The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გუკა თავბერიძე

გუკა თავბერიძე
დაბადების თარიღი:1988  (36 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

Savse - ასე ეწოდება გუკა თავბერიძის მიერ დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ კომპანიას, რომელიც „ბიბისის“ ინფორმაციით, ყველაზე სწრაფად მზარდი ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანიაა ქვეყანაში. 

გუკა საქართველოდან 7 წლის ასაკში წავიდა დედასა და ორ მცირეწლოვან დასთან ერთად. დედამ შეძლო და თავადაც ისწავლა და შვილებიც ფეხზე დააყენა. გუკამ ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩააბარა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ ეს არ იყო მისი მოწოდება, სწავლას თავი დაანება და სამსახურის ძებნა დაიწყო. მისთვის წარმატებული გამოდგა ერთ-ერთ გლობალურ კომპანიაში მუშაობა გაყიდვების მენეჯერად. საქმე საუცხოოდ გამოსდიოდა და მაღალი ანაზღაურებაც ჰქონდა, თუმცა ხუთი წლის შემდეგ აქედანაც წამოვიდა, რათა საკუთარი ბიზნესი დაეწყო. “რაღაც მომენტში მივხვდი, რომ აღარ მინდოდა სხვისი [დამქირავებლის] გეგმების ნაწილი ვყოფილიყავი. მომინდა, საკუთარი გეგმები და საკუთარი ოცნებები განმეხორციელებინა, ამიტომაც დავტოვე ძალიან კარგად ანაზღაურებული სამსახური და დავფიქრდი, რა იყო ის, რის კეთებაც სიამოვნებასა და დამოუკიდებლობას მომანიჭებდა”, – იხსენებს გუკა თავბერიძე.

როგორც BBC-ს გადაცემაში სტუმრობისას გუკა თავბერიძემ აღნიშნა, ნატურალური წვენს დედის რეცეპტით ამზადებს: „30 წლის წინ, დედაჩემს, ნინას, ფეხმძიმობის დროს რკინის ნაკლებობა აღმოაჩნდა, რის გამოც ექიმმა ისპანახის და ვაშლის წვენის მიღება ურჩია. ისპანახის გემოს გაბათილების მიზნით, ნინამ სხვადასხვა ხილის შერევა დაიწყო, შედეგად კი ძალიან გემრიელი და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სასმელი მიიღო, რომელიც მთელი ოჯახის საყვარელ სასმელად იქცა და დღემდე ჩვენი ყოველდღიური რაციონის შემადგენელი ნაწილია“, - ამბობს ქართველი ბიზნესმენი.

წვენების წარმოების ბიზნესზე ფიქრი გუკა თავბერიძემ 2011 წელს დაიწყო. უპირველეს ყოვლისა, გაიარა ბიზნეს კურსები, წაიკითხა უამრავი წიგნი, მიიღო რჩევები გამოცდილი მეწარმეებისგან და უამრავი სირთულის დაძლევის შემდეგ იპოვა სპონსორი, რომელმაც მის ბიზნესში 100 000 ფუნტი ჩადო. „იყო დღეები, როცა მიფიქრია რომ ძალიან რთულ საქმეს შევეჭიდე და რომ მეტი ბრძოლის უნარი აღარ შემწევდა, მაგრამ ასეთ დროს საკუთარ თავს ვახსენებდი, რომ დაბრკოლება დროებითი იყო, ხოლო ოცნებებზე უარის თქმით გამოწვეული სინანული სამუდამო იქნებოდა“, - აღნიშნავს გუკა.

პროექტი ბაზარზე იდეის გაჩენიდან დაახლოებით 15 თვეში განხორციელდა. ეს იყო 2013 წლის იანვარში. „პირველივე წუთებიდან მჯეროდა, რომ შევძლებდი წარმატებული ბრენდის შექმნას, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა ბაზარზე უკვე არსებულ მსგავს პროდუქციას. სახელი ქართული შევურჩიეთ: “სავსე” – რადგან ეს არის პროდუქტი, სავსე ვიტამინებით და ბუნებრივი ინგრედიენტებით“, - გვიმხელს ახალგაზრდა ბიზნესმენი.

დღეს ბრიტანეთის წვენებით გაჯერებულ ბაზარზე “სავსე” ერთადერთი გამაგრილებელი სასმელია, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის ნაზავს შეიცავს, ამასთან გამოყენებულია სულ ახალი ტექნოლოგია – ცივი პასტერიზაცია, რათა შენარჩუნებული იქნას გემო, ვიტამინები და მინერალები, რომელიც როგორ წესი დუღილით პასტერიზაციის დროს იკარგება. „სავსეს“ ეტიკეტის დიზაინიც კრეატიულია და განსაკუთრებლი სიზუსტით გადმოსცემს მთავარ შეტყობინებას: პროდუქტი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა!

გუკას აზრით „სავსეს“ წარმატება მეტწილად იმან განაპირობა, რომ კომპანიამ უარი თქვა შაქრის გამოყენებაზე და წვენებს მხოლოდ ნატურალური ხილისგან ამზადებდა. 
მაგრამ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება ერთია, მისი რეალიზაცია კი – მეორე.  საჭირო იყო სწორი ქსელის მოძებნა, რომელიც Savse-ს ექსკლუზიურად გაავრცელებდა. გუკა აქაც წარმატებული აღმოჩნდა. მისი ბრძოლისუნარიანობისა და დაუღალავი შრომის  წყალობით დღეს ეს წვენები 20 000-მდე მაღაზიაში იყიდება, მათ შორის ბრიტანეთის ისეთ პოპულარულ მაღაზიათა ქსელში, როგორიც არის: “Selfridges”, “Boots”, “Waitrose”, “Sainsbury”, “The co-operative food”, “Planet organic” და ა.შ.

გუკა თავბერიძის Savse -ს შესახებ ჯერ კიდევ 2014 წელს წერდა ამერიკული Forbes-ი, როდესაც ქართველი ბიზნესმენის წამოწყებას ბრიტანეთის ბაზარზე არსებულ შვიდ ყველაზე პერსპექტიულ სტარტაპს შორის ასახელებდა.

კომპანია „სავსე“ 2016 წელს £22,5 მილიონად შეაფასეს და მისი ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება. წლიური მოგება სამ წელიწადში 13 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, 2017 წელს ორ მილიონამდე იყო შემოსავალი, 2018 წელს კი 5.5 მილიონს ელოდებიან. ახალგაზრდა ბიზნესმენი გეგმავს, მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე ბრუნვა 200 მილიონამდე გაზარდოს.

გუკა თავბერიძე წარმოშობით ჩოხატაურიდანაა. მისი ნათესავები დღესაც იქ  ცხოვრობენ. საქართველო ძალიან უყვარს, ჰყავს მეგობრები და უახლოესი ადამიანები. ახალგაზრდა ბიზნესმენი ცდილობს სამშობლოში ყოველი ჩამოსვლისას დახმარება გაუწიოს დამწყებ მეწარმეებს. 2017 წელს მან პროექტ Startup Beats-ის ფარგლებში წაიკითხ ალექცია და თანამემამულეებს გააცნო თავისი მიღწევები და გამოცდილება. პროექტის მიზანია საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა.

წყარო:

1. forbes.ge/news/1741/ocnebiT-savse

2. https://www.marketer.ge/savse/

3. www.okmagazine.ge/index.php/.../6...06.../5600-guka-thavberidzis-savse-biznesi


გააზიარე: