The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


მაკო ზურაბის ას აბაშიძე

მაკო ზურაბის ას აბაშიძე
დაბადების თარიღი:1969  (50 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

მაკო აბაშიძე დაიბადა 1969 წელს, თბილისში. ხელოვანი მშობლების წყალობით, მისი ცხოვრება მუდმივად უკავშირდებოდა მოგზაურობას. მაკოს მამა - ზურაბ კიკალეიშვილი (აბაშიძე მეუღლის გვარია) ცნობილი ბალერონი იყო. ბალეტიდან წასვლის შემდეგ იგი საზღვარგარეთ მუშაობდა ქორეოგრაფად და ცეკვის პედაგოგად. მაკოც ოჯახთან ერთად გადადიოდა ერთი ქვეყნიდან მეორეში - სტოკჰოლმი, ტოკიო და ა. შ.

განათლებით მაკო აბაშიძე ფსიქოლოგია. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მუშაობდა კიდეც ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. დიდ ბრიტანეთში 1993 წელს გაემგზავრა, რისი მიზეზიც, როგორც თავად ამბობს, პროფესიული ზრდის სურვილი იყო.  

ლონდონი მაკოსთვის მეორე მშობლიური ქალაქია. თავიდან ინგლისური ენის ცოდნის გასაღრმავებლად, ენის შემსწავლელ ორთვიან კურსებზე ჩავიდა ამ ქალაქში. მაგრამ ისე მოხდა, რომ დღემდე იქ ცხოვრობს. ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობდა საგამომცემლო კომპანიაში, მიმტანადაც, მაღაზიაშიც, შემდეგ ოფისში და წამყვან კომპანიებში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე, თუმცა არც საქართველოსთან გაუწყვეტია კავშირი.

2007 წლის მარტში მაკო აბაშიძემ და ლორდ კრომველმა ლონდონში დაარსეს ბრიტანულ–ქართული სავაჭრო პალატა (BGCC). ეს არის არაპოლიტიკური, სავაჭრო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ბიზნესის განვითარებისა და კონტაქტების გაღრმავების ხელშეწყობა ბრიტანეთსა და საქართველოს შორის უმაღლეს დონეზე. მის დამფუძნებელ წევრებად არსებობის პირველივე დღიდან გვევლინებიან BP (ბრიტიშ პეტროლიუმი) და TBC ბანკი.

დღეს ბრიტანულ–ქართულ სავაჭრო პალატას 100–ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის წევრი ჰყავს, როგორც საქართველოს, ასევე ბრიტანეთის მხრიდან. პალატა ატარებს რეგულარულ ღონისძიებებს, ბიზნესფორუმებსა და გამოფენებს ბრიტანეთში, აქტიურად თანამშრომლობს ბრიტანეთისა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან. ორივე ქვეყნის ელჩი პალატის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

2014 წლის 1 აპრილს  ბრიტანეთ-საქართველოს სავაჭრო პალატამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.

2016 წელს თბილისში გაიხსნა ბრიტანულ–ქართული სავაჭრო პალატის წარმომადგენლობა. ლონდონსა და თბილისში არსებული ოფისებით BGCC პირველი ორმხრივი სავაჭრო პალატაა საქართველოსთვის.

BGCC -ის თბილისის ოფისის ერთ-ერთ უპირატეს მიმართულებას წარმოადგენს საგანმანათლებლო კურსი, რომელსაც სთავაზობენ მაღალი რანგის პროფესიონალებსა და ტოპ-მენეჯერებს. 

ბრიტანეთ-საქართველოს სავაჭრო პალატა აქტიურად მოღვაწეობს, როგორც საქართველოში, ასევე ლონდონში. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმიანობაა ქართული ღვინის პოპულარიზაცია ბრიტანეთში. ამ ხნის განმავლობაში არაერთი საჭირო და სასარგებლო პროექტი განხორციელდა ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, ტურიზმის ადმინისტრაციასთან და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

პალატას კარგი კონტაქტები აქვს ბრიტანეთის პრესასთან. სპეციალური პროგრამით საქართველოში რამდენჯერმე მოეწყო ბრიტანელი ჟურნალისტების მოგზაურობა, რომელიც ჩვენი ღვინის, ტურიზმის, კულინარიის, დიზაინის, კულტურული მემკვიდრეობის ადგილზე გაცნობასა და მერე ამ შთაბეჭდილებების ბრიტანელი მკითხველისთვის გაზიარებას ისახავს მიზნად.

განხორციელებული ბიზნეს და კულტურული პროექტებიდან ბევრის გახსენება შეიძლება, რომელიც საქართველოს უკეთ გაცნობასა და წარმოჩენას ემსახურება. რად ღირს, თუნდაც ყოველ წელს ლონდონის ცნობილ ღვინის ფესტივალ RAW-ში ქართველი მეღვინეებისა და მათ მიერ შექმნილი იშვიათი ღვინოების მონაწილეობა, ასევე ანსამბლების „რუსთავისა“ და „ურმულის“ კონცერტები ლონდონში, ქართველ მხატვართა მონაწილეობა სხვადასხვა თემატურ გამოფენაში. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ პალატის მიზანდასახულმა საქმიანობამ უამრავი მეგობრი და გულშემატკივრი შესძინა საქართველოს.

მაკო აბაშიძე საქართველოს საქმიან ქალთა გაერთიანების (UBL) ბორდის წევრი და ვიცე-პრეზიდენტია. ამავე დროს ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დირექტორია. მისი ინიციატივით 2017 წელს საქართველოში შედგა “Choice Hotel Group”-ის ვიზიტი საქართველოში. გარდა ამისა, იგი ბრიტანეთის ქართული დიასპორის აქტიური წევრია.

დღესდღეობით მაკო აბაშიძე საკმაოდ ცნობადი სახეა, როგორც დიდი-ბრიტანეთის, ასევე ქართულ ბიზნეს წრეებში. წარმატებული ბიზნეს საქმიანობის პარალელურად, ის არის დიდი ოჯახის დიასახლისი, ჰყავს 3 შვილი - გიგი, სანდრო და ნატალია და შვილიშვილები.

წყარო:

1. ubl.ge/ka/about-us/board-members

2. https://www.youtube.com/watch?v=QMKRblgHX2s

3. samshoblo.online/?newsid=1239

4. აბაშიძე, მაკო. ლონდონიდან ლონდონამდე / მაკო აბაშიძე ; ესაუბრა ქეთი მიქანაძე // ბომონდი. - თბილისი, 2008. - იანვარი. - N3. - გვ.37-39

5. ერისთავი, ესმა. ბრიტანულ-ქართული პალატის პრიორიტეტი - ქართული ღვინის პოპულარიზაცია ბრიტანეთში : ქართული რესტორნები დიდ ბრიტანეთში საუკეთესოა... / ესმა ერისთავი // ღვინო / საქართველოს სომელიეთა ასოციაცია. - თბილისი, 2014. - ივნისი. - N1. - გვ.38-39

6. აბაშიძე, მაკო. ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა = British-Georgian Chamber of Commerce / მაკო აბაშიძე // საქართველოს ევროპული გზა = Georgia's European Way / ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. - თბილისი, 2014. - N3. - გვ.28-30.


გააზიარე: