The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ანა ყიფიანი

ანა ყიფიანი
დაბადების თარიღი:1994  (30 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ახალგაზრდა მუსიკოსი ანა ყიფიანი უამრავი პრემიის, გრან–პრის მფლობელი და ისეთი კონკურსების ლაურეატია, როგორებიცაა: ვლადიმირ კრაინევის სახელობისა და  არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსები, „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალი, მარია ჰერეროს პიანისტთა კონკურსი ...  იგი, ასევე, ჟიურის წევრად იყო მიწვეული რუმინეთში, პიანისტების საერთაშორისო კონკურსზე = „ფრედერიკ შოპენი".

ანას მშობლები ხელოვნების სფეროში არ მოღვაწეობენ. მამა, კახა ყიფიანი თბილისის მკვიდრია, პროფესიით - ინჟინერ მშენებელი. დედა, ნანა ნაყოფია სოხუმიდანაა. აფხაზეთის ომის დროს ის უკვე სტუდენტი იყო და მოსკოვში სწავლობდა მედიცინას. სოხუმში ჰყავდა დედა, რომელმაც ომის შემდეგ სხვა დევნილებთან ერთად ჭუბერის გზაც გამოიარა. ანა ამბობს, რომ დედას და ბებიას დიდი წვლილი მიუძღვით მის მუსიკოსად ჩამოყალიბებაში.

ანა ყიფიანის მშობლებმა ერთმანეთი ომის შემდეგ გაიცნეს და საკმაოდ მალე დაქორწინდნენ. ანა მათი ერთადერთი შვილია. ის 1994 წელს, მოსკოვში დაიბადა. სამწლინახევრისა იყო, როცა დედამ ექსპერიმენტულ ბაღში მიიყვანა, სადაც ფორტეპიანოზე დაკვრასაც ასწავლიდნენ. მალე, მისმა მასწავლებელმა, ქალბატონმა ლეილა შელეგიამ დედას დაურეკა, - ვფიქრობ, ნიჭიერთა ათწლედიდან ხალხი უნდა მოვიწვიოთ და თქვენი შვილი მოვასმენინოთო. ასეც მოხდა. ანას მოსასმენად მივიდა დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი და ჩვეულებრივი მუსიკის გაკვეთილები გადაიზარდა სერიოზულ, პროფესიონალურ მეცადინეობებში. უკვე 5 წლის ასაკში ანა ყიფიანმა ორკესტრთან ერთად შეასრულა ბერკოვიჩის სამნაწილიანი კონცერტი, რომელსაც ბატონი ზაზა აზმაიფარაშვილი დირიჟორიბდა.

ანა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. ნიჭიერთა ათწლედი კი პროფესორ ნუცა ჭირაქაძის კლასში დაამთავრა. დამამთავრებელ წელს ათწლედიდან თელავის ფესტივალზე მიიწვიეს ელისო ვირსალაძის მასტერკლასზე. ქალბატონმა ელისომ თავად გამოიჩინა კეთილი ნება და გამოთქვა სურვილი, რომ ანას მის კლასში ესწავლა მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში. მშობლებს არ უნდოდათ მისი რუსეთში გაშვება, მაგრამ ელისო ვირსალაძის ავტორიტეტმა გადასძლია. ანამ უმაღლესი ქულებით ჩააბარა მისაღები, ურთულესი გამოცდები და მისი მოსკოვური ცხოვრებაც დაიწყო.

მოსკოვის კონსერვატორია ანა ყიფიანმა წითელ დიპლომზე დაამთავრა (2012-1017). გარდა ამისა, სწორედ სტუდენტობის წლებში გახდა უამრავი პრემიისა და გრან-პრის მფლობელი. 2017 წელს საფრანგეთის ქალაქ სერჟ–პონტუაზში  ახალგაზრდა პიანისტთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსზე - Piano Campus - კი ერთდროულად ექვსი მთავარი ჯილდო, მათ შორის, კონკურსის ვერცხლის ჯილდო მოიპოვა.

„ყველაზე მეტად მაინც იმით ვამაყობ, რომ რუსეთის მოქალაქეობა არ მივიღე. საქმე ის არის, რომ მოსკოვის კონსერვატორია თავის წარჩინებულ სტუდენტებს ყოველგვარი გადასახადის გარეშე აძლევს განათლებას და საკმაოდ სოლიდურ სტიპენდიასაც უნიშნავს, მაგრამ ამისთვის საკუთარ მოქალაქეობაზე უნდა თქვა უარი. რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს დიდი ტვირთი მოაკლდებოდა თუ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, მაგრამ მე უარი ვთქვი ამაზე და მართალია კრედიტებით, ვალებით და ჩემი მშობლების დიდი ძალისხმევის ფასად, ეს საცდური ღირსეულად დავძლიე. საბედნიეროდ, მესამე კურსზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტობა დავიმსახურე და ოჯახმაც ნაწილობრივ ამოისუნთქა...“, - ამბობს ანა.

მოსკოვის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ანა ყიფიანმა ასპროცენტიანი გრანტით ჩააბარა ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯში. დღეს იგი ლონდონის Royal College of Music-ის წარმატებული სტუდენტი და კლასიკური მუსიკის სფეროში, მსოფლიოში ერთადერთი, წამყვანი რექორდ ლეიბლის კონტრაქტორი არტისტია.

ახალგაზრდა მუსიკოსი 2017 წლის მარტში,  პარიზში გამართული კონკურსის ლაუერატი გახდა. აღნიშნულ ღონისძიებაზე  იმყოფებოდა იან ოლივერიც, რომელიც “artmedeo”-ს პრეზიდენტი და დამფუძნებელია. იან ოლივერმა პირადად ესთავაზა  ანა ყიფიანს თანამშრომლობა. შესაბამისი კონტრაქტი გაფორმდა და იგი ამჟამად ანას მენეჯერია. რექორდ  ლეიბლთან თანამშრომლობაც აქვე გადაწყდა. ეს ფრანგული სააგენტოს, დოიჩე გრამაფონეს პროდიუსერის ინიციატივა გახლდათ.  

2019 წლის დასაწყისში ანა ყიფიანმა მოიგო სრული სასწავლო გრანტი პარიზის მუსიკალურ კოლეჯ-უნივერსიტეტში - Ecole Normale de Musique de Paris.

ქართველი პიანისტი უკვე გამოვიდა მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ მუსიკალურ არენაზე, მათ შორის, ამსტერდამის სამეფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნიდერლანდებში. ასევე დაუკრა ლიტვაში ვილნიუსის ფილარმონიის ორკესტრის თანხლებით. ჰქონდა კონცერტები ესპანეთში -  მონტერეიში, სან-პედროს აუდიტორიაში და  სარაგოსაში, მოცარტის აუდიტორიაში. აღსანიშნავია, რომ იგი კონცერტზე მიიწვიეს, როგორც მარია ჰერეროს კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი.

 ჯერჯერობით ანა ყიფიანი საქართველოს საკონცერტო დარბაზების იშვიათი სტუმარია, თუმცა ამის გამოსწორებას უახლოეს მომავალში აპირებს.

„თბილისში ჩამოსვლაზე გამუდმებით ვფიქრობ. ჩვენი დედაქალაქი ერთადერთი ქალაქია, სადაც ცხოვრება მინდა. ალბათ, სწავლის დასრულების შემდეგ, თავისუფლად მოვახერხებ დაბრუნებას, დანარჩენ მსოფლიოსთან კი თბილისიდან ვიკონტაქტებ და ვიფრენ“, - გვიმხელს ანა თავის ოცნებას.

წყარო:
1. ყიფიანი, ანა . ანა ყიფიანი - ელისო ვირსალაძის რჩეული მოსწავლე : ინტერვიუ / ა. ყიფიანი ; ესაუბრა დეა თავბერიძე // პრაიმტაიმი. - თბილისი, 2013. - 15 ივლისი. - N28. - გვ.38-39

2. https://artinfo.ge/2015/08/vis-gamo-tsavida-saqarthve/

3. https://sputnik-georgia.com/.../qartvelma-pianistma-ana-yifianma-safrangetshi-triumfi....

4. qartuliazri.reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=32586


გააზიარე: