შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ალექსი ნიკოლოზის ძე ფანჩულიძე![]()
ბიოგრაფიაპენზის გუბერნიის თავად ფანჩულიძეთა შტოს წარმომადგენელი ალექსი ნიკოლოზის ძე ფანჩულიძე (ფანჩულიძევი) დაიბადა 1884 წლის 16 აპრილს, სანკტ-პეტერბურგში. მისი მამა, ნიკოლოზ ალექსის ძე (1856, 6, 12 - ?) იყო გვარდიის პოლკოვნიკი, უმაღლესი სასამართლოს კამერგერი; 1887-1899 წლებში ეკავა პენზის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლის პოსტი; არჩეული იყო, ასევე, საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ და ჩორთით მოსიარულე ცხენების მოყვარული საზოგადოების პრეზიდენტად; ნიკოლოზ ფანჩულიძის სახელს ატარებს სადგური სიზრან-ვიაზემსკის გზაგასაყარზე, რომელსაც „ფანჩულიძევკა“ (Панчулидзевка) ეწოდება. ალექსი ნიკოლოზის ძე ფანჩულიძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი (1903 წ.), რაც იმ დროში განაპირობებდა სწრაფ და წარმატებულ სამხედრო კარიერას. სამსახური დაიწყო 1904 წლის 1 აპრილს ციმბირის კაზაკთა ჯარის მე-2 ნერჩინსკის პოლკში კორნეტის წოდებით; მოგვიანებით მიავლინეს 52-ე დრაგუნთა ნეჟინსკის პოლკის მე-4 ესკადრონში, რომლის შემადგენლობაშიც მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. მისი ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ ალექსი ფანჩულიძე მოგვითხრობს 1907 წელს გამოქვეყნებულ მოგონებებში: „Война с Японией. 1904—1905 гг.: Из поход. жизни 4-го эскадрона 52-го драгунского Нежинского полка. Воспоминания бывшего офицера эскадрона о набеге на Инкоу, о боях под Сандепу и о сражении под Мукденом“ // Пажеский сборник, 1907, № 8, с. 5 — 46; 1908, № 9, с. 16 — 53. 1909-1910 წლებში ალექსი ნიკოლოზის ძე ფანჩულიძე იყო სამხედრო ატაშე ტოკიოში; პირველი მსოფლიო ომის დროს შტაბს-როტმისტრის ჩინით იბრძოდა ლეიბ-გვარდიის ულანთა პოლკის შემადგენლობაში დასავლეთის ფრონტზე (საფრანგეთი).1914 წლის 14 ოქტომბერს დაბა ზვოლენთან გამოჩენილი გმირობისათვის, სადაც ტყვედ აიყვანა მოწინააღმდეგის 38 ჯარისკაცი, 1915 წლის 2 ივნისს დააჯილდოვეს წმინდა გიორგის იარაღით. სამხედრო კარიერის მანძილზე ალექსი ფანჩულიძე დაჯილდოებული იყო: წმ. ანას მე-4 ხარისხის ორდენით, წარწერით «За храбрость» (19.02.1905); წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხით მახვილებითა და ბაფთით (10.03.1906); წმ. ანას მე-3 ხარისხით მახვილებითა და ბაფთით (17.06.1907); წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხით (6.12.1912); საიმპერატორო ჯილდო „Высочайшее благоволение“ ( 27.05.1913); წმ. ანას მე-2 ხარისხით მახვილებით (19.11.1914); წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხით მახვილებითა და ბაფთით (3.03.1915); იყო, აგრეთვე, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი. ომში მიღებული ჭრილობის შემდეგ, 1915 წლის შემოდგომაზე, ალექსი ნიკოლოზის ძე მიავლინეს საფრანგეთში, სამხედრო აგენტის თანაშემწედ რუსეთის საელჩოში;1915-1917 წლებში ლეიბ-გვარდიის ულანთა პოლკის როტმისტრის წოდებით ის იყო ხელმწიფე- - იმპერატორის წარმომადგენლის ადიუტანტი საფრანგეთის არმიის მთავარ შტაბ-ბინაში. 1917 წლის 30 იანვრიდან მას ეკავა დავალებათა შტაბ-ოფიცრის თანამდებობა სამხედრო აგენტ გრაფ იგნატიევთან; 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ალექსი ფანჩულიძე სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. 1923-1924 წლებში მსახურობდა საფრანგეთის გენერალური შტაბის ერთ-ერთ დეპარტამენტში. იყო პარიზის ჰუსართა გროდნოს პოლკის ვეტერანთა გაერთიანებისა და წმინდა გიორგის კავალერთა საზოგადოების წევრი; თადარიგში ალექსი ნიკოლოზის ძე ფანჩულიძე პოლკოვნიკის წოდებით გავიდა. ემიგრაციაში იგი სასულიერო მოღვაწეობის გზას დაადგა, ჯერ დიაკვანი გახდა, 1956 წელს კი მღდვლად ეკურთხა. მსახურობდა პარიზსა და მის შემოგარენში: 1956 წ. - წმ. სპირიდონის ეკლესია რიუელ-მალმეზონში; 1956-1957 წწ. - პოკროვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ლიონში; 1957-1958 წწ. - წმ. ნიკოლოზის ეკლესია ტულუზაში; 1958-1959 წწ. - წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესია ლე კრეზოში; 1959-1961 წწ. - ღვთისმშობლის შობის ტაძარი პტი-კლამარში. სიცოცხლის ბოლოს ალექსი ნიკოლოზის ძე მღვდლის მოვალეობას ასრულებდა პოკროვოს მონასტერში საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე პატარა ქალაქ ბუსსი ან-ოტში. აქვე გარდაიცვალა 1964 წლის 9 თებერვალს. დაკრძალულია ადგილობრივ სასაფლაოზე. წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/ Панчулидзев Алексей Николаевич
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |