The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ფანჩულიძე

ალექსანდრე ფანჩულიძე
Other name:სანდრო  (Acronym)
Date of birth:1906
Date of death:November, 1992  (at 86 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Businessmen

Biography

ალექსანდრე (სანდრო) ფანჩულიძე (1906-1992) გახლდათ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რომლის სახელი ჩვენთვის ცნობილი გახდა მწერალ გრიგოლ რობაქიძესთან წლების მანძილზე წარმოებული მიმოწერიდან. სანდრო გრიგოლის შორეული ნათესავი ყოფილა. წარმოშობით ორივენი ზემო იმერეთის სოფელ ჩხარიდან იყვნენ. ერთ-ერთი წერილიდან ირკვევა, რომ მწერლის ბებია (მამის მხრიდან) - სალომე, იყო სანდრო ფანჩულიძის ბებიის დედა.

გრიგოლმა და სანდრომ ერთმანეთი 1952 წელს ემიგრაციაში გაიცნეს, მაშინ როცა მწერალი პარიზში ჩავიდა ქართულ სათვისტომოში ლექციების წასაკითხად. ამ პერიოდიდან იწყება მათი მიმოწერა, რომელიც შემდეგ მეგობრობაში და მჭიდრო თანამშრომლობაში გადაიზარდა.

სანდრო ფანჩულიძემ სამშობლოს არ დაუკარგა გრიგოლ რობაქიძის ეპისტოლარული მემკვიდრეობა და როგორც კი შესაძლებლობა მიეცა პირადად გადმოგზავნა საქართველოში მწერლისგან მიღებული 65 ბარათი. ეს წერილები ნათელს ჰფენენ გრ. რობაქიძის ცხოვრების ბევრ მომენტს, აფართოებენ ქართული საზოგადოების ცოდნას მისი პირადი ადამიანური თვისებებისა და შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, 1980-იან წლებში ქართულ ემიგრანტულ პრესაში სანდრომ გამოაქვეყნა პატარა მოგონება მათი ურთიერთობის შესახებ და ასევე, მის მიერ შეკრებილი გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიული ცნობები.

სანდრო ფანჩულიძე პარიზში 1929 წლიდან ცხოვრობდა. 1924 წლის აჯანყების დროს ის პატრიოტთა გვერდით იბრძოდა და დამარცხების შემდეგ, თურქეთის გზით გადავიდა საფრანგეთში. იქ ცოლად შეირთო უკრაინული წარმოშობის ფრანგი ქალი და მასთან ერთად მართავდა პატარა რძის საწარმოს.

მაგრამ სანდრო მხოლოდ მრეწველი კი არ იყო, არამედ ლიტერატურული ცხოვრებით დაინტერესებული პიროვნებაც გახლდათ და ხშირად უზიარებდა მწერალს თავის შთაბეჭდილებებს ამა თუ იმ ნაწარმოებზე. ერთ-ერთ წერილში (10/9, 1961) გრიგოლი სანდროს ქართული პოეზიის ზეპირად ცოდნას უქებს და გაკვირვებულია მისი მეხსიერებით.

გრიგოლ რობაქიძის წერილებში ნათლად იკვეთება სანდრო ფანჩულიძის პიროვნული პორტრეტი და მისი დამოკიდებულება საქართველოსა და ყოველივე ქართულისადმი.

წერილები იწყება 1954 წლის 30 ოქტომბრიდან. თავდაპირველად გრიგოლის ტონი თქვენობითია, ხოლო 1955 წლიდან, უკვე, შენობით ესაუბრება და მეუღლესაც მოკითხვას უთვლის.

მწერალი ხშირად ეპატიჟება სტუმრად სანდროს და მის მეზობლებს - ნიკო და დავით ყურულიშვილებს.ეს უკანასკნელიც მწერალი ყოფილა და გრგოლს პარიზში გამართულ ემიგრანტ მწერალთა კონგრესზე გაუცვნია.   

მისაბაძია სანდრო ფანჩულიძის თანადგომა გრიგოლისადმი. იგი სისტემატურად ეხმარებოდა მწერალს ფულით, უგზავნიდა მეუღლის ხელით ამოყვანილ ყველს, მისთვის შვეიცარიაში გასაგზავნად საქართველოდან იწერდა საჭირო ჟურნალ-გაზეთებს და ახალგამოცემულ ლიტერატურას.

გრიგოლ რობაქიძე მადლიერებით იღებდა დახმარებას სანდროსგან, როგორც ახლობლისა და ნათესავისგან. „დიდი, დიდი მადლობა, მხრებში გავიმართე, ნუ მოგაკლოთ უფალმა მადლი ქართული მიწისა“  - წერს მწერალი 1955 წლის 1 ივნისს.

მისი სტუმრობით მიღებულ უსაზღვრო კმაყოფილებას კი გამოხატავს 1961 წლის 3 სექტემბერს მიწერილ წერილში: „დიდი-დიდი ხანია - ასე კარგად დრო არ გამიტარებია, როგორც შენთან ერთად, ჩემსა“.  

1981 წელს პრესაში გამოქვეყნებულ წერილში სანდრო ფანჩულიძე იგონებს გრიგოლთან ბოლო შეხვედრას და მისი დაკრძალვის დღეს: „1962 წელს, გრ. რობაქიძისგან მივიღე წერილი. მწერდა: „სანდრო აუცილებლად ამ ზაფხულზე ჩამოდი ჩემთან, ნიკოც წამოიყვანე“. აგვისტოში ჩავსხედით მანქანაში და გაუდექით გზას ჟენევისაკენ. 15 საათზე უკვე გრიგოლის ოჯახში ვიყავით. მიგვიღო არაჩვეულებრივად. სახლში შესვლისთანავე, მოწყურებული ქართულ საუბარს, გვითხრა: დაჯექით, და დაიწყო ფილოსოფიაზე ლაპარაკი. ორი საათი ილაპარაკა... ნიკო საუბრის დროს ფეხზე წამოდგა. გრიგოლმა მიმართა: „ნიკო! დაჯექი, ხელს ნუ მიშლი“... 17 დღე დავრჩით გრიგოლთან; სადილათ, ვახშმათ მასთან ვიყავი, ხანდახან დილის ორ საათამდის. გრძელი საუბრები სხვადასხვა თემაზე... დიდი ნასიამოვნები მოვბრუნდით - გზაში ერთმანეთს ვეუბნებოდით: გრიგოლი ას წელიწადს გადააბიჯებს. ისე კარგად იყო როგორც მუხის კუნძი! 15 ნოემბერს 1962 წელს მივიღე მისი უკანასკნელი ბარათი. 19 ნოემბერს მივიღე დეპეშა აწ განსვენებულ ნინო დადიანისაგან. „სანდრო, შვილო გრიგოლი გარდაიცვალა სასწრაფოდ ჩამოდი“. ასე მოულოდნელად გარდაიცვალა, მუდამ ქურასავით ანთებული ქართველთათვის. ის იყო სისრულის მაძიებელი. ამავე დროს პოეტური პროზის არაჩვეულებრივი ოსტატი... 
ჟენევის გარეუბნის სასაფლაოზე, 1962 წლის 22 ნოემბერს, ზონარებით, გრიგოლ რობაქიძის ცხედარი ჩავუშვით სამარეში. დასაფლავებას დავესწარით ქართველებიდან: ნინო დადიანი, ხარიტონ შავიშვილი, კიტა ჩხენკელი, ნინო სალია, კალე სალია, ნიკოლოზ ჩხოტუა, ნ. მაყაშვილი, დიკა კედია, სანდრო ფანჩულიძე“.

სიცოცხლის ბოლოს სანდროს ჰქონდა ბედნიერება, რომ სამშობლოში ემოგზაურა. სულაც იქ გადასახლებას ფიქრობდა, მაგრამ არ დასცალდა.

ალექსანდრე (სანდრო) ფანჩულიძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 1992 წლის ნოემბრის თვეში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

წყარო:

1. ღლონტი, ცისანა. იგი გრიგოლ რობაქიძეს ხელს უმართავდა // მწერლის გაზეთი. - , 2005. - 7-20 სექტემბერი. - N13. - გვ.14

2. ფანჩულიძე, სანდრო. გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიული ცნობები // თავისუფლების ტრიბუნა. პარიზი, 1981. N 35. გვ. 49–50; მებრძოლი საქართველო / ქართული ეროვნული საბჭოს ორგანო. - პარიზი, 1997. - მაისი. - N21(39). - გვ.48-49

3. გ.წ. [გიორგი წერეთელი]. სანდრო ფანჩულიძის გარდაცვალება // გუშაგი. -1992. - N29. - გვ. 84-85

4. ალექსანდრე ფანჩულიძის საფლავი ლევილის ქართველთა ... // dspace.nplg.gov.ge/handle/1234/162015 

 


Share: