყინვალე დემონსტრირება მოახდინეს. მსმენელებს უძნელდებოდათ ტრიოსთან განშორება და მუსიცირებას კიდევ ითხოვდნენ“.

მუსიკოსი ხშირად ატარებს მასტერ-კლასებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; არის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი.

თამარ ლიჩელი მაესტრო გიზი ამირეჯიბის ერთ-ერთი უსაყვარლესი მოწაფე იყო. ამ ორი ადამიანის, მასწავლებლისა და შეგირდის განსაკუთრებული ურთიერთობა გამოჩნდა კიდეც, როცა თამარმა თავი მოუყარა ამ დიდი მუსიკოსის შესახებ დღემდე არსებულ მასალებს და 2013 წელს გამოსცა წიგნი - „თენგიზ ამირეჯიბი“. ტექსტი მოცემულია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

თამარ ლიჩელი დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია: თენგიზ ამირეჯიბის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალისა (2013, თბილისი, საქართველო) და თენგიზ ამირეჯიბის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა რეგიონალური კონკურსისა (2015, ბორჯომი,საქართველო); ასევე, იგი არის „კლასიკური მუსიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი.

თამარი გათხოვილია. მისი მეუღლე მუსიკოსი არ არის, სულ სხვა სფეროში მუშაობს,  Goodwill-ის გენერალური დირექტორია. თუმცა კარგი მსმენელია და მეუღლის დიდი გულშემატკივარი. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს.

წყარო:

1. licheli.ge/ge/გალერეა/

2. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 288

3. ლიჩელი, თამარ. თამარ ლიჩელმა იტალიური ფესტივალი დაიპყრო : "ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში მაღალი დონის ხელოვნების სკოლებია" : ნაცნობი სახეები / თამარ ლიჩელი ; მოამზადა ლელა ჯიყაშვილმა // კვირის პალიტრა. - თბილისი, 2009. - 17 - 23 აგვისტო. - N33(785). - გვ.42

4. თოდუა, თათა. თამარ ლიჩელის ცხოვრების მელოდია // ბომონდი. - თბილისი, 2011. - დეკემბერი. - N12. - გვ.40-46.

5. ლიჩელი, თამარ. როგორ მოიპოვა მსოფლიო აღიარება თამარ ლიჩელმა და რა დაუმტკიცა მან საკუთარ თავს : ინტერვიუ / თამარ ლიჩელი ; ესაუბრა კატო ჟღენტი // თბილისელები. - თბილისი, 2011. - 15-21 აგვისტო. - N33(555). - გვ.67

6. ლიჩელი, თამარ. Sempre : ინტერვიუ / თამარ ლიჩელი; ესაუბრა თეა ყიფიანი // მუსიკა / საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი. - თბილისი, 2014. - N3(21). - გვ.35-39. 


გააზიარე: