The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სოფიო პატარაია

სოფიო პატარაია
დაბადების თარიღი:1982  (42 წლის)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

ქართველ ფიზიკოსთა ძალიან დიდი ნაწილი მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებში მოღვაწეობს. სწორედ ამ ინსტიტუტების სახელით მონაწილეობენ ისინი შვეიცარიაში მდებარე ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრში (CERN) მიმდინარე კვლევებში. ასეთ მეცნიერთა რიცხვს განეკუთნება სოფიო პატარაია. იგი მსოფლიო ექსპერიმენტში გერმანიიდან მოხვდა.

სოფიო პატარაია 1982 წელს დაიბადა. მამა ფიზიკოსი ჰყავს, დედა - ეკონომისტი. დაამთავრა თბილისის მე-5 გიმნაზია და ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (2005 წ.).

უნივერსიტეტის მაგისტრატურა სოფიომ ატომური და ბირთვული ფიზიკის განხრით გაიარა. აქვე აპირებდა სწავლის გაგრძელებას, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან იმ წელს უნივერსიტეტის ასპირანტურაში მიღება არ იყო. ისე დაემთხვა, რომ სწორედ ამ დროს გაემგზავრა რომში, ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც უცხოელი კოლეგებისგან შეიტყო, რომ არსებობდა მაქს პლანკის საზოგადოების სტიპენდია. განაცხადის შეტანისა და კონკურსის გავლის შემდეგ ახალგაზრდა ფიზიკოსი მიიწვიეს მიუნხენში, მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტში.

გერმანიაში სოფიო სამწელიწად-ნახევარი სწავლობდა (2006-2009). დოქტორის ხარისხი მიიღო მაქს პლანკის ინსტიტუტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. შემდეგ კვლავ წარმატებით გაიარა კონკურსი და  სამუშაოდ უკვე თავად აირჩია  მიუნხენი. ამავე დროს იყო ასოცირებული მკლევარი გერმანიის ქალაქ ვუპერტალის უნივერსიტეტში.

თუმცა, რადგან “ატლასის” ექსპერიმენტი მსოფლიოში ასე აქტუალურია, გადაწყვიტა იქ დაეწყო მუშაობა. ამ პერიოდში ხშირად ჩადიოდა ჟენევაში რამდენიმედღიანი სამუშაო მივლინებით.

2009 წელს სოფიო პატარაიამ დისერტაცია დაიცვა ტოპკვარცების წარმოქმნის სიხშირეზე, ხოლო, დოქტორანტურის გავლის შემდეგ მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა ვისკონტინის უნივერსიტეტში, რომელიც მთლიანად CERN-შია.

2006-2019 წლებში სოფიო, როგორც ასოცირებული მკლევარი მუშაობდა ატლასის ექსპერიმენტზე - იკვლევდა ფიზიკის ნიშნებს, „სტანდარტ მოდელს“ და მის ორ ყველაზე მასიურ წარმომადგენელს Top Quark-ს და Higgs Boson-ს.

CERN-ში  მოღვაწეობის პერიოდში სოფიო პატარაია იყო სტატისტიკური კომიტეტის წევრი. მის მოვალეობაში შედიოდა ATLAS კოლაბორაციისთვის  (3000-მდე წევრია კოლაბორაციაში) სტატიების შემოწმება, გამართვა და რეკომენდაციების მიცემა, ასევე სტატისტიკური ანალიზის software კორდინაცია. CERN-ში  მუშაობის13 წლის განმავლობაში დაწერილი აქვს ოცდაათამდე სტატია.

2018 წლის 1 მარტიდან  ქართველი მეცნიერი მოღვაწეობდა მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტში (გერმანია) და ამავე დროს იყო ATLAS-ის ექსპერიმენტის მკვლევარი CERN-ში. იმ პერიოდში ცხოვრობდა შვეიცარიის დედაქალაქ ჟენევაში.

2019 წლიდან სოფიო არის მკლევარი- მეცნიერი ნიდერლანდებში მდებარე, ევროპის კოსმოსურ სააგენტოში (ESA), სადაც ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობს - სატელიტებისთვის წყალბადის ატომური საათების ტექნოლოგიების განვითარება და დახვეწა (research and development of Atomic clocks for Galileo satelites).

ქართველი მეცნიერი ამჟამად ჰააგაში ცხოვრობს. დაოჯახებულია. მომავალი მეუღლე მიუნხენში, დოქტურანტურაში სწავლის დროს გაიცნო. 2012 წელს დაქორწინდნენ. იგი წარმოშობით უკრაინელია და ჰააგაში სხვადასხვა საინჟინრო პროექტებზე მუშაობს.

წყარო:

1mastsavlebeli.ge/?p=3525

2. ქართველ ფიზიკოსთა გზა უნივერსიტეტიდან CERN-ამდე // თსუ მეცნიერება : სამეცნიერო პოპულარული ჟურნალი / თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. - თბილისი, 2011. - დეკემბერი. - N1. - გვ.20-25.

3. ადვაძე რუსუდან. სოფიო პატარაია კოსმონავტებს საათებს უმზადებს // სარკე. – 2021. - #39. გვ. 6-8.


გააზიარე: