The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ნინო არობელიძე

ნინო არობელიძე
დაბადების თარიღი:1984  (35 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

„ნინო არობელიძე ახალ გზაჯვარედინებს ქმნის პოპმუსიკას, ჯაზს, სოულს და ძალიან მაგარ ბიტბოქსინგს შორის“ - ასე აღწერს ერთ-ერთი ამერიკელი კრიტიკოსი ქართველი მუსიკოსის შემოქმედებას; “მის თითოეულ  სიმღერაში თქვენ შეგიძლიათ გაიგონოთ ჯაზის საფუძველი, რომელიც გრილი და ნატიფი პერკუსიის მიღმა მოგზაურობს” – ეს სიტყვები კი ჩიკაგოს გაზეთ The Chronicle–ის არტკრიტიკოსს ეკუთვნის.

ნინო 1984 წელს, თბილისში დაიბადა. მისი დედა ბიოქიმიკოსი და მიკრობიოლოგი, მამა კი ჰიდრავლიკოსი გახლდათ. 1998 წელს დედა ამერიკაში, როზალინ ფრანკლინის სახელობის უნივერსიტეტში სამუშაოდ მიიწვიეს და ამიტომ მთელი ოჯახი საცხოვრებლად ილინოისში გადავიდა. მაშინ ფიქრობდნენ, რომ 2-3 წელიწადში უკან დაბრუნდებოდნენ.

ახალ გარემოსთან შეგუება 14 წლის გოგონასთვის რთული აღმოჩნდა. მან კარგად იცოდა ქართული, რუსული და ფრანგული ენები, მაგრამ ინგლისურს არ ფლობდა. ენის ბარიერისა და ემოციური ფონის გამო თანატოლებთან ურთიერთობა უჭირდა, მით უფრო, რომ მათ უბანში ემიგრანტები საერთოდ არ იყვნენ, მხოლოდ ამერიკელები ცხოვრობდნენ. სიმღერა ნინომ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო. მღეროდა სკოლის გუნდში, თუმცა ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ მუსიკა მისი მთავარი პროფესიული არჩევანი გახდებოდა.

ფორმალური განათლება ნინო არობელიძემ კლასიკური ვოკალის მიმართულებით მიიღო. დაამთავრა  ჩიკაგოს DePaul University Music School -ის საოპერო ფაკულტეტი. აქვე დაეუფლა სხვადასხვა ინსტრუმენტს. თავიდან გიტარა და ფორტეპიანო აინტერესებდა, მოგვიანებით პერკუსიაშიც გაერკვია. 2009 წელს ჩამოაყალიბა პირველი ჯგუფი - The CrossRoads Project, 2010 წელს კი გამოუშვა პირველი ალბომი –  “უცნაური ნახარშის” სახელწოდებით.

შემოქმედებითი გზის დასაწყისში ახალგაზრდა მუსიკოსი მუდმივ ძიებაში იყო და მუსიკის არაერთი მიმართულება მოსინჯა. სხვადასხვა ჯგუფებში მღეროდა და განსხვავებულ ინსტრუმენტებზე უკრავდა. თავდაპირველად ფრანგული ჯაზის იმპროვიზატორული სტილის მიმართულებამ გაიტაცა.  უნივერსიტეტში გაეცნო მულტიკულტურული რიტმებით გაჯერებულ ორიგინალურ მუსიკას  პოპჯაზის კონცენტრაციით. ამ მიმართულებით მომუშავე ჯგუფთან ერთად ალბომიც გამოუშვა, მაგრამ როცა იგრძნო, რომ ჯგუფმა თავი ამოწურა, დაუნანებლად დატოვა და მალე ჰიპ-ჰოპ ჯგუფში მოხვდა.

ამჟამად ნინო არობელიძე თავის ოჯახთან ერთად ჩიკაგოში ცხოვრობს. ნინოს მეუღლე, პაბლო გორდი მუსიკოსი, პროდიუსერი და მწერალია. მათი მეგობრობა 2012  წელს სწორედ მუსიკალური თანამშრომლობით დაიწყო. მათ ერთად დაარსეს Funk/Soul /Hiphop პროექტი. ყავთ პატარა ვაჟი - ლეონი.

თავდაუზოგავ შრომას ამაოდ არ ჩაუვლია. მუსიკოსს თანდათან ემატებოდა რწმენა, რომ დადგა დრო საკუთარი მუსიკა შეექმნა. ამ მიზნის მისაღწევად ნაბიჯის გადადგმა კლასიკის შესწავლით დაიწყო და 2014 წელს პირველი სოლო ალბომიც გამოუშვა. 2016 წლის აპრილში გამოიცა მისი მორიგი, მეოთხე ალბომი - Girl Named Nino (გოგონა სახელად ნინო). ნინოს ბენდსაც იგივე ერქვა, ხოლო, მოგვიანებით ეს სახელწოდება ფსევდონიმადაც აირჩია.

მომღერალი თავის მუსიკას ახასიათებს, როგორც  მსოფლიო რიტმებში და ურბანულ ესთეტიკაში გაჯერებულ ინდი სოულისა და ჯაზის ფიუჟანს. მუსიკას თავად წერს და მას ფორტეპიანოზე, გიტარაზე, ბასგიტარაზე, სიმებიან და დასარტყმელ ინსტრუმენტზე ასრულებს. ამავე დროს სოლო მომღერალია.

ნიუ იორკის მანჰეტენის ორმოცდამეთორმეტე ქუჩას “სვინგის ქუჩას” უწოდებენ, რადგანაც იქ ჯაზ კლუბების გრძელი წყებაა განლაგებული. მათგან ერთ-ერთია 2015 წელს მუსიკოსების მხარდასაჭერად შექმნილი კლუბი Bonafide-ი, რომელიც კამერუნელი ემიგრანტი მუსიკოსის, რიჩარდ ბონას საკუთრებაა. 2016 წელს სწორედ ამ კლუბში წარდგა მუსიკის მოყვარულების წინაშე ნინო არობელიძე თავის ბენდთან ერთად. კონცერტმა, სადაც ნინო მღეროდა და უკრავდა აკუსტიკურ გიტარასა თუ ფორტეპიანოზე (პაბლო გორდი –  ელექტროგიტარა, სასცენო  ეფექტები) სრული ანშლაგით ჩაიარა. პროგრამა კონცენტრირებული იყო ქართველი მუსიკოსის  ბოლო ალბომის გარშემო და წინა სამ ალბომში შემავალ ჯაზ-ფოლკლორულ სტანდარტებსაც მოიცავდა.

ამჟამად ნინო არობელიძე საკუთარ უნიკალურ მუსიკას ჯაზის, პანკის, სოულისა და ქართული ხმების შერწყმით აზავებს და დაინტერესება-აღფრთოვანებას მსოფლიოს მასშტაბით იწვევს... კრიტიკოსების შეფასებით, მისი ხმა და ფრაზირება მდიდარი, ინდივიდუალური და ლაღია და მას ერთგვარად ძველებური, „ვინტიჯ“ ელფერიც დაჰკრავს. მუსიკოსმა 1918 წელს გამოუშვა მეხუთე ალბომი - Moonlight Daughter; თანამშრომლობს  დამოუკიდებელ სტუდიო Ni Fu Ni Fa Records-თან.

მომღერალი საქართველოში უკვე 20 წელია არ ყოფილა, თუმცა ამბობს, რომ ფიქრით, განწყობით თუ ემოციით ყოველთვის უბრუნდება თავის ბავშვობის ქალაქს.

“ჩიკაგოს სამუსიკო აკადემიაში” გამართულ ნინო არობელიძის ერთ – ერთ კონცერტს ესწრებოდა ჩიკაგოს რადიოს The Jazz Supreme Show–ს წამყვანი ვაუნ უილსონი, რომელიც მას მერე ნინოსა და მის ბენდს რადიოში ხშირად იწვევს. “ნინო არობელიძე -  დაიმახსოვრეთ ეს სახელი!” – წამოუძახია მას ერთ-ერთი გადაცემისას.

“ნინო არობელიძე – სასწაულია” – ეს სიტყვები კი ბლუზის მუსიკოსსა და მწერალს ენდი უილისს ეკუთვნის.

წყარო:

1. https://www.kvirispalitra.ge/public/51812-qsaqarthvelosthan-kontaqti-ar-gamitsyvetia-qarthvelobas-ver-da-ar-tsavshliq.html

2. https://www.radiotavisupleba.ge/a/nino-arobelidze-interview/26774050.html

3. https://www.facebook.com/netgazeti/.../ნინო-არობელიძე.../10154568796832044/

4. https://www.amerikiskhma.com/a/nino-arobelidze/3504289.html

5. https://heretifm.com/?p=55867


გააზიარე: