The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გია მახათაძე

დაბადების თარიღი:1964  (60 წლის)
კატეგორია:მეცნიერი

ბიოგრაფია

ბიოფიზიკოსი გია მახათაძე სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მეცნიერია, რომლის მოღვაწეობაც მაღალი ციტირების ინდექსით გამოირჩევა (ციტირების ინდექსი 4000-ზე მეტია). მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ბიოფიზიკის მიმართულებით. 1991 წელს კი - ცილის ინსტიტუტის ასპირანტურა მოსკოვში და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1999 წლიდან გია მახათაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს. იგი იყო ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბიოფიზიკური კვლევებისა და მაკრომოლეკულების ინსტიტუტის სტაჟიორი, ტეხასის უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, შემდეგ - ასოცირებული პროფესორი.

გია მახათაძე მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებაში მუშაობს - ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, გენეტიკაში, გამოყენებით მათემატიკაში; კომპიუტერულ გათვლებს კი ამერიკის საუკეთესო ლაბორატორიებში აკეთებს.

ბატონი გია სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითად მიმართულებად ბიოტექნოლოგიას მიიჩნევს: „ჩემი ინტერესების სფეროა ცილის დიზაინი და ფუნდამენტალური კანონების დადგენა ბიოლოგიური ტექნოლოგიის განვითარებისთვის. ეს ტექნოლოგია გამოიყენება ფართო მოხმარების სფეროში - ეს იქნება ახალი წამალი, ახალი ფერმენტი ან წვენებისთვის შაქრის გადამუშავება. ჩვენ ცილას ვუტარებთ კომპიუტერულ მოდიფიკაციას, რომ ყველა ატმოსფერულ ტემპერატურაზე სტაბილური გახდეს. ასევე ვმუშაობ სამკურნალწამლო საშუალებათა შენახვის ტექნოლოგიებზე“, - აღნიშნავს  მეცნიერი. 

1999-2003 წლებში გია მახათაძე იყო პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით, შემდეგ გახდა იმავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

2007 წელს პროფესორი გია მახათაძე ნიუ იორკის ყველაზე ძველი პოლიტექნიკური ინსტიტუტის სუპერპროფესორად (Distinguished პროფესორი) მიიწვიეს. მან იმავე წელს მიიღო Mars exploration programme-ის Nasa-ს გრანტი, რომელიც პლანეტა მარსის გამოკვლევას აფინანსებს. მანამდე ასეთი გრანტი არცერთ ქართველ მეცნიერს არ

მიუღია.

2007 წელს გია მახათაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ხუბუას მოწვევით სამშობლოშიც ჩაატარა რამდენიმე ლექცია. მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი ნოდარ სურგულაძე მას ივანე ჯავახიშვილისა და პეტრე მელიქიშვილის პირდაპირ მემკვიდრედ მოიხსენიებს, რადგან, მათ მსგავსად, ბატონმა გიამაც ამერიკაში ქართველებისთვის მთელი სკოლა შექმნა  და ეს სკოლა 15-მდე მეცნიერმა გაიარა.

გია მახათაძემ ჯერ კიდევ ლაბოკში, ტეხასის უნივერსიტეტში მუშაობისას ჩაუყარა  საფუძველი ქართველთა სათვისტომოს, რომელშიც 1999-2003 წლებში უკვე 11 ადამიანი იყო გაერთიანებული. ეს დიასპორა კიდევ უფრო გაიზარდა პენსილვანიის უნივერსიტეტის ჰერშის კოლეჯში, სადაც ბატონი გია უკვე ასოცირებული პროფესორის რანგში მოღვაწეობდა. მისი მოსწავლეები იყვნენ: ვახტანგ ლოლაძე, ნოდარ სურგულაძე, ვეფხია გილაური, ანზორ გვრიტიშვილი, პაპუნა კოტორაშვილი და ამერიკაში უკვე კარგად ცნობილი სხვა მეცნიერები.

გია მახათაძე არის რამდენიმე დიდი სამეცნიერო გამოცემის რადაქტორი და საგრანტო ორგანიზაციის წევრი. არჩეულია აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფინდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. მონაწილეობს ამერიკის ყოველწლიური სამეცნიერო ბიუჯეტის განსაზღვრაში.  

ქართველი მეცნიერი დაოჯახებულია. ჰყავს ესპანელი მეუღლე და ორი ვაჟი.

წყარო: 

1. მეცნიერების რა ბირთვს ეფუძნება დღეს პირველი ქართული უნივერსიტეტის სახელი; მოამზადეს მ.ტორაძემ, შ.ბეროშვილმა, ნ.ობოლაძემ // თბილისის უნივერსიტეტი. - 2010. - 8 თებერვალი.- N1.- გვ.13-14

2. მახათაძე, გია. ამერიკაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი პლანეტა მარსის გამოკვლევას იწყებს : ინტერვიუ / გ.მახათაძე ; ჩაიწერა მ.ტორაძემ // თბილისის უნივერსიტეტი. - , 2007. - 28 მაისი. - N14. - გვ.8





გააზიარე: