The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ცირა კემულარია

ცირა კემულარია
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

ცირა კემულარია 1970-იან წლების ბოლოს ფოთში დაიბადა. ოთხი წლისას სკოლაში უნდოდა წასვლა და თავისით ისწავლა წერა-კითხვა ქართულად და რუსულად.

ომიანობის დროს, 1990-იანი წლების საქართველოში, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა წარმოუდგენელი ჩანდა. ცირა მაინც ოცნებობდა, თან ბეჯითად მეცადინეობდა და გაუმართლა კიდეც. ირაკლი ბოკუჩავა მის ცხოვრებაში, მშობლების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. სწორედ მან და მისმა მეგობრებმა, ფოთის გამგებელმა და პორტის უფროსმა შეძლეს და იმ უკიდურესად მძიმე წლებში სამ წელიწადში 170-ზე მეტი ბავშვი მოამზადეს და სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში გაუშვეს.

ცირამ გამოცდებზე 1993 წელს გავიდა, მაგრამ გამსვლელი ქულები ვერ დააგროვა. შემდეგი წლის თავაუღებელმა შრომამ კი გაამართლა და ამერიკაში წამსვლელთა ახალ ნაკადში მოხვდა. დაყაჩაღების შიშით ბავშვები თბილისში ბეტეერმა ჩამოაცილა, საფრენი ბილიკი კი მშობლებმა მანქანის ფარებით გაანათეს.

ასე აღმოჩნდა 1994 წელს ცირა კემულარია ლუიზიანას შტატში. თავდაპირველად ოჯახებში არ გაუმართლა, საბოლოოდ კი ექვსშვილიან ოჯახში აღმოჩნდა და ამერიკელი დედობილ-მამობილი იპოვა. ცირამ მათ შვილებთან ერთად დაამთავრა კერძო სკოლა და მათივე წყალობით ჩააბარა ლუიზიანას უნივერსიტეტში. პირველი გადასახადიც მამობილმა გადაუხადა, მეორე სემესტრში კი სხვადასხვა ორგანიზაციებს სთხოვა დახმარება და დაფინანსება გაეროში საქართველოს წარმომადგენლისგან მიიღო. სწავლის პარალელურად მუდმივად მუშაობდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, წელიწადში 12 ათასი დოლარი იყო გადასახდელი. ცირამ რეკომენდაციები შეაგროვა, საქველმოქმედო ორგანიზაციებს მიმართა და გამოჩნდა სამი ამერიკული ოჯახი, რომელმაც სამი წლის გადასახადი გადაინაწილა და მონდომებულ სტუდენტს უნივერსიტეტის დამთავრების საშუალება მისცა. 

ცირა კემულარიამ 1999 წელს დაამთავრა ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტი საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსების სპეციალობით. ბოლო კურსიდან მუშაობა დაიწყო ჰიუსტონში, ენერგეტიკულ კომპანიაში, რისკების მართვის ჯგუფში. სწორედ აქ დაენიშნა პირველი დიდი ხელფასი და აქედან დაიწყო  მისი სამსახურებრივი წინსვლა.

დღეს ქალბატონ ცირას უკვე 20 წლიანი გამოცდილება აქვს ფინანსური მომსახურებისა და რისკების მართვის სფეროებში. 1999 წლიდან 2005 წლამდე იგი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, საბაზრო რისკების მართვის მიმართულებით, შპს დაინეჯი (Dynegy Inc) და შპს შელ საერთაშორისო ვაჭრობის და ტრანსპორტის კომპანიაში (Shell International Trading and Shipping Ltd) ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში.

2005- 2008 წლებში ცირა კემულარია მუშაობდა მენეჯერის თანამდებობაზე შელ ინთერნეშენელში (Shell International Inc), კორპორატიული ფინანსებისა და ხაზინის შერწყმისა და შესყიდვების სამსახურში დიდ ბრიტანეთში.

2008-2011 წლებში ის იყო კომერციული ფინანსური მენეჯერი, შელ ექსფლორეიშენისა და ფროდაქშენ სერვისების (Shell Exploration and Production B.V) შერწყმისა და შესყიდვების, ხაზინისა და კორპორატიული ფინანსების სამსახურებში მოსკოვში;

2011-2016 წლებში ქალბატონი ცირა მუშაობდა შელ ვესტერნ საფლაის და თრეიდინგის (Shell Western Supply and Trading Ltd) ფინანსურ მენეჯერად კარიბის კუნძულ ბარბადოსში; 2016 წელს კი დაწინაურდა შელის საპენსიო ფონდების სტრატეგიისა და სტანდარტების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე შპს შელ ინთერნეშენელში (Shell International Ltd) დიდ ბრიტანეთში; ამავე წლიდან იგი გახლავთ შპს ბრიტანული გაზის ფენშენ თრასთიის დირექტორი.

ცირა კემულარია ლონდონის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეა. 2006-2010 წლებში ის იყო ბრიტანულ-ქართული საზოგადოების საბჭოს წევრი. 2011 წელს შეუერთდა შელ ვესტერნ საფლაისა და თრეიდინგის საბჭოს. ასევე, არის შპს ბრიტანული გაზის გენერალური პარტნიორისა და შპს ბრიტანული გაზის ტრასთიი სოლუშენის საბჭოს წევრი.

ცირა კემულარია არის გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონში, დირექტორთა ინსტიტუტის (Institute of Directors) წევრი და ამჟამად სწავლობს აკრედიტებული დირექტორის პროგრამაზე. ამ ინსტიტუტში სწავლისთვის დირექტორობის სულ ცოტა სამწლიანი სტაჟი უნდა გქონდეს.

 2018 წლის სექტემბერში ცირა კემულარია დაინიშნა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად. მას ყავს ქართველი მეუღლე და ორი შვილი.

წყარო:

1. www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/supervisory-board

2. https://www.facebook.com/www.bm.ge/videos/649045285541686 


გააზიარე: