The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


შალვა მუქერია

შალვა მუქერია
Date of birth:23 April, 1964  (59 years)
Category:Singer

Biography

რომანტიკული საოპერო რეპერტუარის ოსტატად აღიარებული ქართველი ტენორი შალვა მუქერია დაიბადა 1964 წლის 23 აპრილს, თბილისში. დედა – საქართველოს დამსახურებული არტისტი რუქაია ცინცაძე 40-45 წელი იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდის მსახიობი. მამაც მუსიკოსი გახლდათ, პროფესორი. ისიც, ასევე, 45 წელი მუშაობდა კონსერვატორიაში, ოპერის თეატრის ორკესტრის კონცერტმაისტერად. ბაბუაც – მამის მხრიდან,  ლოტბარი იყო, ასკაციან გუნდს ხელმძღვანელობდა. მუსიკოსია შალვას უფროსი ძმა, დავითიც, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორკესტრის დირიჟორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა და მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

შალვა მუქერია იხსენებს, რომ 5-6 წლის ასაკიდან უკვე დარწმუნებული იყო, რომ მომღერალი გამოვიდოდა. თუმცა თავიდანვე მომღერლობით არ დაუწყია, ნიჭიერთა ათწლედში კლარნეტზე დაკვრას ეუფლებოდა.

მუსიკოსმა1989 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (კლარნეტი); 1985-1988 წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის მუსიკოსი (I კლარნეტი, საქსოფონი); პარალელურად ვოკალში მეცადინეობდა ნოდარ ანდღულაძესთან და ზურაბ სოტკილავასთან;

1998 წელს შალვა მუქერიამ დაამთავრა ოდესის კონსერვატორია ვოკალის განხრით და მაშინვე გახდა ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრის სტაჟიორი, შემდეგ სოლისტი (2004-წლამდე); ასრულებდა წამყვან პარტიებს ვერდის, დონიცეტისა და სხვა ცნობილ კომპოზიტორთა ოპერებში.

1999 წელს მომღერალი მონაწილეობდა საზეიმო კონცერტში პარმის (იტალია) ოპერის თეატრში. კონცერტის შემდეგ დირიჟორმა ზ. მეტამ იგი მიიწვია ფლორენციაში, ელვინოს პარტიის შესასრულებლად (ბელინი "სომნამბულა"); ეს იყო მისი პირველი იტალიური წარმატება.

2004 წელს გაიმართა შალვა მუქერიას დებიუტი აშშ-ში.

2005-2007 წლებში ქართველი ტენორი ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრის შტატიანი სოლისტი იყო. ვენაში პირველად „პურიტანებში“იმღერა და მეორე დღესვე უკვე ცნობილმა გაიღვიძა. ჟურნალ-გაზეთები სავსე იყო საქებარი სტატიებით. „ეს როლი ორ კვირაში მოვამზადე და ამხელა წარმატებას არავინ ელოდა. დირექტორი ამბობდა:  მუქერია ზღვაში გადავაგდე, მაინტერესებდა, თუ გაცურავდა და გაცურა კი არა, მეორე ნაპირზე გავიდაო“, - იხსენებს მომღერალი.

2007 წელს შედგა შალვა მუქერიას დებიუტი "ლა სკალა"-ში, ტონიო (დონიცეტი "პოლკის ქალიშვილი"); ხოლო 2015 წელს — „დიდ თეატრში“. „ლა სკალაში“ პარტნიორობას ნინო მაჩაიძე უწევდა და სპექტაკლს ისეთი წარმატება ხვდა წილად, რომ მომღერალს კონტრაქტი დაუდეს, რაც იშვიათი მოვლენაა, რადგან მას იტალიაში არ უსწავლია და კონტრაქტი მოსმენის შედეგად მიიღო.

შალვა მუქერია ამჟამად ცხოვრობს მადრიდში. მომღერლის რეპერტუარშია: ნემორინო, ედგარი, ლესტერი, პერსი, ერნესტო, ალამირი, ტონიო (დონიცეტი "სიყვარულის ნექტარი", "ლუჩია დი ლამერმური", "მარია სტიუარტი", "ანა ბოლეინი", "დონ პასკუალე", "ბელიზარიო", "პოლკის ქალიშვილი"); რუდოლფი, არტური (პუჩინი "ბოჰემა", "პურიტანები"), იტალიელი მომღერალი (რ. შტრაუსი "ვარდების კავალერი"), ელვინო, ტიბალტი, კორასმინი (ბელინი "სომნამბულა", "კაპულეტი და მონტეკი", "ზაირა"), ალფრედი, ჰერცოგი, კასიო, ფენტონი (ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ოტელო", "ფალსტაფი"), იოპასი, დედოფალ დიდონას კარის პოეტი (ბერლიოზი "ტროელები"), ახალგაზრდა ბოშა (რახმანინოვი "ალეკო"), არლეკინი (ლეონკავალო "ჯამბაზები").

2016 წელს მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა და ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ “Opera Actual”-მა შალვა მუქერია თანამედროვეობის თორმეტ საუკეთესო ტენორს შორის დაასახელა.

შალვა მუქერიას მეუღლეა ხელოვნებათმცოდნე ქეთი სოტკილავა, მომღერალ ზურაბ სოტკილავას ქალიშვილი. მათ ყავთ ერთი შვილი – ლევანი, რომელიც სკოლის მოსწავლეა.

წყარო:

1. tbiliselebi.ge/index.php?newsid=268448673 : მუქერია შალვა. რატომ დაიჩოქა ზურაბ სოტკილავას სიძემშალვა მუქერიამლა სკალას სცენაზე:ინტერვიუ // თბილისელები. 2016. 19 - 25 სექტემბერი. N 38. გვ. 58-59

2. www.easterfestival.ge/?address=news_inside&ukay...lan=geo

3. https://sputnik-georgia.com/.../saopero-momgerali-shalva-muqeria-tanamedroveobis-e...

4. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 348


Share: