The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიკა ნიკვაშვილი

ნიკა ნიკვაშვილი
Date of birth:1987  (37 years)
Category:Musician

Biography

„კომპოზიტორი არის რეზო ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, მე ვარ უბრალოდ მუსიკოსი. კომპოზიტორს დაგარქმევს ხალხი", - ასე ახასიათებს საკუთარ თავს ახალგაზრდა შემსრულებელი და კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი.

დაიბადა 1987 წელს, თბილისში. სულ სამიოდე წლის იყო, როცა მისმა მუსიკალურმა ნიჭმა ყურადღება მიიპყრო. საბავშვო ბაღიდან დაბრუნებული ზუსტად იმეორებდა, რასაც ბაღის მასწავლებელი უკრავდა ან ტელევიზიით მოისმენდა. ოჯახში მუსიკოსი არავინ ჰყავდა. პიანინოც კი არ ჰქონდათ, რადგან არავინ უკრავდა. დედა ფილოლოგია, ინგლისური ენის სპეციალისტი, მამა და უფროსი და ეკონომისტები არიან.

გამორჩეულმა მუსიკალურმა მონაცემებმა თავისთავად განსაზღვრა ნიკა ნიკაშვილის მომავალი. ინსტრუმენტიც უყიდეს და ყველანაირად შეუწყვეს ხელი, რომ მისი ნიჭი ჯეროვნად განვითარებულიყო. ჯერ მუსიკალური შვიდწლედი დაამთავრა (პედაგოგი ნელი კეშელავა), მერე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის საგუნდო-სადირიჟორო სასწავლებელი, ბოლოს საკომპოზიტორო განხრით – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

კონსერვატორიაში, თავდაპირველად, საგუნდო-სადირიჟოროზე აპირებდა ჩაბარებას, რადგან სასწავლებელი ამ მიმართულებით ჰქონდა დამთავრებული. თეორიაში პროფესორ ივანე ჟღენტთან ემზადებოდა, რომელმაც შეამჩნია ყმაწვილის საკომპოზიტორო მონაცემები და ბიძინა კვერნაძეს სთხოვა მისთვის მოესმინა. მათი შეხვედრა იღბლიანი აღმოჩნდა. კომპოზიტორმა მასში დაინახა ის მარცვალი, პოტენციალი, რომელიც შეიძლებოდა განვითარებულიყო. მან ნიკას ურჩია საკომპოზიტოროზე ჩაებარებინა და თავად გახდა მისი ხელმძღვანელი.

„მადლიერი ვარ ბედის, რადგან საოცარი ადამიანები შემახვედრა. მყავდა პედაგოგები - ჯანო კახიძე, ვაჟა აზარაშვილი, ბიძინა კვერნაძე... მასთან ჩამოვყალიბდი, როგორც ადამიანი. დაიხვეწა ჩემი გემოვნება, აზროვნება, ცნობიერება... მის კლასში სწავლა ჩემთვის ბედნიერება იყო. გარდა იმისა, რომ ჩემი პედაგოგი იყო, მასთან საოცარი მეგობრობაც მქონდა. ბატონ ბიძინასთან ურთიერთობის ყოველი დღე ჩემთვის ცხოვრების გაკვეთილი იყო“, - აღნიშნავს ნიკა ნიკაშვილი.

თავის დიდ მაესტროს ახალგაზრდა კომპოზიტორი არასოდეს ივიწყებს და მის ხსოვნას რამდენიმე კონცერტი-საღამო მიუძღვნა. ესენია: მუსიკა კინოსა და თეატრისათვის, ბიძინა კვერნაძე - 80 და ბიძინა კვერნაძე - 90. ნიკა ნიკაშვილი იყო ამ პროექტების იდეის ავტორიც და ორგანიზატორიც. მისი არანჟირებით გაკეთებული კვერნაძის კინოსა და თეატრის ცნობილი სიმღერები ახლებური ვერსიებით ააჟღერეს ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა.

კონსერვატორიაში ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა მუსიკოსი მოსკოვში გაემგზავრა. თავიდან სწავლის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მოსკოვში ცხოვრების ხუთი წლის მანძილზე სულ საქმით იყო დაკავებული და სწავლისთვის ვეღარ მოიცალა. ძირითადად კონცერტებში იღებდა მონაწილეობას.  თავიდან მომღერალ მანანა თოდაძესთან ერთად ხელმძღვანელობდა საბავშვო მუსიკალურ სკოლას, მუშაობდა ქართულ რესტორანში თემურ თათარაშვილთან და სხვა მომღერლებთან; შემდეგ უარი თქვა სამსახურში გრაფიკით სიარულზე, რადგან  ბევრი დაკვეთა ჰქონდა - აორკესტრებდა ნაწარმოებებს და მუშაობდა სხვადასხვა შემოქმედებით პროექტზე, ეხმარებოდა რუსულ „ვოისში" მონაწილე ქართველ შემსრულებლებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი გამარჯვებულის, გელა გურალიას შეთავაზებით საგასტროლო ტურით მოიარა რუსეთის სხვადასხვა ქალაქი.  დარბაზი ყველგან სავსე იყო. ყოველივე ამას ფაქტიურად 24-საათიანი შრომა სჭირდებოდა.

მოსკოვში ცხოვრების პერიოდში ნიკა ნიკაშვილი ხშირად ჩადიოდა პარიზში, ძირითადად, საქველმოქმედო მიზნით.  ერთ-ერთი ბოლო ვიზიტის მიზეზი იყო საქველმოქმედო საღამო, რომელიც წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესის აღმშენებელთა ეგიდით გაიმართა. კონცერტში ჩასულ სტუმრებთან ერთად  მონაწილეობდა ნონა ჯავახიძე - პარიზის ოპერის სოპრანო. მან დაარწმუნა ნიკა სწავლა პარიზის კონსერვატორიაში გაეგრძელებინა.

კონკურსის პირობების თანახმად მუსიკოსმა კონსერვატორიაში გაგზავნა  სამი 15-წუთიანი დიდი ფორმის ნაწარმოები - სიმფონიური, საგუნდო და ინსტრუმენტული ჟანრის, ამას გარდა, სხვა დოკუმენტები და პასუხმაც არ დააყოვნა.

2015 წელს ნიკა ნიკაშვილი პარიზის კონსერვატორიაში ჩაირიცხა. პირველ წელს საკომპოზიტორო ფაკულტეტი გაიარა, შემდეგ საორკესტრო ფაკულტეტზე ისწავლა და მაგისტრატურა წარმატებით დაამთავრა.

დღეს მუსიკოსი რამდენიმე სიმფონიური, საგუნდო, კამერული და საფორტეპიანო ნაწარმოების ავტორია. მსოფლიოს უდიდეს ორკესტრებსა და გამოჩენილ შემსრულებლებთან თანამშრომლობს. 2015 წელს პარიზში გამართულ კონცერტზე კლასიკური მუსიკის ჟანრის ხუთ აღიარებულ თანამედროვე კომპოზიტორს შორის ქართველი ნიკა ნიკვაშვილიც გახლდათ.
მოსკოვში ცხოვრების დროს ნიკამ უარი თქვა რუსულ პასპორტზე, რადგან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა არ უნდოდა. ის ბევრს მოგზაურობს და ყველგან ქართულ საქმეს აკეთებს. „ნებისმიერ ქვეყანაში მივდივარ საქართველოს სახელით და ვასრულებ ყოველთვის ქართულ ნაწარმოებებს. უცხოურ ნაწარმოებებს მე ნაკლებად ვასრულებ. მე ასე მესმის. დღეს ტენდენციაა დასავლური მუსიკალური ნაწარმოებების შესრულების, მღერიან არაქართულ სიმღერებს... ეს დიდ ინტერესს არ იწვევს. მათთანაც არაჩვეულებრივად მღერიან. მათ შენი აინტერესებთ... შენი გაცნობა უნდათ. ქართულ ფოლკლორზე მსოფლიოში გიჟდებიან. ეს ფენომენალური მოვლენაა. შენი თვითმყოფადობა ყველგან უნდა გამოავლინო. მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი და ამ შემთხვევაში ჩემი ვალი“, - ამბობს ქართველი მუსიკოსი.

ნიკა ნიკვაშვილი ძალიან აქტიური ადამიანი და მუსიკოსია. ის ახერხებს ყოველთვის ნაყოფიერი იყოს, მოგზაურობის დროსაც კი. „ბევრს ვმოგზაურობ, რადგან ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ისე მოხდა, რომ ყველაზე მეტ თავისუფალ დროს თვითმფრინავში ვატარებ. ძირითადად მძინავს ხოლმე, იმიტომ რომ სხვა დროს ელემენტარულად ვერ ვახერხებ ძილს, ან რაღაცას ვქმნი, გამოდის, რომ ჩემ ჩანაწერებსაც ჰაერში ვაკეთებ. საერთოდ, ხანგრძლივად ერთ ქალაქში ცხოვრება არ მიყვარს. მუსიკოსს თავისი სახე უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიახლეები არ შეეხოს, პირიქით, მუდმივად განახლების სურვილი უნდა ჰქონდეს. ამიტომ მიყვარს, როცა ცხოვრებაში რაღაც იცვლება, ყოველ ახალ ქალაქს ემოციურად და მუსიკალურადაც ახალი ინტონაციები და შეგრძნებები მოაქვს, - აღნიშნავს ქართველი მუსიკოსი.

წყარო:

1. tbiliselebi.ge/index.php?newsid=268449459 

2. https://www.primetime.ge/news/1558614969-ნიკა-ებულება-გვქონდა

3. reportiori.ge/old/?menuid=74&id=73293&lang=1


Share: