The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ზეინაბ კედია

ზეინაბ კედია
დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 2016  (94 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

ზეინაბ კედია საქართველოს პირველი რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის, მელქისედეკ კედიასა და აგრაფინა თავართქილაძის ქალიშვილი გახლდათ. მექი კედიამ ფეხმძიმე ცოლთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად 1921 წლის თებერვალში დატოვა საქართველო. სამშობლოდან მიმავალ ამ უკანასკნელ გემზე იმყოფებოდა ივანე ზურაბიშვილიც მეუღლესა და უმცროს ვაჟთან, 15 წლის ლევან ზურაბიშვილთან ერთად, რომელიც წლების შემდეგ ზეინაბის მეუღლე გახდა. 

ზეინაბ კედია 1921 წლის 8 ივლისს სტამბულში დაიბადა. კედიები აქ ოთხი წელი ცხოვრობდნენ და ყოველდღე სამშობლოში გამომგზავრებას ელოდნენ. როცა დარწმუნდნენ, რომ შეუძლებელი იყო  საქართველოში დაბრუნება, ოჯახმა საფრანგეთს შეაფარა თავი. თურქეთიდან ჯერ მარსელში ჩავიდნენ გემით, საბოლოოდ კი პარიზში დასახლდნენ.

ემიგრაციის პირველი წლები განსაკუთრებით მძიმე გახლდათ, რადგან მაშინ საფრანგეთში მასობრივი უმუშევრობა იყო. ქართული პოლიტიკური ემიგრაცია მატერიალურად მძიმე პირობებში ცხოვრობდა, თუმცა მორალურად მხარში ედგნენ ერთმანეთს და ფარ-ხმალს არ ყრიდნენ. 60 წელს გადაცილებული მექი კედია ტვირთმზიდავად მუშაობდა. ეს სამუშაოც არასტაბილური იყო... აგრაფინა კი ხელსაქმეს მისდევდა.1940-იან წლებამდე ცოლ-ქმარი ერთ ძალიან ღარიბ და იაფ სასტუმროში ცხოვრობდა, მაგრამ გაჭირვებაზე არასდროს უწუწუნიათ და იმედს არ კარგავდნენ, რომ ოდესმე სამშობლოში დაბრუნდებოდნენ.

ზეინაბ კედიამ სკოლაში შესვლამდე ფრანგული არც იცოდა, რადგან ოჯახში ქართულად ლაპარაკობდნენ. სკოლა ფასიანი იყო და აქაც ქართველებმა გაუწიეს დახმარება. სწავლის ფულს უხდიდა ამერიკელზე გათხოვილი ბაგრატიონის ქალი. შემდეგ როცა რაღაც მიზეზით დაფინანსება შეუწყდა, სკოლიდან არ გამოუშვეს, რადგან კარგად სწავლობდა. დირექცია მშობლებს მოელაპარაკა და მხოლოდ სახელმძღვანელოების შეძენა სთხოვა, გადასახადს კი აღარ ახდევინებდნენ.

ზეინაბს უმაღლესი განათლების მიღებაც სურდა და სწავლა განაგრძო სორბონის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, მაგრამ მამის ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა უნივერსიტეტი მიეტოვებინა და დედას მიხმარებოდა. თავს ძირითადად ქარგვით ირჩენდნენ.

მექი კედიას უცხოეთში თან გაჰყვა დედა, რომელიც ძალიან ადრე დაქვრივდა და მხოლოდ ეს ერთი ვაჟი ჰყავდა. მან გაზარდა, აგრეთვე, შვილიშვილი, მიხეილ კედია. იგი მექი კედიას პირველ ქორწინებაში შეეძინა მეუნარგიას ქალთან, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა. მიხეილი ზეინაბზე 20 წლით უფროსი იყო, მაგრამ ეს მათ და-ძმურ ურთიერთობას ხელს არ უშლიდა.

მიხეილ კედია ქართულ ემიგრაციაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მან ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მხარეს იბრძოდა, რადგან მიაჩნდა, რომ მათი მხარდაჭერით შეიძლებოდა საქართველოს განთავისუფლება.

ზეინაბ კედიამ საფრანგეთში იქორწინა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელზე ლევან ზურაბიშვილზე, რომელიც ნიკო ნოკოლაძის შვილიშვილი გახლდათ. 1950 წელს მათ შეეძინათ ვაჟი, ოთარი, ხოლო, 1952 წელს ქალიშვილი -  სალომე.

ლევან ზურაბიშვილი ისე გარდაიცვალა საფრანგეთის მოქალაქეობა არ მიუღია. მის შვილებსაც დაბადების მოწმობაში ქართველი ლტოლვილები ეწერათ, სანამ სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი არ გახდა საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება.

სალომემ დიპლომატიური განათლება მიიღო და პროფესიის წყალობით ესტუმრა პირველად საქართველოს. საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოსულმა თან დედაც ჩამოიყვანა. ეს იყო 1986 წელს.

ქალბატონი ზეინაბის მთელი ცხოვრების ოცნება  ვარდების რევოლუციამ აასრულა – საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. 

დღეს ოთარ ზურაბიშვილი საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელობს, სალომე ზურაბიშვილი კი 2018 წლის ნოემბრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს. ის საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია.

სამწუხაროდ ზეინაბ კედია ვერ მოესწრო შვილის პრეზიდენტობას. იგი 2016 წლის 19 თებერვალს, 94 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა. მისი პანაშვიდი ლევან ზურაბიშვილის მიერ დაარსებულ წმინდა ნინოს პარიზის ქართულ ეკლესიაში გადაიხადეს. დაკრძალულია ლევილში, მეუღლის გვერდით.

წყარო:

1. www.newposts.ge/?l=G&id=100167-ემიგრაცია,%20ზეინაბ,%20კედია 

2. კობიაშვილი, ნელი. პარიზი : ზეინაბ კედია // შორეული-ახლობელი / ნ. კობიაშვილი. - თბ., 2010. - გვ.208-218.

3. radio1.ge/ge/videos/view/158561.html 

 


გააზიარე: