The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ეკატერინე მეიშვილი

ეკატერინე მეიშვილი
Date of birth:1975  (49 years)
Category:Athlete

Biography

ტანმოვარჯიშე ეკატერინე მეიშვილი დიდი ხნის წინ გაემგზავრა ამერიკაში. მეუღლესთან დაშორების შემდეგ მატერიალურად ძალიან გაუჭირდა, იძულებული გახდა 4 წლის გოგონა მშობლებთან დაეტოვებინა და სამუშაო უცხო ქვეყანაში ეძებნა. მაშინ  25 წლის იყო.

ამერიკაში ყველაფერი ნულიდან დაიწყო. საქართველოში მხატვრულ ტანვარჯიშში ნელი სალაძის სკოლა ჰქონდა გავლილი, 5-გზის საქართველოს ჩემპიონი­ იყო, მაგრამ როცა ენა არ იცი და არალეგალი ხარ შენი სპორტული გამოცდილება არავის სჭირდება. თავიდან ნიუ-იორკში ცხოვრობდა. ცდილობდა ისეთი სამსახური მოეძებნა, სადაც რუსულად ლაპარაკობდნენ, ანაზღაურებაც დაბალი ჰქონდა. ნელ-ნელა ინგლისური ისწავლა და მდგომარეობაც გამოუსწორდა. 2 წელიწად-ნახევრის შემდეგ მწვანე ბარათი მიიღო. 2007 წელს მოქალაქე გახდა და შვილის წაყვანაც შეძლო, რომელიც უკვე 11 წლის იყო.

როცა ეკატერინეს გაუჩნდა დრო და ფინანსები, გადაწყვიტა სპორტს დაბრუნებოდა. რადგან მის ასაკში უკვე შეუძლებელი იყო მხატვრულ ტანვარჯიშში შეჯიბრებებზე გამოსვლა, გადაწყვიტა ფიტნესით დაკავებულიყო და კალიფორნიის ერთ-ერთ კლუბში დაიწყო ვარჯიში. ფიტნესმა მისი პირადი ცხოვრებაც განსაზღვრა. ის და მისი მომავალი მეუღლე ბრაიანი ერთ კლუბში ვარჯიშობდნენ. ამ კლუბს კალიფორნიაში 20 ფილიალი აქვს, დღეს ბრაიანი ყველა ფილიალის დირექტორია.

ამჟამად ეკატერინე მეიშვილი მსოფლიო ჩემპიონია­ ფიტნესში, მეუღლესა და შვილებთან ერთად კალიფორნიაში ცხოვრობს­ და ელიტურ მწვრთნელად ითვლება. იგი წარმატებით უძღვება­ ოჯახს, ვარჯიშობს და წელიწადში ორჯერ შეჯიბრებებზე გამოდის. 2015 წელს პირველად გახდა ჩემპიონი მაიამიში მსოფლიო დონის შეჯიბრებაში "ფიტნესს იუნივერს", მეორედ ლას-ვეგასში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე „ფიტნეს ამერიკა 2016" გამოვიდა და გაიმარჯვა კიდეც, მან პირველობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ექვსას კონკურსანტს შორის მოიპოვა.

ეკატერინე მეიშვილი-გუნსლერი ყველა შეჯიბრზე, ჩემპიონატზე და კონკურსზე მხოლოდ საქართველოს დროშით გამოდის და თითქმის ყველა მისი ნომერი ეროვნული მუსიკის თანხლებით სრულდება.

2017 წელს ქართველმა ფიტნეს-ინსტრუქტორმა ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსზე Fitness Universe Championships – Miami მეორე ადგილი დაიკავა.კონკურსში მონაწილეობდა 200-ზე მეტი ადამიანი უნგრეთიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან, ჩინეთიდან, სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ეკატერინეს მეუღლეს, ბრაიანს ძალიან უყვარს საქართველო და ამბობს, რომ სიამოვნებით იცხოვრებდა აქ. უყვარს მთები, თევზაობა, ნადირობა. გაოცებულია ქართული სტუმართმოყვარეობით. უფროსი ქალიშვილი, ნინი, თავის კოლეჯში ნომერი პირველი ჩოგბურთელია და ფიტნესშიც გულმოდგინედ ვარჯიშობს. ტყუპი ქალ-ვაჟი მეორე ქორწინებიდან, ნიკოლოზი და მზია აშშ-ში დაიბადნენ. ნინიმ ქართულიკარგად იცის, რადგან საქართველოში გაიზარდა, უმცროსები კი ბეჯითად სწავლობენ. ქართული კარგად ესმით, მაგრამ კითხვებზე ინგლისურად პასუხობენ. დედა მათ უკითხავს წიგნებს მშობლიურ ენაზე, ასმენინებს ხალხურ სიმღერებს და, შეძლებისდაგვარად, ხშირად ჩამოჰყავს საქართველოში.

 ეკატერინე დღეს ბედნიერია. მისი ამერიკული ოცნება ახდა, მაგრამ სამშობლოდან მუდმივად შორს ყოფნას არ აპირებს. „მე და ბრაიანს გადაწყვეტილი გვაქვს, ბავშვები რომ კოლეჯში ჩააბარებენ, 6 თვე საქართველოში ვიცხოვროთ, 6 თვე კი - ამერიკაში“, - ამბობს ამერიკული ფიტნესის ქართველი დედოფალი.

წყარო:

1. https://www.kvirispalitra.ge/.../37233-qchemi-uckhoeli-meughle-imitom-mometsona-r... // კვირის პალიტრა. თბილისი, 2017. 25 სექტემბერი – 1 ოქტომბერი. N 39 (1208). გვ. 23.

2. https://sputnik-georgia.com/.../qarTvelma-maiamis-fitnes-konkursSi-saprizo-adgili-dai...


Share: