The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


რობერტ ადარი

რობერტ ადარი
ოფიციალური სახელი:რობერტ აჯიაშვილი
დაბადების თარიღი:18 ივნისი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

                         "სანთლებს დავუნთებ მე შენს წარსულს, ჩემო თბილისო,

                          ვერ დავივიწყებ შენს სიყვარულს, გულში რომ დამრჩა,

                          წარსულს მიხატავს მოგონება თანაცხოვრების,

                          დავრჩი უგულოდ, მქონდა იგი და შენთან დამრჩა"...

ეს სიტყვები ქართველ-ებრაელ პოეტს რობერტ ადარს (აჯიაშვილი)  ეკუთვნის, რომლისთვისაც თბილისში ყოველი ჩამოსვლა სასიამოვნო მღელვარებასთან ასოცირდება და თბილისი მისი მუდმივი მონატრებაა...

რობერტ ადარი (აჯაიშვილი )1942 წ. 18 ივნისს თბილისში დაიბადა. გაიზარდა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე. უბანში „რობას“ მეტსახელით იცნობდნენ. 1960 წ. თბილისის 71 (ყოფილი 37) საშუალო სკოლა დაამთავრა,  1966 წელს - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტი. მუშაობდა სამშენებლო ცენტრ „მაღლივმშენში“ ეკონომისტ-ფინანსისტად, საქართველოს თეატრალური საზოგადოების საწარმოო და საქართველოს ყრუ-მუნჯთა სასწავლო საწარმოო კომბინატებში. 1986 წ. ჩამოაყალიბა ქაღალდების საწარმო კოოპერატივი „ლებარდე“ და მისი თავმჯდომარე იყო 1993 წლამდე.

სკოლინდელი ასაკიდან რობერტ ადარი მისდევდა სპორტს. იყო სხვადასხვა საკავშირო ჩემპიონატებისა და სპარტაკიადების მონაწილე. 1950-ანი წლების ბოლოს და 1960-იან წლებში არაერთხელ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკებსა და დიდებს შორის მაგიდის ჩოგბურთში.

რობერტ ადარი ისრაელში პირველად 1974 წ. ჩავიდა როგორც ტურისტი. 90-იან წლებში საქართველოდან, სადაც დაიბადნენ და გაიზიარდნენ,  წასვლის გადაწყვეტილების მიღება აჯიაშვილების ოჯახისთვის ადვილი არ ყოფილა. თუმცა 1993 წელს, როდესაც საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა, რობერტ ადარი მეუღლესთან დორა ადართან (დოდო ბათაშვილი) და ქალიშვილების ოჯახებთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში წავიდა. ისრაელში ადაპტაციის და დამკვიდრების პირველი წლები რთული იყო, მაგრამ შრომისმოყვარეობით და ახლობლების მხარდაჭერით ოჯახმა სირთულეები დასძლია. რობერტ ადარი  დღემდე მუშაობს ისრაელის ელექტროკომპანია „ხევრათ ხაშმალში“, ტრანსპორტის განყოფილებაში.

რობერტ ადარი არის პოეზიის, განსაკუთრებით ქართული პოეზიის დიდი მოყვარული. მისი ლექსები იბეჭდება ისრაელისა და საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში. რამდენიმე ლექსი შესულია საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიაში. 2017  წ. არჩეული იქნა საქართველოს მწერალთა კავშირის საპატიო წევრად, დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის საპატიო პროფესორად, საქართველოს მწერალთა კავშირის დესპანად კულტურის საკითხებში ისრაელში. ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და დამსახურებისათვის რობერტ ადარი დაჯილდოებულია მაქს შავიტის აკადემიის საპატიო ორდენით -„ღირსეული ქართველი ებრაელი“.  დაჯილდოებულია ასევე შოთა რუსთაველის საზოგადოების საპატიო სიგელით.

რობერტ ადარის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს  საქართველო-ისრაელს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. 2018 წელს ისრაელში მან და მისმა თანამოაზრეებმა -  პროფესორმა შალვა წიწუაშვილმა, მწერალმა ნუგზარ ჯანაშვილმა, აწ განსვენებულმა პოეტმა ნანა დავარმა, ქალაქ ხაიფის ყოფილ არქიტექტორ პაატა იოსებაშვილთან ერთად დააფუძნეს ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა გაერთიანება „გულთა კავშირი“.  2019 წ. რობერტ ადარი „გულთა კავშირის“ პრეზიდენტად აირჩიეს.

2019 წლიდან რობერტ ადარი საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემიის "გულანი" ნამდვილი წევრია.

რობერტ და დორა ადარების ოჯახი ცხოვრობს ქ. ხულონში. ჰყავთ ორი ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი.

წყარო:

  1. https://www.apsny.ge/2018/soc/1521959175.php?fbclid=IwAR35qb-IJFIRooBc3Al-9J9qaJQtGzHbC28P6D8gNaarpDwmEb82MXxXPSU
  2. https://www.facebook.com/robert.adar.7/posts/909701775862711
  3. http://euronews.ge/

გააზიარე: