The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლალი ჭილაია

ლალი ჭილაია
დაბადების თარიღი:196?
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

ლალი ჭილაია სოხუმში დაიბადა. აქვე მიიღო ვოკალის პირველი გაკვეთილი ქალბატონ თამარ ყოლბაიას კლასში. შემდეგ იყო თბილისის კონსერვატორია, გოჩა ბეჟუაშვილის კლასი და მერე ისევ სოხუმი. აფხაზეთის ომის გამო სამი წელი ადიღეის დედაქალაქ მაიკოპში კამერულ საოპერო თეატრში მოუხდა მუშაობა. აქ დირიჟორს კარგად შეეწყო და შემოქმედებითად დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. ხშირი კონცერტებით დაიხვეწა მისი ტექნიკა და სცენის დიდი გამოცდილებაც მიიღო. შეთავსებით ადიღეის უნივერსიტეტში მუშაობდა ვოკალის პედაგოგად.

მაიკოპიდან პოლიტიკური ურთიერთობების გართულების გამო წამოვიდა, მორალურ ზეწოლას ვეღარ გაუძლო. სამშობლოში თბილისის კონსერვატორიას დაუბრუნდა და ასპირანტურაში ნოდარ ანდღულაძესთან განაგრძო სწავლა. ამ პერიოდის ლამაზ მოგონებად დარჩა ბატონ ნოდართან და ჯემალ მდივანთან ერთად ჩატარებული რამდენიმე კონცერტი.

შემდგომი შემოქმედებითი წინსვლისთვის ქართველ სოპრანოს იტალიაში სურდა წასვლა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ესპანეთში დარჩა. 

ვინაიდან ესპანეთში მუდმივი საოპერო დასი არ არსებობს. მომღერლები ოპერის თეატრთან დროებით კონტრაქტებს დებენ. მიუხედავად ამისა, ქალბატონმა ლალიმ თავი დაიმკვიდრა თეატრის რეპერტუარში სტაბილურად შემავალ საოპერო სპექტაკლებში. მათ შორისაა: პერსელის „დიდო და ენეასი“, ბიზეს „კარმენი“, პუჩინის „ტოსკა“, ვერდის „აიდა“, ბრეტონის „ლა დოლორეს“ და სხვა.

მადრიდში ლალი ჭილაიას შემოსავლის ძირითადი წყარო პედაგოგიური და პარალელურად საკონცერტო საშემსრულებლო მოღვაწეობაა. ასწავლის მუსიკალურ სკოლაში - „ინტერმეცო“, ამზადებს სადოქტოროს მუსიკათმცოდნეობაში, მუშაობს Universidad Francisco de Vitoria-ში, თანამშრომლობს „კომლუტენსეს“ უნივერსიტეტის ფოლკლორის ფაკულტეტთან და ქართული პოლიფონიის ზოგად საკითხებზე ესაუბრება სტუდენტებს.

ლალი ჭილაია ამაყობს იმით, რომ ის გახლავთ მადრიდში საქართველოს სათვისტომოს დამფუძნებელი (ესპანეთის ქართული ემიგრაციის ასოციაცია „სათვისტომო“). ქართველი ემიგრანტები მართავენ კონცერტ-შეხვედრებს; ახალჩასულებს უგვარებენ იურიდიულ პრობლემებს; სამშობლოდან იწვევენ მართლმადიდებელ მოძღვარს და ესწრებიან ქართულ წირვა-ლოცვას, აქორწინებენ ახალგაზრდებს და ნათლავენ პატარებს. სათვისტომოს მიზანი და იდეაა გააერთიანოს ძველი და ახალი ემიგრაცია.

წყარო:

1. ჩიტაია, მარი. ზღვარი: უფლება-უუფლებობას შორის : ომის დასაწყისი... : სტატუსის მიღმა : ესპანეთში : ზღვარი // 24 საათი. - თბილისი, 2007. - 5 ივნისი. - N122 (1566). - გვ.8. - ჩანართი: აფხაზეთი

2. ჭილაია, ლალი. თუ გეღირსა სამშობლოსთვის ცხოვრება... : ინტერვიუ / ლალი ჭილაია ; ესაუბრა ეკა სარალიძე // ქართული ელიტა : საზ.-პოლიტიკური ჟურნალი. - თბილისი, 2010. - სექტემბერი. - N6(66). - გვ.46-47.

3. https://www.youtube.com/watch?v=20WmOgaomMA 


გააზიარე: