The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მარიამ მაღრაძე

მარიამ მაღრაძე
დაბადების თარიღი:1990  (34 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

მარიამ ომარის ასული მაღრაძე დაიბადა 1990 წელს თბილისში. დაამთავრა ნიჭიერთა ათწლედი, სადაც მომავალ მეუღლსთან, კოკა ნიკოლაძესთან ერთად ეუფლებოდა ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნებას. სწავლა ორივემ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გააგრძელა (2006-2010).  

კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, 2010 წელს, მარიამმა და კაკომ თავიანთი მონაცემები გააგზავნეს გერმანიაში, ქალაქ შტუდგარტის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში.

ახალგაზრდებმა შტუდგარტის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი გამიზნულად შეარჩიეს. აქ მოღვაწეობდნენ მათი საყვარელი მუსიკოსები - კომპოზიტორი  Marco Stroppa და ვიოლინოს პედაგოგი Cristine Busch-ი, ბაროკოს პერიოდის და ასევე თანამედროვე მუსიკის შესანიშნავი სპეციალისტი. ორივეს გაუმართლა და პროფესორებმა გამოთქვეს სურვილი მათთან ეთანამშრომლათ. მისაღები გამოცდების ჩაბარება არ გასჭირვებიათ. ყველაზე რთული სპონსორების მოძიება და სწავლის ფულის შეგროვება გამოდგა. როცა ყველაფერი მოგვარდა, მარიამი ქრისტინე ბუშის სტუდენტი გახდა სავიოლინო ფაკულტეტზე, კოკა კი მარკო ტროპამ აიყვანა საკომპოზიტოროზე.

ბაკალავრიატი ორ წელიწადში დაამთავრეს. პარალელურად მუშაობდნენ. მარიამი აიყვანეს მსოფლიოში უძველეს შტუდგარტის სახელმწიფო კამერულ ორკესტრში (Stuttgarter Kammerorchester), კოკა კი ევანგელისტური ეკლესიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლს დირიჟორობდა.

ორკესტრში მოხვედრა იოლი არ იყო. „პირველი სასწავლო წელი მთავრდებოდა... მითხრეს, რომ კამერულ ორკესტრში ერთი თავისუფალი ადგილი

იყო და ამ ადგილზე კონკურსი ტარდებოდა... პირველი ტური 70 მსურველიდან ექვსმა გადავლახეთ. ბოლო ეტაპზე კვარტეტში, თვითონ ორკესტრის კონცერტმაისტერებთან ერთად დაკვრას ითხოვდნენ. ამ დროს მთელი ორკესტრი ზის და გისმენს... გამოსაცდელი პერიოდი მომცეს, ერთი პროექტი დავუკარით ერთად, სამ დღეში მოვამზადეთ ორი სრული კონცერტის პროგრამა... მოკლედ, ამიყვანეს. თავდაპირველად ექვსთვიანი კონტრაქტი გამიფორმეს, შემდეგ კონტრაქტი გამიგრძელეს და ისე მოხდა, რომ შტუდგარტის კამერულ ორკესტში ერთი წელი ვუკრავდი. ასაკით ყველაზე პატარა ვიყავი ორკესტრში... ეს ჩემთვის ფანტასტიკური გამოცდილება იყო, - იხსენებს მარიამი.

კამერული ორკესტრის კონცერტები თითქმის ყოველდღიურად იმართებოდა. მუსიკოსები ბევრს მოგზაურობდნენ და მარიამმა ძალიან კარგი პრაქტიკა მიიღო. გასტროლები ჰქონდათ გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში, იტალიაში, ნორვეგიაში, დანიაში, არგენტინაში, ბრაზილიაში, პერუში, ეკვადორზე, ინდოეთში...

ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, 2012 წელს, კოკა და მარიამი ნორვეგიაში გადავიდნენ  სწავლის გასაგრძელებლად. ამ გადაწყვეტილების შესახებ მარიამი ასე მოგვითხრობს: „არაჩვეულებრივი გარემოა გერმანიაში, მაგრამ რაღაც ეტაპზე ალბათ საჭიროა იმ გარემოდან გამოხვიდე და ყველაფერს გარედან შეხედო, თუნდაც იმიტომ, რომ შენი თვალით ნახო სხვაგან რა ხდება... მაგისტრატურის კურსების გავლა ოსლოში გადავწყვიტეთ. ჩვენს უნივერსიტეტს Norwegian academy of music ჰქვია. კოკამ ახალგახსნილ ექსპერიმენტულ ფაკულტეტზე ჩააბარა, ახლა კომპოზიციას და new music technology -ს სწავლობს, მე სავიოლინოზე.

ოსლოში ჩამოსვლა ჩემი აქაური პროფესორის დეტლეფ ჰანის გამო მინდოდა - წარმოშობით გერმანელია, მაგრამ უკვე 30 წელია ლონდონში ცხოვრობს და ოსლოს პარალელურად Royal Academy-ში ასწავლის. საოცარი მუსიკოსი და ფანტასტიკური ადამიანია - გაცვეთილად ჟღერს, მაგრამ პიროვნებას, რომელიც რაღაცას მასწავლის, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ...“. .

მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სამუშაოდ ნორვეგიაში დარჩა. მარიამი ოსლოს ფილარმონიის ორკესტრის პირველი ვიოლინოა და ფოლკლორულ ორკესტრშიც უკრავს. საქართველოშიც ხშირად ჩამოდიან კონცერტებით, მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში და ფესტივალებში.

წყარო: 

1. მაღრაძე, მარიამ. ოსლო, შტუტგარტი და კამერული ორკესტრი : ინტერვიუ / მარიამ ნიკოლაძე ; ესაუბრა თიკა ნიკოლაძე // 24 საათი. - თბილისი, 2013. - 9 მაისი. - N3277 (84). - გვ.17-18. - Weekend. 10 - 16 მაისი. 2013 წ. N17 (130)

2. ნიკოლაძე, თინა. კოკას და მარიამის აქტიური მუსიკალური ცხოვრება / თინა ნიკოლაძე // 24 საათი. - თბილისი, 2011. - 21 ოქტომბერი. - N2846 (238). - გვ.17-18. - Weekend. 21 ოქტომბერი - 27 ოქტომბერი, 2011 წ. N30(71) - ჩანართი "14-24"


გააზიარე: