The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ვალერი ჭალიძე

ვალერი ჭალიძე
დაბადების თარიღი:1938
გარდაცვ. თარიღი:3 იანვარი, 2018  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:პუბლიცისტი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

„მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ვერასოდეს ვერავის გადაარჩენ დუმილით“,

 - წერდა ვალერი ჭალიძე და ერთ-ერთი პირველი იყო საბჭოთა კავშირში, ვინც ეს დუმილი დაარღვია. თანამოაზრეებთან ერთად დაიწყო პოლიტპატიმრების, ქალთა, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმიცირესობების უფლებების დაცვა. აპროტესტებდა ქართული ძეგლების ნგრევას, მოლდავეთში პესტიციდებით მოსახლეობის მოწამვლას, არილის ზღვის დაშრობას, უზბეკეთში ბამბის კორუფციას, პატიმრების წამებას, აზერბაიჯანსა და საქართველოშო განათლების პრობლემებს, უკრაინასა და ბელორუსიაში მშობლიური ენის აკრძალვას, შესწავლილი ჰქონდა კორუფციისა და კრიმინალის მასშტაბები საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში.

ვალერი ჭალიძე 1938 წელს მოსკოვში დაიბადა. მამა -  ნიკოლოზ ჭალიძე მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა, დედა -  ფრანჩესკა, პოლონელი ემიგრანტის შვილი იყო, პროფესიით არქიტექტორი და ურბანისტი, კურორტ სოჭის არქიტექტურულ განვითარებაზე მუშაობდა.

სწავლობდა მოსკოვის და თბილისის უნივერსიტეტებში. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტი ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგედ. მისი პირველი ცოლი იყო ვერა სლონიმი, სტალინის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ ლიტვინოვის შვილიშვილი.

საბჭოთა ფიზიკოსობიდან საბჭოთა დისიდენტად ქცევამდე ვალერი ჭალიძემ გრძელი გზა გაიარა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მან და მისმა მეგობარმა ფიზიკოსმა, მომავალში ნობელის პრემიის ლაურეატმა მშვიდობის დარგში, ანდრეი სახაროვმა გენერალ გრიგორენკოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პოლიტიკური მიზნით გამომწყვდევის ამბავი გააპროტესტეს, საპროტესტო ნოტაც დაწერეს და ხელმოწერების მოგროვებაც დაიწყეს.

ჭალიძემ, სახაროვმა და კიდევ ერთმა მათმა მეგობარმა ფიზიკოსმა ანდრეი ტვერდოხლებოვმა 1970 წლის 4 ნოემბერს საბჭოეთში პირველი ადამიანის უფლებათა კომიტეტი დააარსეს - ეს უკვე პოლიტიკაში წასვლას ნიშნავდა. კომიტეტი საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელიც მიზნად ისახავდა უფასო კონსულტაციების გაწევას პირებისათვის, რომელთა უფლებებიც საბჭოთა ხელისუფლებამ დაარღვია.

ამ ჯგუფის თვითგამოცემებს შორის პირველი იყო ჟურნალი „სოციალური პრობლემები“, რომლითაც კომიტეტის დამფუძნებლები მოითხოვდნენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და სამოქალაქო უფლებების თემაზე არაერთ კრიტიკულ კითხვას სვამდნენ. ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს მთელი კავშირიდან აგროვებდნენ. მიზანი სისტემის შეცდომების გამოსწორება იყო.

ვალერი ჭალიძე იცავდა იმ ებრაელების უფლებებს, ვინც საკუთარ ენაზე განათლების უფლების მოპოვებას ცდილობდა. ამ თემაზე დაწერილი წერილის გამო ჭალიძე და მისი და, რომელიც ასევე მეცნიერი იყო, სამსახურიდან დაითხოვეს კიდეც. თავად ებრაელები, ვის უფლებებსაც ვალერი ჭალიძე იცავდა, მას უწოდებდნენ „პოლონური და ქართული ნაზავის ფეთქებად ელემენტს ქვეყნისთვის“.

1972 წელს ვალერი ჭალიძემ აშშ-ს ვიზა მიიღო და ჯორჯტაუნისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში ადამიანის უფლებათა საკითხებზე ლექციის წასაკითხად წავიდა. თუმცა ის უკან, საბჭოთა კავშირში ვეღარ დაბრუნდა. მას ჩამოართვეს საბჭოთა პასპორტი და მოქალაქეობა. ბრალდება, რომელიც მას საბჭოთა კავშირის კონსულმა გააცნო ასე ჟღერდა: საბჭოთა ადამიანის სახის შერცხვენა.

ჭალიძეს აქტივისტობა არც დევნილობაში შეუწყვეტია. საბჭოთა პოლიტიკურ ცხოვრებას და კანონებს მან არაერთი წიგნი მიუძღვნა. მათ შორის, „კრიმინალური რუსეთი“, „ადამიანის უფლებათა ქრონიკა საბჭოთა კავშირში“ და სხვები.

ამერიკაშიც გამოსცემდა „მიმდინარე ქრონიკებს“, სადაც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მომხდარ უფლებადარღვევებზე წერდნენ. იქვე დაარსა გამომცემლობა “Chalidze-Publication”, რომელიც დისიდენტურ ლიტერატურას ბეჭდავდა.

აშშ-ში ცხოვრებისას ის „ჰიუმან რაითს უოჩის“ მაშინდელ დირექტორს აწვდიდა ინფორმაციას საბჭოთა კავშირში არსებული დარღვევების თაობაზე. რა ხდებოდა რკინის ფარდის მიღმა, დასავლეთი ამას ვალერი ჭალიძის მოხსენებიდან და წიგნებიდან იგებდა.

1980 წელს ვალერი ჭალაძე ორეგონში შეხვდა თავის მეორე ცოლს, ადვოკატ ლიზა ბარნჰარდტს. 1983 წელს წყვილი ვერმოტში  გადავიდა. მათ ტბასთან სახლი ააშენეს და ცხენებს ზრდიდნენ. ამის პარალელურად კიდევ ერთი წიგნი, “სტალინი: კომუნიზმის დამპყრობელი” გამოაქვეყნა. ცოლთან ერთად რედაქტირება გაუკეთა და გამოსცა აშშ-ის კონსტიტუციის შესახებ წერილების თარგმანი, რომელიც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საბჭოთა ლიდერს, მიხეილ გორბაჩოვს 1990 წლის შეხვედრისას უსახსოვრა.

1985 წელს მან მაკარტურის ფონდისგან პრესტიჟული ჯილდო - ადამიანის უფლებათა დაცვის გენიოსის წოდებაც მიიღო.

ვალერი ჭალიძე იელის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და წლების მანძილზე მიწვეული ლექტორი იყო კოლუმბიის უნივერსიტეტში. იგი ასევე აგრძელებდა კვლევებს თეორიულ ფიზიკაში.

ცოლის გარდა, მას ქალიშვილი მარია ჰყავს, რომელიც ლონდონში ცხოვრობს.  2018 წლის 3 იანვარს ვალერი ჭალიძე აშშ გარდიცვალა.

ვალერი ჭალიძის არქივის ნაწილი დღეს კოლუმბიის უნივერსიტეტშია დაცული და ამ არქივის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სურვილია ვალერი ჭალიძის სახელობის კაბინეტის მოწყობა, სადაც მისი არქივი განთავსდება. ლიზა ჭალიძე მეუღლის სრულ ბიოგრაფიას წერს, რომელშიც პირველი ქართველი საბჭოთა დისიდენტისა და უფლებადამცველის შესახებ ბევრ შეკითხვას გაეცემა პასუხი.

წყარო:

1. https://www.radiotavisupleba.ge/a/ვალერი-ჭალიძე

2. http://netgazeti.ge/news/248208/

3. http://www.ai-ia.info/online-arqivi/164-valeri-chalidze.htm


გააზიარე: