The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ირაკლი შარაძე

ირაკლი შარაძე
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ნიჭიერი პიანისტი და კომპოზიტორი ირაკლი შარაძე აჭარის მკვიდრია. 12 წლამდე ქედაში იზრდებოდა და 1990-იან წლებში, ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში ფორტეპიანოს გაკვეთილებზე იქიდან ჩადიოდა ბათუმში. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ პირველ კონკურსში არ მიიღო მონაწილეობა. ეს იყო დავით ტურიაშვილის სახელობის პიანისტთა კონკურსი, სადაც ლაურეატის წოდება და პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა.

ბათუმში ირაკლი, თავდაპირველად, სწავლობდა რევაზ ლაღიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში, შემდეგ ოთხი წელი - მუსიკალურ კოლეჯში, საფორტეპიანო განყოფილებაზე (ლიანა მელიას კლასში). სასწავლებელში მისი ძირითადი მიმართულება კლასიკა იყო, მაგრამ სწავლის პერიოდში ქართულმა ნაციონალურმა ფოლკლორმა და კომპოზიციამ გაიტაცა. ძველი, მივიწყებული სიმღერების მოძიებისა და აღდგენის მიზნით ხშირად ჩადიოდა სოფლებში, კოლეჯის დამთავრების შემდგომ კი ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ეთნო-მუსიკოლოგია–კომპოზიციის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

ირაკლი შარაძე კონსერვატორიაში სწავლის პირველივე წელს მიიწვიეს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში ორკესტრის მუსიკოსად, სადაც ათი წელი მოღვაწეობდა. აქედან ოთხი წელი ამავე ორკესტრის ხელძღვანელი გახლდათ. პირველად აქ მიეცა საშუალება დიდ ბენდში ძველი ფოლკლორული ელემენტები გაეცოცხლებინა და ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკის სინთეზზე ემუშავა. მისი ინიციატივით ორკესტრს დაემატა ბას-გიტარა, სინთეზატორი...  მუსიკოსებს წარმატებული გამოსვლები ჰქონდათ ევროპის მრავალ ქვეყანაში - თურქეთი, სომხეთი, იტალია, ესპანეთი, მონაკო, გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, სირია და სხვა.

2013 წელს ირაკლი შარაძემ ამერიკაში მოღვაწე პიანისტსა  და კომპოზიტორ ლევან შენგელიასთან ერთად დაუკრა ბათუმში, ექსპერიმენტულ კონცერტზე. მათი ერთობლივი გამოსვლა წარმოადგენდა კლასიკური მუსიკისა და ფოლკლორის სინთეზს. ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა. ამერიკაში დაბრუნებულმა ლევან შენგელიამ ირაკლი მიიწვია ნიუ-იორკში, ამერიკასა და კანადაში ერთადერთი ქართული გამომცემლობა „მამულის“ 10 წლის იუბილეზე. მუსიკოსები მსმენელის წინაშე წარდგნენ 30-წუთიანი ორი ფორტეპიანოს დუეტით, რაც მთლიანად ქართული კინო-მუსიკითა და რეტრო-სიმღერებით იყო შედგენილი. ამგვარი პროგრამა ძალიან ემოციური აღმოჩნდა ნიუ-იორკში მცხოვრები ქართული ემიგრაციისთვის და დუეტს დიდი წარმატება და სიყვარული ხვდა წილად.

საქართველოში დაბრუნებულმა ირაკლი შარაძემ ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობა განაგრძო - ანსამბლში მუშაობასთან პარალელურად უკრავდა რუსუდან ფეტვიაშვილის გალერეა არტ-კაფეში, მართავდა მუსიკალურ საღამოებს ზამთრის ბაღში „ბაკურიანი“, ასევე იყო ქედის კულტურის ცენტრის ფოლკ-ბენდის ხელმძღვანელი და ანსამბლ „ხორუმის“ ორკესტრის მუსიკოსი.

2014 წელს აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა ირაკლი შარაძეს „ექსტრაორდინარის“ სტატუსი დაუმტკიცა. ამის საფუძველზე იმავე წლის 22 აგვისტოს ქართველმა მუსიკოსმა ფეხმძიმე მეუღლესა და ერთი წლის შვილთან ერთად დატოვა საქართველო და უცხო ქვეყნის მეგაპოლისში სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო.

ამერიკული ცხოვრების დასაწყისი ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, თუმცა ქართველი მეგობრების დახმარებით წარმატებაც მალე მოვიდა. მომღერალ ნინი შერმადინთან ერთად ირაკლი გამოვიდა გერშვინის სახელობის მეორე მსოფლიო საერთაშორისო კონკურსზე, სადაც ნინიმ წლის საუკეთესო პოპ-მომღერლის სტატუსი მიიღო, ხოლო ირაკლი შარაძე აკომპანემენტის გამო აღიარეს საუკეთესოდ. ამავე კონკურსში მან მიიღო სპეციალური დიპლომი ფონდ ბაგრატიონისგან, კონკურსის შემდეგ კი ნიუ-ჯერსის შტატის მუსიკალური ხელოვნების აკადემიაში მიიწვიეს და დღემდე იქ მუშაობს ფორტეპიანოს ინსტრუქტორად.

აკადემიაში მუშაობასთან ერთად ირაკლი შარაძე  უკრავდა - ქართულ რესტორან "კავკასიონში", ასევე, მანჰეტენზე მდებარე რესტორნებში "რუსული სამოვარი" და "Red Compass". პარალელურად მუსიკალურ საღამოებს მართავდა სტეიტენ აილენდზე რესტორან "Gatsby's On The Bay"-ში. 2016 წელს იგი მოხვდა ამერიკაში წარმატებით მოღვაწე 15 ქართველს შორის და განსაკუთრებული ჯილდო დაიმსახურა ყოველწლიურ ქართულ-ამერიკულ ფესტივალზე.
ირაკლი შარაძეს ჰყავს თავისი ბენდი, რომელიც ქართველი მუსიკოსებისგან შედგება და აშშ-ის სხვადასხვა სცენაზე წარმატებით გამოდის. ირაკლი პოპულარიზაციას უწევს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს და თავადაც წერს მუსიკას.

მიუხედავად წარმატებული ამერიკული ცხოვრებისა, მუსიკოსს საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. 2018 წლის აგვისტოში მან ბათუმის „შერატონში“ ჩაატარა გრანდიოზული კონცერტი, სახელწოდებით „ირაკლი შარაძე და მეგობრები“.

 ირაკლი შარაძის მეუღლე ნატო შავიშვილი მისი ბავშვობის მეგობარია. მათ ორი შვილი ჰყავთ - ნინო და შოთიკო.

„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ჩემი მოღვაწეობა წარმატებულია, მე მაინც ყოველ წუთს ჩემი საქართველო, ჩემი აჭარა, ბათუმი და ჩემი ხალხი მენატრება. ქართული სიტკბო და სიყვარული მაინც სულ სხვაა...“, - ამბობს ირაკლი შარაძე.

წყარო:

1. https://sputnik-georgia.com/people/20181107/242835407/irakli-sharadze.html 

2. https://goga.tv/126520-ra-enatreba-yvelaze-metad-maestro-irakli-sharadzes-amerikash...

3. gazetiajara.ge/2018/09/10/ირაკლი-შარაძე-იქ-დრო-ყველ/

 

 

 

 


გააზიარე: