The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სერგო ბერია (გეგეჭკორი)

სერგო ბერია (გეგეჭკორი)
დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:11 ოქტომბერი, 2000  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბაიკოვის სასაფლაო, კიევი, უკრაინა
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

სარაკეტო სისტემების კონსტრუქტორი სერგო ლავრენტის ძე ბერია (სერგეი ალექსის ძე გეგეჭკორი) დაიბადა 1924 წლის 24 ნოემბერს, ქ. თბილისში. მამა - პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე ლავრენტი პავლეს ძე ბერია (1899-1953). დედა - ნინო თეიმურაზის ასული გეგეჭკორი ( 1905-1991).

1938 წელს სერგო ბერიამ თბილისში დაამთავრა გერმანული და მუსიკალური სკოლების შვიდი კლასი და მამის სამსახურებრივი დაწინაურების გამო მშობლებთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა.

მოსკოვის 175-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1941 წელს მუშაობა დაიწყო საბჭოთა კავშირის შინსახკომის ცენტრალურ რადიოტექნიკურ ლაბორატორიაში.

II მსოფლიო ომის დაწყებისთანავე კომკავშირის რაიკომის რეკომენდაციით ჩაირიცხა დაზვერვის სკოლაში, სადაც დაჩქარებულ სამთვიან კურსებზე აითვისა რადიოტექნიკოსის სპეციალობა და ლეიტენანტ-ტექნიკოსის წოდებით დაიწყო არმიაში სამსახური. იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. ფლობდა რამდენიმე უცხო ენას.

1942 წლიდან ომსკში უმაღლეს განათლებას იღებდა, მაგრამ პერიოდულად იწვევდნენ საიდუმლო სამხედრო დავალებების შესასრულებლად. მონაწილეობდა თეირანის (1943), იალტის (1945) და პოტსდამის (1945) კონფერენციების მომზადებასა და ჩატარებაში. სანიმუშო სამსახურისთვის მიღებული აქვს „წითელი ვარსკვლავის“ ორდენი და მედალი „კავკასიის დაცვისთვის“.

სერგო ბერიამ 1947 წელს დაამთავრა ლენინგრადის კავშირგაბმულობის სამხედრო-ელექტროტექნიკური აკადემია. 1948-1953 წლებში იგი მუშაობდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მესამე მთავარი სამმართველოს ნომერ 1 საკონსტრუქტორო ბიუროში. მისი პროექტებით შეიქმნა რამდენიმე ტიპის სარაკეტო სისტემა, აგრეთვე, ხომალდსაწინააღმდეგო, "ჰაერ-ჰაერის" და სხვა კლასის რაკეტები.1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1950 წელს დაჯილდოვდა ლენინის ორდენით და მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. 1952 წელს გახდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. წარდგენილი იყო სოციალისტური შრომის გმირობაზეც, მაგრამ მამის დაპატიმრების გამო ყველაფერი შეიცვალა.

1947 წელს სერგო ბერიამ იქორწინა მაქსიმ გორკის შვილიშვილზე, მარფა პეშკოვაზე. მათ სამი შვილი ეყოლათ - ნინა, ნადეჟდა და სერგეი. მარფა მესამე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, როცა მამამთილის დაკავებისა და დახვრეტრის გამო მათი ცხოვრების პირობები შეიცვალა. 

1953 წლის ზაფხულში სერგო  და დედამისი დააპატიმრეს. ერთი წლის შემდეგ,1954 წლის ნოემბერში, მისცეს ახალი პასპორტი დედის გვარზე, რათა არ გახმაურებულიყო, რომ ის ლავრენტი ბერიას შვილი იყო და გაუშვეს ადმინისტრაციულ გადასახლებაში. ამასთანავე, ჩამოართვეს ყველა წოდება და ჯილდო, მათ შორის ინჟინერ-პოლკოვნიკის ჩინი. თუმცა ნება დართეს კვლავ ემუშავა სამხედრო სპეციალობით.

სერგო გეგეჭკორი ოჯახთან ერთად სვერდლოვსკში დასახლდა. აქ იგი 10 წლის მანძილზე მუშაობდა მთავარ ინჟინრად სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ცოლს მალე გაშორდა. დედა კი ყოველთვის მასთან ერთად იყო.

1964 წელს, დედის ავადმყოფობასთან დაკავშირებით, სერგო ბერიამ ითხოვა კიევში გადასვლა. მას ეს თხოვნა დაუკმაყოფილეს, ბინაც მისცეს და დასაქმებაშიც ხელი შეუწყვეს. 1988 წლამდე ის წამყვან კონსტრუქტორად მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „კვანტში“.1990-1999 წლებში იყო უკრაინის მანქანათმშენებლობის კიევის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "კომეტის" დირექტორი და მთავარი კონსტრუქტორი.

სერგო ბერიამ პირველი შესაძლობისთანავე დაიბრუნა მამის გვარი. 1991 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ქართველ სპეციალისტებთან. 1999 წელს პენსიაზე გავიდა. სიცოცხლის ბოლო წლებში მემუარებზე მუშაობდა და გამოსცა წიგნი - „Мой отец — Лаврентий Берия“  — М., 1994. 

გარდაიცვალა 2000 წლის 11 ოქტომბერს, კიევში. დაკრძალულია ბაიკოვოს სასაფლაობაზე.

სერგო ბერიას ვაჟი, სერგეი პეშკოვი მამასთან ერთად ცხოვრობდა და ახლაც კიევშია. ის რადიოინჟინერია. უფროსი ქალიშვილი, ნინა, მხატვარია. ცოლად ფინელს გაჰყვა და ფინეთში გადავიდა საცხოვრებლად. მოსკოვის მკვიდრია უმცროსი ქალიშვილი, ნადეჟდა, რომელიც პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. 

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .I.– თბ., 1997. - გვ.573
2. https://ru.wikipedia.org/.../Берия,_Серго_Лаврентьевич 

3. https://24smi.org/celebrity/71177-sergo-beriia.html

 




გააზიარე: