The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი მიქაძე

გიორგი მიქაძე
დაბადების თარიღი:1989  (36 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ნიუ-იორკში მოღვაწე უნიკალური და ექსტრაორდინალური ტალანტის მქონე მუსიკოსმა გიორგი მიქაძემ კლასიკური მუსიკალური განათლება საქართველოში მიიღო და აშშ-ში გამგზავრებამდე, როგორც კლასიკური მუსიკის შემსრულებელმა, არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატობა მოიპოვა.

დაიბადა თბილისში. ფორტეპიანოზე დაკვრა 5 წლის ასაკში დაიწყო; 12 წლის იყო როცა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრა კონცერტზე; 14 წლისამ შექმნა პირველი მუსიკალური კომპოზიციები; სწავლობდა „ნიჭიერთა ათწლედში; იყო ჯანსუღ კახიძის „ბიჭუნათა გუნდის“ სოლისტი.

2010 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი. კლასიკურ მუსიკას ეუფლებოდა, თუმცა, პარალელურად სერიოზულად დაინტერესდა ჯაზით და არანჟირებით. სწავლის პერიოდში დაიმსახურა ეთერ ანჯაფარიძისა (2007 წ.) და გია ყანჩელის (2009-2010 წწ.) სახელობის სტიპენდიები. 2009 წელს მოიპოვა გრანტი ტეხასში Round-Top-ის საერთაშორისო ფესტივალზე  მონაწილეობისთვის. 

2010 წელს გიორგი მიქაძე გახდა პრეზიდენტის სტიპენდიატი და აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული, ბოსტონის Berklee College of Music-ის სტუდენტი სწავლის სრული, ოთხწლიანი დაფინანსებით. მუსიკოსი იგონებს, რომ ბერკლიში კონკურსი იყო გამოცხდებული, რომლის საკონკურსო პირობის მიხედვით ვინც გაიმარჯვებდა, ის ნაწარმოებს ბერკლის ორკესტრთან ერთად შეასრულებდა. გამარჯვების შემდეგ გიორგიმ  რაველის G-dur კონცერტი შეასრულა ბერკლის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

სწორედ სასწავლებელში დაიწყო ქართველი მუსიკოსის, როგორც ჯაზ-შემსრულებლის, კომპოზიტორის, დირიჟორის, მენეჯერის და არანჟირებების ავტორის, წარმატებული კარიერა. მისი ინიციატივით ბერკლიში განხორციელდა რამდენიმე გრანდიოზული პროექტი: 2013 წლის 24 თებერვალს გამართული საღამო მიეძღვნა თანამედროვე მუსიკის უდიდესი ავტორიტეტის, კომპოზიტორის, დირიჟორის, პროდიუსერის, არანჟირებების ავტორისა და 27 "გრემის" მფლობელ ქუინსი ჯონსის 80 წლის იუბილეს; პროექტში The Music of Quincy Jones Featuring Siedah Garrett and Patti Austin  გიორგი მიქაძე წარდგა, როგორც პროექტის იდეის ავტორი, სტუდენტების მუსიკალური დირექტორი, შემსრულებელი, პიანისტი და რამდენიმე კომპოზიციის არანჟირების ავტორი. ამავე წელს ის გახდა ვაშინგტონის ჯონ კენედის სახელობის ცენტრის  Betty Carter’s Jazz Ahead Residency Program-ის  გამარჯვებული; ასევე, მიენიჭა Berklee College of Music-ის Emanuel Zambeli-ის სახელობის სტიპენდია; უნივერსიტეტის  სიახლეების გვერდზე იგი რამდენჯერმე დაასახელეს  ერთ-ერთ წარმატებულ სტუდენტად და „ბერკლის სახედ“. 

დღევანდელი მონაცემებით მუსიკოსი ფლობს ბაკალავრის 3 ხარისხს: ხელოვნების აკადემიურ ხარისხს კლასიკური ფორტეპიანოს სპეციალობით (თბილისის სახ. კონსერვატორია) და კომპოზიციის და საშემსრულებლო ორმაგ ხარისხს (Berklee College of Music).

2014 წელს გიორგი მიქაძე ნიუ-იორკის უდიდესი მუსიკალური ტრადიციების მქონე სახელოვნებო აკადემიის - Manhattan School of Music-ის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა. ის 3 000 აპლიკანტს შორის აღმოჩნდა ერთადერთი მუსიკოსი, ვინც მაგისტრატურის სრული, ორწლიანი სასწავლო გრანტი (Full-tuition Scholarship grant for MA Program) მოიპოვა.

ახალგაზრდა მუსიკოსი სისტემატურად მართავს კონცერტებს აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ, ელიტარულ დარბაზებსა და ჯაზ-კლუბებში, როგორც კლასიკური, ისე ჯაზის, ბლუზის, გოსპელის, პოპის, ფანკის, Fusion-ის, R&B-ის, ელექტრო-აკუსტიკური, ექსპერიმენტული და მიკროტონალური მუსიკის შემსრულებელი. სწორედ ამიტომ მას ხშირად „უნივერსალურ მუსიკოსს“ უწოდებენ.

გიორგი მიქაძეს ჰქონდა კონცერტები მსოფლიოში აღიარებული ქორეოგრაფიული დასის, Riverdance -ის "გრემის" მფლობელ კომპოზიტორ ბილ ვილანთან, რომლის მუსიკასაც ბავშობიდან იცნობდა; იგი საკუთარ ბენდში - Rainbow All Stars, პიანისტად მიიწვია შოუ–ბიზნესის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ, საქსაფონისტმა, Mack Avenue Records-ის არტისტმა, ბიონსეს Beyonce's All Female Band- ის ლიდერმა ტია ფულერმა და მის ბენდთან ერთად ჰქონდა საკონცერტო ტურნე აშშ-ის რამოდენიმე შტატში; მონაწილეობდა მასაჩუსეტის შტატის ძალზე პრესტიჟულ ფესტივალ BeanTown Jazz Festival 2013-ზე, რომლის ფარგლებშიც წარსდგა სამი კონცერტით: საკუთარი ბენდით;  დეივიდ ფიუზინსკისთან ერთად პროექტით Planet Microjam და ბასისტ, მომღერალ, ნეო-სოულის წარმომადგენელ, "გრემიზე" ათჯერ ნომინირებულ მიშელ ენდეჯიოჩელოსთან  ერთად. 

2014 წლის ზაფხულში, 3 –დან 16– ივლისის  ჩათვლით ქართველი მუსიკოსი მიწვეული იყო შვეიცარიის მონტროს ჯაზ ფესტივალზე (Montreux Jazz Festival), რომელიც  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია  მსოფლიოს საუკეთესო ჯაზ – ფესტივალებს შორის. ამ გრანდიოზულ ფესტივალზე მონაწილეობის უფლება მან მოიპოა თანამედროვე ჯაზ–სამყაროს ერთ-ერთ  ყველაზე აღიარებული  გიტარისტის, "გრემის" მფლობელ  ლი რიტენურის  კონკურსში - Six String Theory Music Competition - გამარჯვებით. 

მიუხედავად სტილური ორიენტირების მრავალფეროვნებისა, გიორგი საკომპოზიციო შემოქმედებაში ხშირად ეყრდნობა ქართული ხალხური მუსიკის მოტივებს. ამ მიმართულებით შექმნილი კომპოზიციებიდან აღსანიშნავია: „კავკასიური ნაგაზი“, „იგავის მოსმენის შემდეგ“, ნანა“, „საჭიდაო“ „აზამატი“, „სვანური ნანა“... მათში ორგანულადაა შერწყმული აფრო-ამერიკული ჯაზის, კლასიკისა და ქართული ფოლკლორული მუსიკის ელემენტები. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი VOISA, რომელიც ქართული ფოლკლორის მრავალსაუკუნოვანი მონაპოვარისა და თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების უნიკალური და ნოვატორული სინთეზის ნიმუშს წარმოადგენს.. VOISA-ს პრეზენტაცია შედგა ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცე  ShapeShifter Lab-ში, 2016 წელს, ხოლო მისი ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა 2017 წლის 14 ივნისს, პეკინის საკონცერტო დარბაზში მოხდა.

2018 წლის ზაფხულში VOISA საქართველოშიც ჩამოიტანეს. საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე გამართულ კონცერტში ავტორის გარდა მონაწილეობდნენ ანსამბლი „ბასიანი“ და All-Star Band, რეიდარ ელისი, ანტუან კატსი, შაჰარ ელნათანი, ზაკ მალინსი, ფერნანდო საჩი, დიტო საკანდელიძე და რონი ეითანი.

ძალიან აქტიური და წარმატებული საშემსრულებლო და საკომპოზიტორო მოღვაწეობის პარალელურად გიორგი მიქაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პროფესიულ აკადემიურ განათლებას: „ მე კლასიკური მუსიკალური განათლება მივიღე. კონსერვატორია საფორტეპიანო განხრით დავამთავრე. ვთვლი, რომ მუსიკოსად ჩამოყალიბებისთვის თანმიმდევრული კლასიკური მუსიკალური განათლება უმნიშვნელოვანესია. არ აქვს მნიშვნელობა შემდგომში რა მიმართულებით გააგრძელებ მოღვაწეობას. რასაკვირველია, ისევ ვუკრავ კლასიკურ მუსიკას და ვცდილობ ის ცოდნის ბაზა არ დავკარგო, რაც  ჩემმა პედაგოგებმა ნოდარ ნაკაიძემ და კომპოზიციის პედაგოგმა ნუნუ დუღაშვილმა მომცეს,  კონსერვატორიაში კი – პროფესორმა რევაზ თავაძემ“, - მადლიერებით აღნიშნავს მუსიკოსი.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაძე პირველი ქართველია, რომელმაც ჯაზის მაგისტრის წოდება მიიღო უდიდესი მუსიკალური ტრადიციების მქონე Manhattan School of Music-ში, რამდენიმე წლის წინ კი მან კონტრაქტი გააფორმა YAMAHA Corporation-თან და YAMAHA-ს პირველი ქართველი ჯაზ-არტისტი გახდა.

დღევანდელი მონაცემებით YAMAHA-ს ჯაზ-არტისტების რიცხვში 40-მდე მსოფლიო რანგის ლეგენდარული მუსიკოსია გაერთიანებული და მათ შორის ერთ-ერთი გიორგი მიქაძეა.

გიორგი მიქაძე სტუდენტებსაც ასწავლის და ხშირად მართავს მასტერკლასებს, მათ შორის, სამშობლოშიც. მისი პედაგოგიური მოღვაწეობა არაერთ მიმართულებას მოიცავს - საშემსრულებლო, თეორია, ისტორია, საანსამბლო.

ბერკლის კოლეჯი ყოველწლიურად ზაფხულში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2000-მდე სტუდენტს იწვევს. 2017 წელს საზაფხულო სკოლაში გიორგი მიქაძეც მიიწვიეს. შეთავაზება მან უშუალოდ სასწავლებლის პრეზიდენტისგან მიიღო და ექვსი სახვადასხვა დონის ჯგუფი ჩაიბარა. ის ბერკლის პრესტიჟული კოლეჯის პირველი მიწვეული პროფესორია საქართველოდან.

წყარო: 

1. http://www.giorgimikadze.com/;

2. https://www.marketer.ge/voisa-black-4/

3. https://www.amerikiskhma.com/a/giorgi-mikadze-ny/3952254.html

4. https://iliauni.edu.ge/.../ashsh-shi-mcxovrebi-cnobili-qartveli-djaz-pianistisa-da-komp...

5. https://api.fortuna.ge/giorgi-miqadze-niu-iorkshi-moghvawe-qartveli-khelovanis-udid...

მიქაძე, გიორგი. როგორ გამოიყენა "ბარკლის" დიდ დარბაზში თავის კონცერტზე ჩონგური გიორგი მიქაძემ და რატომ დაავალეს მას მნიშვნელოვანი ცერემონიალების სამხატვრო ხელმძღვანელობა : ინტერვიუ/ გიორგი მიქაძე; ესაუბრა ნათია უტიაშვილი// თბილისელები. - 2014. - 7-13 აპრილი.- N14(693). - გვ.18

მიქაძე, გიორგი. როგორ მიიწვიეს გიორგი მიქაძე „ბერკლიში“ პროფესორად და როგორ გახდა ის ცნობილი არტისტის ბენდის წევრი, რომელთანაც ის შოუებს მთელ მსოფლიოში გამართავს: ინტერვიუ/ გიორგი მიქაძე; ესაუბრა ნათია უტიშვილი // თბილისელები. -  2018. -30 აპრილი-6 მაისი . - N18(905). - გვ.59

 
 

გააზიარე: