The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნოდარ აბრამიშვილი

ნოდარ აბრამიშვილი
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:კომპიუტერის სპეციალისტი

ბიოგრაფია

ნოდარ აბრამიშვილი ავსტრიაში მცხოვრები ქართველი გახლავთ. პროფესიით ინჟინერია. საინჟინრო განათლება თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო.

ავსტრიაში გამგზავრებამდე ერთ-ერთ ბანკში, მიკროდაკრედიტების დეპარტამენტში, ბიზნესსესხების ექსპერტად მუშაობდა. თან პატარა ბიზნესებიც ჰქონდა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ბიზნესთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნა. ამან გადააწყვეტინა ბიზნესი გაეყიდა და ბედი უცხოეთში ეცადა.

2011 წელს ავსტრიაში გაემგზავრა. უპირველეს ყოვლისა ენის სწავლა დაიწყო. პარალელურად მუშაობდა. შემდეგ ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე ჩააბარა (სპეციალობა - რობოტექნიკა და მიკროელექტრონიკა). სასწავლებელში მისი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა სწრაფად შეამჩნიეს და რამდენიმე პროექტში ჩართეს. ერთ-ერთი - "მილიარდიანი ქალაქის" პროექტი იყო, რაც ავსტრიის ტერიტორიაზე ახალი ქალაქის დაპროექტებას გულისხმობდა. ნოდარს ჰიდროელექტროსადგურების პროექტირება ევალებოდა.

ახალგაზრდა სპეციალისტს გაუმართლა და ამ პროექტის ფარგლებში „აუდიში" პრაქტიკის გასავლელად გაუშვეს - თვე-ნახევარი უნგრეთში იცხოვრა, სადაც ევროპის მასშტაბით, "აუდის" ერთ-ერთი დიდი საწარმოა. უნგრეთში სწავლის გაგრძელებაც შესთავაზეს, მაგრამ ვენაში დაბრუნება არჩია. მერე, როცა უკვე სწავლას ასრულებდა, "ფოლკსვაგენის" ქარხანაში, ბრატისლავაში წავიდა პრაქტიკებზე. იქ მიხვდა, რომ ეს ის საქმე არა იყო, რისი კეთებაც ცხოვრების ბოლომდე უნდოდა და გადაწყვიტა პროფესიული მიმართულება სრულიად შეეცვალა, ყველა სამსახურიდან წამოვიდა და  თავი მთლიანად "აიტი" სფეროს მიუძღვნა.
ნოდარ აბრამიშვილს ამ სფეროსთან კავშირი ჯერ კიდევ საქართველოდან წასვლამდე ჰქონდა. ერთ-ერთ ფირმაში მუშაობდა, რომელიც აპლიკაციების, ონლაინთამაშების, ვებსაიტების შექმნით იყო დაკავებული. მაშინ საქართველოში ეს დიდად აქტუალური არ იყო, ავსტრიაში კი ეს საქმე უფრო განვითარებული გახლდათ.

ნოდარმა ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინფორმატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. ამავე დროს ამთავრებდა მაგისტრატურას ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. დატვირთული გრაფიკის გამო სამსახურს თავი დაანება და ახალი პროფესიის პრაქტიკულ ათვისებას შეუდგა. ამზადებდა ვებგვერდებს, რამდენიმე ფირმას „აიტი“ მომსახურებას, კონსულტაციებს უწევდა და სანამ ორმაგი სტუდენტი იყო, თავს ამით ირჩენდა. შემდეგ, მაგისტრატურაში სწავლა დაასრულა და ეკონომიკური ინფორმატიკის შესწავლა მთელი ძალით დაიწყო.

ამჟამად ნოდარ აბრამიშვილი ერთ-ერთ ფირმაში მთავარ პროგრამისტად მუშაობს, სადაც მის შრომას აფასებენ, თავიდან პრაქტიკანტი იყო, მაგრამ სიბეჯითისა და კეთილსინდისიერი შრომის წყალობით მთავარ პროგრამისტად დაწინაურდა და დღეს მის დაქვემდებარებაში 5 პროგრამისტია.

ემიგრაციაში წასვლიდან 7 წლის თავზე ნოდარმა მიზანს მიაღწია და ავსტრიაში მუშაობისა და ცხოვრების უფლება მიიღო.

ძირითადი სამუშაოს გარდა ნოდარ აბრამიშვილი დიდ დროს უთმობს თავის გატაცებას. ჰობი კი საინტერესო აქვს. მან გააერთიანა ძირითადი პროფესიები - რობოტექნიკა-მიკროელექტრონიკა - პროგრამირება და ავტომატიზებული რობოტების აწყობა დაიწყო. ეს არის მიკროელექტრონიკის საფუძვლებზე შექმნილი პროგრამირებადი დროიდები (რობოტები, რომლებიც დაპროგრამების შემდეგ, კონკრეტულ დავალებას ასრულებენ). მაგალითად, ერთ-ერთ რობოტს ლაბირინთის გავლის ფუნქცია აქვს - ნებისმიერი სირთულის ლაბირინთის გავლა შეუძლია, რასაც სონარების პრინციპით ახერხებს, ანუ იმავე პრინციპით, რაც წყალქვეშა ნავებს აქვთ.

გარდა ამისა, ნოდარმა ააწყო ხელნაკეთი, კუსტარული 3D პრინტერი, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერი ფორმის ფიგურა შექმნას.

ნოდარ აბრამიშვილი არც საქართველოს ივიწყებს. ავსტრიაში ქართულ სათვისტომოსთან თანამშრომლობს, მან „ფეისბუკზე“ შექმნა ჯგუფი - "ქართველები ავსტრიაში", სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეკითხვა დასვას და ინფორმაცია მოიძიოს ყველაფერზე, რაც ავსტრიაში ცხოვრებას, მუშაობას, სწავლას შეეხება.  

წყარო:

1. https://www.bpn.ge/.../48576-vin-aris-avstriashi-carmatebuli-kartveli-romelic-roboteb..

 

 


გააზიარე: