The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსი ნიკოლოზის ძე ფანჩულიძე

ალექსი ნიკოლოზის ძე ფანჩულიძე
დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1884
გარდაცვ. თარიღი:9 თებერვალი, 1964  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქალაქ ბუსსი ან-ოტის სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:სამხედრო პირი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

პენზის გუბერნიის თავად ფანჩულიძეთა შტოს წარმომადგენელი ალექსი ნიკოლოზის ძე ფანჩულიძე (ფანჩულიძევი) დაიბადა 1884 წლის 16 აპრილს, სანკტ-პეტერბურგში. მისი მამა, ნიკოლოზ ალექსის ძე (1856, 6, 12 - ?) იყო გვარდიის პოლკოვნიკი, უმაღლესი სასამართლოს კამერგერი; 1887-1899 წლებში ეკავა პენზის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლის პოსტი; არჩეული იყო, ასევე, საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ და ჩორთით მოსიარულე ცხენების მოყვარული საზოგადოების პრეზიდენტად; ნიკოლოზ ფანჩულიძის სახელს ატარებს სადგური სიზრან-ვიაზემსკის გზაგასაყარზე, რომელსაც „ფანჩულიძევკა“ (Панчулидзевка) ეწოდება.  

ალექსი ნიკოლოზის ძე ფანჩულიძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი (1903 წ.), რაც იმ დროში განაპირობებდა სწრაფ და წარმატებულ სამხედრო კარიერას. სამსახური დაიწყო 1904 წლის 1 აპრილს ციმბირის კაზაკთა ჯარის მე-2 ნერჩინსკის პოლკში კორნეტის წოდებით; მოგვიანებით მიავლინეს 52-ე დრაგუნთა ნეჟინსკის პოლკის მე-4 ესკადრონში, რომლის შემადგენლობაშიც მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. მისი ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ ალექსი ფანჩულიძე მოგვითხრობს 1907 წელს გამოქვეყნებულ მოგონებებში: „Война с Японией. 1904—1905 гг.: Из поход. жизни 4-го эскадрона 52-го драгунского Нежинского полка. Воспоминания бывшего офицера эскадрона о набеге на Инкоу, о боях под Сандепу и о сражении под Мукденом“ // Пажеский сборник, 1907, № 8, с. 5 — 46; 1908, № 9, с. 16 — 53.

1909-1910 წლებში ალექსი ნიკოლოზის ძე ფანჩულიძე იყო სამხედრო ატაშე ტოკიოში; პირველი მსოფლიო ომის დროს შტაბს-როტმისტრის ჩინით იბრძოდა ლეიბ-გვარდიის ულანთა პოლკის შემადგენლობაში დასავლეთის ფრონტზე (საფრანგეთი).1914 წლის 14 ოქტომბერს დაბა ზვოლენთან გამოჩენილი გმირობისათვის, სადაც ტყვედ აიყვანა მოწინააღმდეგის 38 ჯარისკაცი, 1915 წლის 2 ივნისს დააჯილდოვეს წმინდა გიორგის იარაღით.

სამხედრო კარიერის მანძილზე ალექსი ფანჩულიძე დაჯილდოებული იყო: წმ. ანას მე-4 ხარისხის ორდენით, წარწერით «За храбрость» (19.02.1905); წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხით მახვილებითა და ბაფთით (10.03.1906); წმ. ანას მე-3 ხარისხით მახვილებითა და ბაფთით (17.06.1907); წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხით (6.12.1912); საიმპერატორო ჯილდო „Высочайшее благоволение“ ( 27.05.1913); წმ. ანას მე-2 ხარისხით მახვილებით (19.11.1914); წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხით მახვილებითა და ბაფთით (3.03.1915); იყო, აგრეთვე, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი.

ომში მიღებული ჭრილობის შემდეგ, 1915 წლის შემოდგომაზე, ალექსი ნიკოლოზის ძე მიავლინეს საფრანგეთში, სამხედრო აგენტის თანაშემწედ რუსეთის საელჩოში;1915-1917 წლებში ლეიბ-გვარდიის ულანთა პოლკის როტმისტრის წოდებით ის იყო ხელმწიფე- - იმპერატორის წარმომადგენლის ადიუტანტი საფრანგეთის არმიის მთავარ შტაბ-ბინაში.

1917 წლის 30 იანვრიდან მას ეკავა დავალებათა შტაბ-ოფიცრის თანამდებობა სამხედრო აგენტ გრაფ იგნატიევთან;

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ალექსი ფანჩულიძე სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. 1923-1924 წლებში მსახურობდა საფრანგეთის გენერალური შტაბის ერთ-ერთ დეპარტამენტში. იყო პარიზის  ჰუსართა გროდნოს პოლკის ვეტერანთა გაერთიანებისა  და წმინდა გიორგის კავალერთა საზოგადოების წევრი;

თადარიგში ალექსი ნიკოლოზის ძე ფანჩულიძე პოლკოვნიკის წოდებით გავიდა. ემიგრაციაში იგი  სასულიერო მოღვაწეობის გზას დაადგა, ჯერ დიაკვანი გახდა, 1956 წელს კი მღდვლად ეკურთხა. მსახურობდა პარიზსა და მის შემოგარენში: 1956 წ. - წმ. სპირიდონის ეკლესია რიუელ-მალმეზონში; 1956-1957 წწ. - პოკროვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ლიონში; 1957-1958 წწ. - წმ. ნიკოლოზის ეკლესია ტულუზაში; 1958-1959 წწ. -  წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესია ლე კრეზოში; 1959-1961 წწ. -  ღვთისმშობლის შობის ტაძარი პტი-კლამარში.

სიცოცხლის ბოლოს ალექსი ნიკოლოზის ძე მღვდლის მოვალეობას ასრულებდა პოკროვოს მონასტერში საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე პატარა ქალაქ ბუსსი ან-ოტში. აქვე გარდაიცვალა 1964 წლის 9 თებერვალს. დაკრძალულია ადგილობრივ სასაფლაოზე.

წყარო:

https://ru.wikipedia.org/wiki/ Панчулидзев Алексей Николаевич


გააზიარე: