The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დალი უბილავა დე გრააფი

დალი უბილავა დე გრააფი
დაბადების თარიღი:196?
კატეგორია:მათემატიკოსი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დალი უბილავა-დე გრააფი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESTEC) ვიზიტორთა ცენტრის (Space Expo) ერთადერთი ქართველი თანამშრომელია. მას თანამედროვე კოსმოსური პროგრამების ბოლო ტექნოლოგიების კურსი მიჰყავს. ეს ორგანიზაცია 22 ევროპულ ქვეყანას აერთიანებს. ქალბატონ დალის ევროპის კოსმოსური სააგენტოს წევრი და მისი პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა დელეგაციებისთვის ჰოლანდიურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ლექციების მომზადება და ჩატარება ევალება.

დალი უბილავა 1960-იან წლების ბოლოს აფხაზეთში, გალის რაიონში დაიბადა. აქ გატარებულ ბავშვობას და ყრმობას დღესაც დიდი სითბოთი იგონებს. მათემატიკოსობა მისი თინეიჯერობის ოცნება გახლდათ. სოხუმში დაამთავრა თსუ ფილიალის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 21 წლის ასაკში შევიდა პირველად გაკვეთილზე და რომ არა ომი შეიძლება არც არაფერი შეცვლილიყო.

აფხაზეთის შემდეგ იყო სენაკი, საბოლოოდ კი მთელი ოჯახი  თბილისში დაბინავდა.

ამ პერიოდისთვის დალი უბილავა მიხვდა, რომ მხოლოდ მასწავლებლობა აღარ აკმაყოფილებდა და პროფესიის შეცვლა განიზრახა: „იმდენი რაღაც დამიგროვდა შინაგანად, რომ ჩემი საქმიანობის შემოფარგვლა მხოლოდ გაკვეთილით მეცოტავებოდა... ასე გადავწყვიტე გავმხდარიყავი რეჟისორი. ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. მუშაობა დავიწყე პირველი არხის ხელოვნების რედაქციაში. ვმუშაობდი ლიტერატურული გადაცემების რეჟისორად...“, - იხსენებს ქალბატონი დალი.

პირველ არხზე დალი უბილავამ 10 წელი იმუშავა. თეატრალურის ბოლო კურსზე იყო, როცა მოსკოვში, “ვგიკის“ ფესტივალზე მოხვდა. იქ გაიგო, რომ არსებობს სუბსიდიების მოპოვების საშუალება, რომლითაც სწავლა შეგიძლია გააგრძელო სასურველ უმაღლეს სასწავლებელში. მოსინჯა ძალები და 2001-2003 წლებში საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვების შედეგად მოპოვებული ამერიკული და  ნორვეგიული სუბსიდიებით მიეცა შესაძლებლობა სტაჟირება გაევლო “ვგიკში“, ჯერ მხატვრული ფილმების და შემდეგ, დოკუმენტური ფილმების რეჟისურის კათედრაზე.

მოსკოვში ყოფნისას დალიმ შემთხვევით გაიცნო  მომავალი მეუღლე, ჰოლანდიელი პაულუს მარინუს კორნელის ფრედი დე გრააფი, რომელიც პროფესიით ეკონომისტია და იქ საქმიანი ვიზიტით იყო ჩასული. მასთან ქორწინების შემდეგ დაიწყო მესამე ეტაპი დალი უბილავას ბიოგრაფიაში.

წყვილმა ჯვარი თბილისში დაიწერა და საცხოვრებლად ჰოლანდიაში გაემგზავრა.  

პირველი ორი წელი დალიმ ენის სწავლასა და ინტეგრაციას მოანდომა. მესამე წელს კი  დააარსა ფონდი „არტ ექო“ (2009 წ.). ფონდის ძირითადი საქმიანობის სფერო არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის არსებული კულტურული კავშირების განმტკიცება და ახალი კულტურული ხიდების გადება.

2010 წლიდან დალი უბილავა აკეთებს ხელოვნებისა და კულტურის პროექტებს, რომელიც გაერთიანებულია ფესტივალი „იბერიას“ კონცეფციით.  ამ ფესტივალის პირველი გამოშვების მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში ქ. ლეიდენში გაიხსნა რუსთაველის კედელი, სადაც „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტია ამოტვიფრული. ფესტივალის მეორე გამოშვება მიეძღვნა ჰოლანდიელი ანიმატორის გერიტ ვან დაიკის შემოქმედებას საქართველოში. მესამე ფესტივალის ფარგლებში ლეიდენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ლიტერატურისა და საზოგადოებათმცოდნეობის კათედრა გაიხსნა. გარდა ამისა, ანსამბლ "რუსთავის" კონცერტები გაიმართა ლეიდენში, კეუკენჰოფში, ტექსელზე...

ფესტივალები ყოველწლიურად ტარდება. დღემდე 8 პროექტია გაკეთებული. ჰოლანდიელებმა უკვე გაიცნეს ქართველ მხატვართა 50-იანელთა თაობის წარმომადგენლების შემოქმედება და ისეთი სახელები როგორიცაა: რადიშ თორდია, ლევან ცუცქირიძე, ვახტანგ ონიანი, ზურაბ ნიჟარაძე და დიმა ერისთავი; ასევე,  თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენლები; ოთარ იოსელიანის, რეზო ჩხეიძის, გიორგი და ელდარ შენგელაიების, გელა ბაბლუანის ფილმები; ქართველი საზოგადოებისთვის კი ცნობილი გახდა ჰოლანდიელი ხელოვანების - ერვინ ოლაფის, გერიტ  და სილია ვან დაიკების მოღვაწეობა.

2014 და 2017 წწ. ფონდის პროექტები მიეძღვნა აფხაზეთიდან  დევნილი 30-მდე ხელოვანის შემოქმედებას.

პროექტების მხარდასაჭერად დალი უბილავას ძალისხმევით მოხერხდა დაახლოებით 55 ჰოლანდიური ფონდის, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მობილიზება: პრინც ბერნარდის ფონდი, მონდრიანის ფონდი, ვე-ეს-ბე ფონდი, ჰოლანდიის ფილმების ფონდი, ფონდი 1818, ლეიდენის მერია, ლეიდენის კუტურის ფონდი, ლეიდენის უნივერსიტეტი, კეუკენჰოფი, საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს პარლამენტი ...  

„არტ ექოს“ საქმიანობა და პროექტები უმაღლეს დონეზე იქნა შეფასებული ექსპერტებისა და ჰოლანდიური მედიის მიერ. ქალბატონი დალი ამაყობს, რომ როგორც ღონისძიებების ორგანიზატორს, პატარა წვლილი მასაც მიუძღვის საქართველოს, ქართული კულტურის უცხოეთში ღირსეულად წარდგენისა და პოპულარიზაციის საქმეში.

დალი უბილავა არის წარმატებული ემიგრანტი ქართველი ქალის 2016 წლის ნომინანტი.

ამავე წელს ის გახდა ქართული ფონდის “ევროარტის“ დამფუძნებელი. 

წყარო:

1. tbiliselebi.ge/index.php?newsid=268452437

2. netherlands.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=443&lang=1&NewsID=89358

3. https://sputnik-georgia.com/people/20171122/238267726/dali-ubilava-de-graafi.htm

 


გააზიარე: