The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


აპოლონ თენგიზის ძე მესხი

აპოლონ თენგიზის ძე მესხი
დაბადების თარიღი:195?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

მეან- გინეკოლოგი აპოლონ მესხი ექიმების ოჯახიდანაა. მეან-გინეკოლოგი იყო მისი ბაბუაც, აპოლონ ისაკის ძე მესხი.  მან 1919 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და წლების მანძილზე რუსეთში მოღვაწეობდა. შემდეგ კი ქუთაისის I სამშობიარო სახლის გინეკოლოგიური განყოფილების გამგე გახლდათ. მას ეკუთვნის მთელი რიგი შრომები მეან-გინეკოლოგიაში. ექიმები იყვნენ აპოლონის მშობლებიც - თენგიზ მესხი და მზია იაშვილი.

აპოლონ მესხმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1975-1982); კლინიკური ორდინატურა გაიარა ჩაჩავას სახელობის მეანობა-გინეკოლოგიისა და პერინატოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (1982-1984); 1985-1988 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში მოსკოვის სამედიცინო-სტომატოლოგიური ინსტიტუტის  სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა გინეკოლოგიის კათედრაზე და 1989 წელს აქვე დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდების მოსაპოვებლად; 1988-1992 წლებში აპოლონ მესხი მსახურობდა ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად.

1992 წლიდან აპოლონ მესხი 24 წლის მანძილზე ცხოვრობდა და საქმიანობდა დიდ ბრიტანეთში. როგორც თავად ამბობს, ბრიტანეთში მისი გამგზავრების მიზეზი პროფესიული ზრდის სურვილი იყო. 1992-2000 წლებში მან გაიარა  სრული (9 წლიანი) პოსტდიპლომური ტრეინინგი მეანობასა და გინეკოლოგიაში მანჩესტერის საუნივერსიტეტო და რეგიონალურ ჰოსპიტლებში.

აღსანიშნავია ქართველი ექიმის პედაგოგიური მოღვაწეობაც. 2006 წლიდან ის არის დიდი ბრიტანეთის სამედიცინო პედაგოგიკის აკადემიის აკადემიკოსი; 1994-2016 წლებში იყო - მანჩესტერისა და ლიდსის უნივერსიტეტების პედაგოგი და კლინიკურ პრობლემებზე დაფუძნებული სწავლების მწვრთნელი; 2000-2016 წწ. - მანჩესტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საგამოცდო კომისიის წევრი მეანობასა და გინეკოლოგიაში; 2006 წ. - მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის პოსტდიპლომური კლინიკური დახელოვნების პროგრამის მწვრთნელი; 2013-2016 წწ.მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის ექიმთა განათლების ონ-ლაინ სასწავლო პროგრამის - StratOG-ს თანაავტორი.

1998 წლიდან აპოლონ მესხი არის მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის წევრი (ამჟამად - Fellow ). „მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯი“ არის საერთაშორისო აკადემიური ორგანიზაცია, რომლის შტაბბინა ლონდონშია და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქვს ფილიალები. კოლეჯს მსოფლიოს 79 ქვეყნიდან ჰყავს წევრები, მაგრამ არცერთი არ ყოფილა პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. პირველად მოხდა, რომ 1998 წლის მაისში, კოლეჯის პრეზიდიუმმა აღმოსავლეთ ევროპის, კერძოდ, საქართველოს წარმომადგენელი აირჩია თავის წევრად.

აპოლონ მესხის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:კლინიცისტი მეან-გინეკოლოგი სპეციალური ინტერესებით: 1. სამშობიარო ბლოკის მართვასა და ურგენტულ მეანობაში; 2. ლაპაროსკოპიულ და ჰისტეროსკოპიულ გინეკოლოგიაში;

3. ოფისის გინეკოლოგიაში; 4. ქალთა მენპაუზალურ ჯანმრთელობაში.

2006 წლიდან ქართველი ექიმი გახდა - კონსულტანტი მეან-გინეკოლოგი=Consultant Obstetrician and Gynaecologist at NHS  (დიდი ბრიტანეთის უმაღლესი რანგის კლინიცისტის წოდება); 2006-2012 წლებში იგი იყო რეგიონის (Wrightington, Wigan and Leigh) მთავარი მეანი.

წარსულში აპოლონ მესხი ბრიტანეთის მთელი რიგი პროფესიული საზოგადოებების წევრიც იყო (ბრიტანეთის კოლპოსკოპისტთა და ცერვიკალური პათოლოგიის საზოგადოება; სამეფო სამედიცინო საზოგადოება; ბრიტანეთის დირექტორთა ინსტიტუტი).

ქართველი მეან-გინეკოლოგის ბიოგრაფიული მონაცემები შეყვანილია ენციკლოპედიებში: ‘Marquis Who is Who“ და „Who is Who in 21 Century“. მიღწევებისთვის მას მიღებული აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიოგრაფიების კვლევების ცენტრის მედალი.

აპოლონ მესხს გამოქვეყნებული აქვს 23 სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი (ქართულ, რუსულ და საერთაშორისო გამოცემებში) და არის 2 წიგნის (პოსტდიპლომური საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი სახელმძღვანელოები) თანაავტორი (გამომცემელი - BIOS Scientific publishers Ltd. Oxford, Washigton DC), რომლებიც გამოქვეყნებულია 1999 და 2001 წლებში; 

აპოლონ მესხის მეუღლე, თინაც ექიმია. წყვილს ორი შვილი ჰყავს - ელენე და თენგო.

2016 წელს აპოლონ მესხი საქართველოში დაბრუნდა და განახლებულ ”ჟორდანიას კლინიკაში” მუშაობა გადაწყვიტა: „ჩემი საქართველოში მუშაობის მთავარი ამოცანა გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, განვითარება და დაგროვებული გამოცდილების გაზიარებაა,” - ამბობს ღვაწლმოსილი ექიმი.

 წყარო:

1. https://www.interpressnews.ge/.../426107-didi-britanetis-camqvani-mean-ginekologi-a...

2. https://geodoc.ge/doctors/Apolon-Meskhi

3. მესხი აპოლონ. ქართველი მეან-გინეკოლოგი, მრავალწლიანი ბრიტანული გამოცდილებით: ინტერვიუ // OK! საქართველო. თბილისი, 2017. ნოემბერი. N 40. გვ. 54-55

4. ანასაშვილი, მარადი. მსოფლიოს უდიდეს ექიმებს შორის: პირველი ქართველი - მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის წევრი // საქართველოს რესპუბლიკა. -  1998. - 3 ოქტომბერი. - N255 (2955). - 6 გვ.

 


გააზიარე: