The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ირმა შამათავა

ირმა შამათავა
დაბადების თარიღი:1971  (53 წლის)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

ქართველი ემიგრანტი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული Dartmouth College – ის მკვლევარი დოქტორი ირმა შამათავა-შუბითიძე ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის (The New York Academy of Sciences) წევრი გახდა. ქალბატონი ირმას ბიოგრაფია არის ნათელი მაგალითი იმის, როგორ შეიძლება გახდე წარმატებული, მაშინაც კი, როცა საკუთარ სამშობლოში დევნილად გაქციეს.

ირმა შამათავა დაიბადა 1971 წელს, აფხაზეთში. სკოლის ასაკამდე ბებიის სახლში ცხოვრობდა, სოფელ ბაბუშერაში. მისი სოხუმური ცხოვრება მე-11 ქართული საშუალო სკოლის მეორე კლასიდან იწყება. ამ სკოლაში გაძლიერებულად ისწავლებოდა ფიზიკა-მათემატიკა. პედაგოგებმა ირმას ნიჭიერება თავიდანვე შეამჩნიეს. ჯერ კიდევ მესამე კლასში იყო, როცა შეიყვანეს სკოლის გუნდში, რომელმაც თბილისში, ოლიმპიადაზე ოქროს მედალი დაიმსახურა.

ირმა ამბობს, რომ ძალიან აქტიური ბავშვი იყო და არ მოკლებია თეატრალური წრე, სიმღერა, გუნდი თუ ცეკვა. თავიდან ექიმობას აპირებდა, რადგან დედის პროფესიის გამო ხშირად სტუმრობდა საავადმყოფოს და ერთი-ორჯერ  ოპერაციასაც დაესწრო. მეშვიდე კლასელი იყო, როცა მისი გეგმები რადიკალურად შეიცვალა. ფიზიკის მასწავლებელმა ისეთი ინტერესი აღუძრა ფიზიკისადმი, რომ არჩევანის გაკეთება აღარ გასჭირვებია და სკოლის დამთავრების პირველივე წელს წარმატებით ჩააბარა გამოცდები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

1992 წელს აფხაზეთის ომი დაიწყო. ამ დროს ირმა 21 წლის იყო და  შეყვარებული გახლდათ თავის თანაკურსელ ფრიდონ შუბითიძეზე. ომის სიძნელეები ორივემ ერთად გადალახა. ფრიდონი ომშიც იბრძოდა თავის მშობლიურ ოჩამჩირის რაიონში. სწავლის დასამთავრებლად მეოთხე კურსზე იძულებულნი გახდნენ საბუთები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოეტანათ.

სოხუმელი სტუდენტები უნივერსიტეტმა ძალიან კარგად მიიღო. კვების ფული რომ ჰქონოდათ, ლაბორანტებადაც კი გააფორმეს. ჯერ შეუღლებულები არ იყვნენ და ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ირმას მშობლები კვლავ სოხუმში რჩებოდნენ - დედა ექთანი იყო და დაჭრილები გადაჰყავდა, მამა - სოხუმს იცავდა.

ზაფხულის არდადაგებზე იყვნენ ახალგაზრდები როცა მეომარმა მხარეებმა დაზავება გამოაცხადეს. მაშინ ახალდაქორწინებულები იყვნენ და სიხარულით დაბრუნდნენ აფხაზეთში. თუმცა, ერთ კვირაში მთელ ოჯახს სოხუმის დატოვება მოუხდა და დიდი წვალებით, ჭუბერის გზით ჩამოაღწიეს თბილისში.

უნივერსიტეტმა კვლავ თბილად მიიღო. ბაგებში საცხოვრებელი მისცეს. ფრიდონმა მუშაობაც დაიწყო. ერთ წელიწადში დიპლომებიც დაიცვეს და ნელ-ნელა, ავად თუ კარგად, ერთმანეთის იმედით და წვალებით ააწყვეს ცხოვრება. მერე, 1994 წელს, უფროსი ვაჟი, თორნიკეც გაჩნდა. ბავშვი ორი წლის რომ გახდა, ირმამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში დაიწყო მუშაობა. როგორც თავად ამბობს, ის იყო პირველი, ვინც უნივერსიტეტში კომპიუტერიზაცია შემოიტანა.

ოჯახმა თბილისში 5 წელი იცხოვრა. ფრიდონმა დისერტაცია დაიცვა, უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, უცხოურ პროექტებში მონაწილეობდა და ა.შ. მაგრამ მომავალი, თითქოს, არ ჩანდა. 1998 წელს ყველაფერი შეიცვალა. ფრიდონს შესთავაზეს სამეცნიერო სამსახური ათენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. თავიდან მარტო წავიდა, რადგან სახელმწიფო გრანტი ყველას არ გასწვდებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ფრიდონის მუშაობით მოხიბლული პროფესორი უზუნოღლუ ცოლ-შვილის  ჩაყვანაშიც დაეხმარა და შემდგომშიც ყველანაირად უწყობდა ხელს.

საბერძნეთში 16 თვე გაჩერდნენ. ფრიდონთან ერთად ირმაც ცდილობდა  მისთვის საინტერესო მეცნიერული კვლევების ჩატარებას, რამდენადაც პატარა აძლევდა ამის საშუალებას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2000 წელს გაემგზავრნენ პროფესორ კვევინ ო’ნეილის მიწვევით. დასახლდნენ ამერიკის ჩრდილოეთში, ნიუ-ჰემპშირის შტატის საუნივერსიტეტო ქალაქ ჰანოვერში, სადაც მდებარეობს დართმოუთის კოლეჯი. თავიდან გაუჭირდათ. ვიდრე ამერიკის მოქალაქეობას მიიღებდნენ, ყოველი მორიგი სამწლიანი კონტრაქტის მიწურულს აპირებდნენ საქართველოში გადმოსვლას, მაგრამ უნივერსიტეტის პროფესურა თვლიდა, რომ მათი საქმიანობა  შეესაბამებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და კონტრაქტს კვლავ უგრძელებდა.

ამჟამად ფრიდონი ფიზიკის დოქტორი და დართმოუთის კოლეჯის პროფესორია, ირმაც დოქტორია და ფიზიკის დეპარტამანტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. მუშაობენ სამხედრო თემატიკაზე. ქართველი მეცნიერებისა და მათი ჯგუფის 19 წლიანი საქმიანობის შედეგად შეიქმნა უამრავი ახალი ტექნოლოგია, რომელიც ამერიკის სახელმწიფომ დააფინანსა. მათი ძირითადი საქმიანობა მიწისქვეშა, აუფეთქებელი ჭურვების აღმოჩენა და განიარაღებაა. პირველი პროექტი, რომელიც ამერიკაში მოეწონათ „დამხმარე წყაროების მეთოდია“. ეს არის მეთოდოლოგია, რომელიც გამოიგონეს და ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ირმა ამბობს, რომ ძალიან უნდოდა სამხედრო პროექტი საქართველოშიც წამოეღოთ.  შესაბამისი შეთავაზებაც გააკეთა და ახლახან საქართველოდან დასტური მიიღო - ქართული საგრანტო სამეცნიერო პროექტი აუფეთქებელი ჭურვების აღმოჩენის ტექნოლოგიებზე დაფინანსდა!
ირმა შამათავა და ფრიდონ შუბითიძე, პარალელურად, ტექნოლოგიური კომპანიის 25-პროცენტიანი წილის მფლობელები არიან და ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობენ. გარდა ამისა, ისინი ერთობლივად მუშაობენ სიმსივნის მკურნალობის ახალ მეთოდზე, რომელსაც ჰიპერთერმია ჰქვია.

შამათავა-შუბითიძის ოჯახს დღეს უკვე ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ძალიან ხშირად ჩამოდიან საქართველოში, ატარებენ კონფერენციებს, საზაფხულო სკოლებს და ა.შ.; მათ შვილებსაც ძალიან უყვართ სამშობლოში სტუმრობა.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე და მესამე შვილი - სალომე და გიორგი - ამერიკაში დაიბადნენ, ქართული ენა კარგად იციან. „ქართულმა ფესვებმა თავისი გააკეთა. ბევრი ვიფიქრე, როგორ მიმება ჩემი შვილები საქართველოსთან, რადგან აფხაზეთს ვერ ვაჩვენებ ჩემს შვილებს, აქცენტი ღვინოზე და კახეთზე გავაკეთე. სოფელ მანავში სახლი ავაშენეთ, ვენახები გავაშენეთ და დიდი მარანიც გვაქვს“, - ამბობს ირმა.

მეცნიერი ცოლ-ქმრის სამომავალო პროექტებიც დაკავშირებულია ახალი ტექნოლოგიების შექმნასთან, რადგან სწამთ, რომ დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, იმისათვის რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს თავისი იდენტურობა და არ წაიშალოს რუკიდან, აუცილებელია, ქვეყანამ შექმნას რაიმე მაღალი ტექნოლოგია. საქართველო კი, როგორც დედა სამშობლო, ყოველთვის იყო, არის და იქნება მათ გეგმებში.

წყარო:

1. https://www.kvirispalitra.ge/.../39192-qgvinda-chveni-mightsevebith-saqarthvelos-ga...

2. https://2020news.ge/.../314-ქართველი-ემიგრანტი-ნიუ-იორკის-მეცნიერებათა-ა...


გააზიარე: