The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


რომან გველესიანი

რომან გველესიანი
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1888
გარდაცვ. თარიღი:2 აპრილი, 1949  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბრომპტონის სასაფლაო, ლონდონი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სამხედრო მოღვაწე, რუსეთის, საქართველოსა და პოლონეთის არმიების პოლკოვნიკი რომან გველესიანი დაიბადა რუსეთის არმიის ოფიცრის, ალექსანდრე გველესიანისა (1857-1920) და თამარ (ვარვარა) დავითის ასულ ჭავჭავაძის ოჯახში. 

1909 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო. 

I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ერევნის მე-13 პოლკის პორუჩიკად, 1916 წლიდან - რჟევის 490-ე ქვეითი პოლკის კაპიტნად.

ბრძოლის ველზე თავის გამოჩენისთვის დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV (1915), III (1915) და II (1916), წმ. სტანისლავის III (1915) და II (1916), წმ. ვლადიმირის IV (1916) და III (1917) ხარისხის ორდენებით. 

1917 წლის თებერვალში მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება. 

1918 წლიდან იყო საქართველოს ჯარის პოლკოვნიკი.

1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, რომან გველესიანი ემიგრაციაში წავიდა.

1922 წლის 1 თებერვლიდან მსახურობდა პოლონეთის სამხედრო ნაწილებში. თავდაპირველად სახმელეთო ჯარებში იყო, შემდეგ კავშირგაბმულობის ოფიცერთა კორპუსში. პარალელურად, დაამთავრა ბიდგოშჩის უმცროს ოფიცერთა სკოლა (1923), შემდეგ - ვარშავის უმაღლესი სამხედრო სკოლა (1924). 

1926 წლის ოქტომბრიდან კონტრაქტით მსახურობდა პოლონეთის არმიაში.

1927-1929 წლებში იყო პულავის მენაღმეთა მე-2 პოლკის მეთაურის მოადგილე, ხოლო 1930 წლიდან  ირიცხებოდა მე-4 ქვეითი დივიზიის შტაბში.

1938 წლის მარტიდან მსახურობდა კრაკოვში, მე-6 ქვეითი დივიზიის მეთაურის მოადგილედ. 

II მსოფლიო ომის (1939-1945) დასაწყისში ხელმძღვანელობდა კრაკოვის გამაგრებულ რაიონს. იგი ერთ–ერთი საჯარისო შენაერთის „კრაკოვის“ ხელმძღვანელი იყო და ევალებოდა მდინარე ვისლაზე არსებული გადასასვლელის დაცვა. შემდეგ იმყოფებოდა პრჟემისლში, ბრიგადის გენერალ ბოლესლავ იატელნიცის შტაბში, სადაც მალე მისი მოადგილე გახდა. თავის დაჯგუფებასთან ერთად იცავდა დნესტრის ხაზს, რაც ძალზე რთული ამოცანა გახლდათ.

როდესაც წითელი არმია პოლონეთში შევიდა, პოლკოვნიკი გველესიანი ერთხანს წინააღმდეგობის მოძრაობაში იყო, შემდეგ პოლონურმა სამხედრო შენაერთებმა ქვეყანა დატოვეს და რუმინეთში გადავიდნენ.

რომან გველესიანმა მოახერხა რუმინეთიდან ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში გადასვლა და შეუერთდა შოტლანდიაში დაბანაკებულ პოლონეთის არმიას.

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ რ. გველესიანი დიდ ბრიტანეთში დარჩა. იგი აქტიურად თანამშრომლობდა პოლონურ პოლიტიკურ ემიგრაციასთან, იყო პოლონელთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე.

გარდაიცვალა 1949 წლის 2 აპრილს, ლონდონში. დაკრძალულია ბრომპტონის სასაფლაოზე.

რომან გველესიანის უმცროსი ძმა, დავითი, რომელიც მხატვარი გახლდათ, ცხოვრობდა საქართველოში (1890-1949), დამთავრებული ჰქონდა თბილისის სამხატვრო აკადემია (1929) და იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1932–1949).

გრიშიკაშვილიამბროსიპოლონეთის არმიის ზოგიერთი ქართველი კონტრაქტის ოფიცრის ბიოგრაფია : რომან გველესიანი // ქართველები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი. - თბილისი, 2008. - გვ. 188-191.

https://ka.wikipedia.org/wiki/ რომან_გველესიანი 


გააზიარე: