The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


რომან გველესიანი

რომან გველესიანი
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1888
გარდაცვ. თარიღი:2 აპრილი, 1949  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლონდონი, ინგლისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რომან გველესიანი პოლონეთის სამხედრო ნაწილებში 1922 წლის 1 თებერვლიდან მსახურობდა. თავდაპირველად სახმელეთო ჯარებში იყო, შემდეგ კავშირგაბმულობის ოფიცერთა კორპუსში. პარალელურად 1923-24 წლებში ვარშავის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი დაასრულა.  სწავლის დასრულების შემდეგ გენერალურ შტაბში მსახურობდა ჯერ როგორც კომუნიკაციების განყოფილების უფროსი, ხოლო შემდეგ IV განყოფილების ხელმძღვანელად.

1927-29 წლებში რომან გველესიანი იყო პულავის მენაღმეთა მეორე პოლკის მეთაურის მოადგილე, ხოლო 1930 წლიდან  ფეხოსანთა მეოთხე დივიზიის შტაბში ირიცხებოდა.

1938 წლის გაზაფხულზე პოლკოვნიკი გველესიანი კრაკოვშია, სადაც  ფეხოსანთა მეექვსე დივიზიის ხელმძღვანელის მოადგილეა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას იგი ერთ–ერთი საჯარისო შენაერთის „კრაკოვის“ ხელმძღვანელი იყო და დაევალა მდინარე ვისლაზე არსებული გადასასვლელის დაცვა.  შემდეგ პრჟემისლშია, ბრიგადის გენერალ ბოლესლავ იატელნიცის შტაბში და მალე მისი მოადგილე ხდება. ამ დაჯგუფებას დავალებული ჰქონდა ძალზე რთული ამოცანის შესრულება – უნდა დაეცვათ დნესტრის 170 კილომეტრიანი ხაზი და ეს არარეალური ამოცანა უნდა შეესრულებინა სულ რაღაც 3000 ჯარისკაცს, რომელთაგან მხოლოდ მესამედი იყო შეიარაღებული  და ისიც უვარგისი იარაღით. ეს სამხედრო დაჯგუფება დაუცველი იყო ზურგიდანაც, სადაც თანდათან ხშირდებოდა უკრაინელთა დივერსიები.

როდესაც წითელი არმია პოლონეთში შევიდა პოლონურმა სამხედრო შენაერთებმა ქვეყანა დატოვეს და რუმინეთში გადავიდნენ. მათთან ერთად იყო რომან გველესიანიც, რომელიც შემდეგ საფრანგეთში გადავიდა. ცოტა ხნის შემედგ დიდ ბრიტანეთში მოახერხა გადასვლა შოტლანდიაში დაბანაკებულ პოლონეთის არმიაში. ომის შემდეგ პოლკოვნიკი გველესიანი დიდ ბრიტანეთში დარჩა და აქ იგი პოლონელთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

რომან გველესიანი 61 წლის ასაკში ლონდონში გარდაიცვალა და აქვეა დაკრძალული.

წყარო:

1. გრიშიკაშვილი, ამბროსი. პოლონეთის არმიის ზოგიერთი ქართველი კონტრაქტის ოფიცრის ბიოგრაფია : რომან გველესიანი // ქართველები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი. - თბილისი, 2008. - გვ. 188-191.


გააზიარე: