The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მოსე შანიძე

მოსე შანიძე
სხვა სახელი:გიორგი უოლტონი  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1885
გარდაცვ. თარიღი:25 ოქტომბერი, 1951  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლოს–ანჯელესის სასაფლაო, აშშ
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

ცნობილი ენათმეცნიერის, აკადემიკოს აკაკი შანიძის უფროსი ძმა, მოსე შანიძე დაიბადა 1885 წლის 19 სექტემბერს, საჯავახოში, სოფელ ნოღაში. მამა -  გაბრიელ ოქროპირის ძე შანიძე მედავითნე იყო და სოფლის მეურნეობას მისდევდა, დედა, ეფიზო (ეფემია) იობის ასული შარაშენიძე კი — დიასახლისი. წყვილს ხუთი შვილი ეყოლა: ნოე, მელქისედეკ, მოსე, აკაკი და თეოლინე.

სოფელი ნოღა ორ ნაწილად იყოფოდა. გაბრიელ შანიძის სახლი  მდინარე ხევისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა და სოფლის ეს ნაწილი ოზურგეთის მაზრაში შედიოდა. ამიტომ უფროსი ვაჟები  ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდნენ. პატარა აკაკიმ კი, სანამ სამრევლო სკოლაში შევიდოდა, ძმებისგან ისწავლა წერა-კითხვა.

გაბრიელ შანიძემ იცოდა სწავლის ფასი და დიდი წვალებით შვილებს იმაზე მეტი განათლება მიაღებინა, ვიდრე ეს ეკონომიური მდგომარეობის კვალობაზე შეეძლო. ბავშვები პატარები იყვნენ, როცა მშობლები იძულებული გამხდარან ოდა-სახლი გაეყიდათ და შვილებთან ერთად შვიდი წელი ისლით დახურულ უსარკმლო, მიწისიატაკიან ე. წ. „სამზადში“ ეცხოვრათ. ვაჟები დედ-მამას ყანაშიც ეხმარებოდნენ და ბეჯითადაც სწავლობდნენ.

მოსე შანიძე მეცნიერი გახლდათ, სახელმწიფო­ სამართლის პირველი სპეციალისტი საქართველოში. მან ოქროს მედალზე დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1909 წლის ქართული გაზეთები გვატყობინებდნენ, რომ ყაზანის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი მოსე შანიძე უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიას ოქროს მედლით დაუჯილდოვებია ნაშრრომისათვის - „რუსეთის ცენზურის ისტორია“.

მოსე შანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული­ ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანია. იგი, როგორც კათედრის მომავალი გამგე, 1920 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში მიავლინეს. იქ ეუფლებოდა იურიდიულ მეცნიერებასა და სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზის მეთოდებს. იქვე დაასრულა ფრაიბურგის ქიმიის ინსტიტუტი.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ მოსე სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. აკაკი შანიძე უკანასკნელად შეხვდა ძმას 1928 წელს, ბერლინში ყოფნისას. შემორჩენილია ამ შეხვედრის ამსახველი ფოტოები და აკაკის ქალიშვილის, მზექალა შანიძის მოგონება მათი საუბრის შესახებ, - „მამამ სთხოვა ძმას, დაბრუნდი, ქართულ უნივერსიტეტს სჭირდებიო. მოსეს კი უთქვამს: მე სახელმწიფო სამართლის სპეციალისტი ვარ და იმ სახელმ­წიფოს, რომელსაც თქვენ აშენებთ, სახელმწიფო სამართალი არც აქვს და არც სჭირდებაო“.

მოსე შანიძემ ბრწყინვალედ იცოდა ფრანგული, გერმანული, ინგლისური და რუსული ენები. ემიგრაციაში მან სახელი შეიცვალა და გიორგი უოლტონად (Walton) იწოდებოდა. ეს ალბათ აუცილებელი იყო, რათა საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრები რეპრესიებისგან ეხსნა. ცხოვრობდა ამერიკაში. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა სათვისტომოს ღონისძიებებში, იყო მომღერალთა გუნდის ლოტბარი. აქვე გარდაიცვალა 1951 წლის 25 ოქტომბერს. დაკრძალულია ლოს-ანჯელესის სასაფლაოზე მეუღლესთან, ოლღა შანიძე-უოლტონთან (1885-1958) ერთად.

წყარო:

1. https://www.kvirispalitra.ge/.../29027-dakarguli-saflavebis-sia-yuradghebith-tsaikithkh..

2. როგორც ყაზანიდგან გვატყობინებენ... // სახალხო გაზეთი. - 1909.-15 ნოემბერი. - N14. - გვ.4. - ახალი ამბები;

3. ჯილდო // მომავალი. - 1909.-20 ნოემბერი. - N71. - გვ.3. - ა


გააზიარე: