The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


მათე გიორგის ძე კერესელიძე

მათე გიორგის ძე კერესელიძე
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1970  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვეზინეს სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მათე კერესელიძის ვაჟები, ლეო და გიორგი,  ემიგრაციაში მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოჩნდნენ. 1906 წელს ცარიზმისგან დევნილმა ლეო კერესელიძემ საფრანგეთს, შემდეგ კი შვეიცარიას, შეაფარა თავი. აპრილის თვეში კი მას ძმაც შეუერთდა მეუღლესა და 3 თვის ვაჟთან ერთად. გიორგი დაქორწინებული იყო თამარ ირაკლის ასულ ციციშვილზე. მათი უფროსი შვილი, მათე, საქართველოში დაიბადა, უმცროსი, ლეო (ლულუ, 1908-1979) კი ჟენევაში ეყოლათ.

მეორე მსოფლიო ომის დროს ქართული ემიგრაცია ორ ბანაკად გაიყო: ნაწილი ანტიგერმანულ ბანაკში აღმოჩნდა, ნაწილმა კი საქართველოს გათავისუფლება ომში გერმანიის გამარჯვებას დაუკავშირა. ამიტომ გადაწყდა გერმანულ ჯარში კავკასიელი და ქართველი ემიგრანტებისა და ტყვეებისაგან ბატალიონების ჩამოყალიბება. გერმანიის კავკასიაში შემოსვლისთანავე საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. ქართული სამხედრო ნაწილები, გერმანულ ჯართან ერთად, წესრიგსა და საზღვრებს დაიცავდნენ, შემდეგ კი მომავალი არმიის ბირთვი გახდებოდნენ. ამ გეგმას ქართველთაგან ბევრი იზიარებდა.

საერთო მიზნის მისაღწევად და რუსეთის სივრციდან საქართველოს გამოსახსნელად წარმართულ ბრძოლებში ძმებმა იმთავითვე ჩართეს თავიანთი შვილები. ლეო კერესელიძემ ბავშვობიდანვე თანამებრძოლად გაიხადა ერთადერთი ასული, მარიამი, რომელიც მამის მრავალ დავალებათა პირნათლად შემსრულებელი გახლდათ. ასევე იყო გიორგის უფროსი ვაჟი მათე კერესელიძე.

მიხეილ კედიას შუამავლობით ემიგრანტებისაგან შექმნილ ნაწილებში მრავალი მოხალისე ჩაეწერა. ვერმახტის ეფრეიტორი მათე კერესელიძე (ფსევდონიმი „კერესი“) საჰაერო-სადესანტო ნაწილის „თამარ პირველის“ შემადგენლობაში ირიცხებოდა. ჯგუფს ქალაქ ორლეანთან მდებარე სადაზვერვო სკოლაში წვრთნიდნენ, როგორც პარტიზანულ რაზმს. ასწავლიდნენ აფთიაქში ნაყიდი წამლებით ბომბების დამზადებას, კავშირგაბმულობას, რუკების კითხვას, ორიენტირებას და ა.შ. 

კავკასიაში გადმოსასროლად საგანგებოდ გაიწვრთნა პარაშუტისტთა ჯგუფიც ქართველ მედესანტეთა - შოთა თაქთაქიშვილის, ალექსანდრე სულხანიშვილის, გიორგი თუხარელის, ფაშალიშვილისა და სხვათა შემადგენლობით. მათ მომზადება შტეტინში გაიარეს მიულერის ხელმძღვანელობით.

1942 წლის ზაფხულში „დივერსანტ-პარაშუტისტთა“ ჯგუფთან ერთად საქართველოში გადაიყვანეს მათე კერესელიძეც. მასთან ერთად ყოფილან: დათიკო ხარისჭილაშვილი, მიხეილ ბურძგლა, შალიკო მაღლაკელიძე, კუკური ქოჩაკიძე და ალექსანდრე კანკავა. „ერთ უკუნეთ ღამეში  ყველანი პლანერებით გადაგვისროლეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში“, - ვკითხულობთ მათე კერესელიძის მოგონებებში.

სადესანტო ჯგუფის ნაწილი სმოლენსკთან გადასვეს. მათგან თითქმის ყველა შეიპყრეს და დახვრიტეს. 

„დივერსანტ-პარაშუტისტებს“ საქართველოს შინსახკომი სასტიკად გაუსწორდა.

მათთან ერთად ყოფილან გერმანელი ინსტრუქტორები, რომლებიც ხეებზე უპოვიათ დახვრეტილები. „ალექსანდრე კანკავას თურქეთის საზღვრებისკენ მოუხერხებია გაქცევა, შალიკო მაღლაკელიძე კი თითქოს ჩაუქვავებიათ და ისე მოუკლავთ. დანარჩენები სხვადასხვა კუთხეში ტყეებში დაუხოციათ“. - ვკითხულობთ მათე კერესელიძის მემუარებში.

თავად მათე ცაგერის რაიონში უთანასწორო ბრძოლაში დაიჭრა და რუსეთის საპყრობილეში გატარებული 15-წლიანი ტყვეობის შემდეგ დაუბრუნდა მამასა და ცოლ-შვილს. მისი მეუღლე იყო მარია (მაია) დრუჟინინა, ჰყავდათ ერთადერთი შვილი – ნინო კერესელიძე-ბადუალი (1936).

მათე კერესელიძე 1970 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ვეზინეს სასაფლაოზე. გიორგი კერესელიძის მეორე ვაჟი, ლეო (ლულუ) კერესელიძე (1908-1979), საფრანგეთის უცხოური ლეგიონის წევრი იყო.

წყარო:

1. მარჯანიშვილი მარიამ. „თეთრი გიორგანელის“ უცნობი წერილები (გიორგი კერესელიძის ეპისტოლეების მიხედვით) // ისტორიანი. – 2018. - #93, #94

2. გოგიშვილი, კახა. "თამარ I"-ის ჩამოცვენილი არწივები // ქართული / გერმანიის ქართული სათვისტომო. - თბილისი, 2012. - იანვარი-თებერვალი. - N1(38). - გვ.16-22

3.ცომაია, გიორგი. პირველი ქართული სპეციალური დანიშნულების რაზმი // არსენალი : სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი. - თბილისი, 2012. - 17-30 აგვისტო. - N17(164). - გვ.36-38.


გააზიარე: