The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლია ჩოკოშვილი

ლია ჩოკოშვილი
დაბადების თარიღი:196?
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

2018 წელს გამომცემლობა „სეზანის“ მიერ გამოიცა კრებული –  „კარს მიღმა = Unlocking the door“. წიგნის გარეკანი, თავფურცელი და ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზეა. მასში შესულია ერლომ ახვლედიანის, გურამ რჩეულიშვილის, ლაშა თაბუკაშვილის, გოდერძი ჩოხელისა და აკა მორჩილაძის ნაწარმოებები და ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული ენის შემსწავლელი სტუდენტების მიერ გაკეთებული მათი ინგლისურენოვანი თარგმანები.

გამოცემას თან ერთვის ლონდონის ქუინ მერის უნივერსიტეტის (Queen Mary, University of London) ქართული და რუსული ენების პროფესორ, ქართველოლოგ დონალდ რეიფილდის შესავალი, სადაც ის მრავალსაუკუნოვან ქართულ მწერლობაზე, ქართველ მწერლებზე, ქართული ენის თავისებურებებზე საუბრობს. თავის  წინასიტყვაობაში რეიფილდი განსაკუთრებით  ხაზგასმით აღნიშნავს ოქსფორდის უნივერსიტეტში მოღვაწე ენერგიული მასწავლებლის, ლია ჩოკოშვილის დამსახურებას ქართული ენის შესწავლის საქმეში.

ლია ჩოკოშვილს დამთავრებული აქვს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (1982-1988); მუშაობდა მასწავლებლად თბილისის ბავშვთა განათლების ცენტრში (1988-1992), სადაც ინგლისურ ენას ასწავლიდა 10-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს.

1996 წლიდან ლია ჩოკოშვილი ოქსფორდში მოღვაწეობს. ის ოქსფორდის უნივერსიტეტის ენების ცენტრში ასწავლის ქართულს სხვადასხვა კოლეჯებიდან შეკრებილ ქართული ენის შესწავლის მსურველ ახალგაზრდებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ენების ცენტრში ქართული ენის კურსი დონალდ რეიფილდის თაოსნობით შეიტანეს და მას მარჯორი უორდროპის ფონდი აფინანსებს. ეს ფონდი მარჯორის გარდაცვალების შემდეგ შექმნა მისმა ძმამ, ოლივერ უორდროპმა. უორდროპები პირველი ბრიტანელები იყვნენ ვინც ხელი მოკიდა ქართულ ლიტერატურას.

რამდენიმე წლის წინ ქართული ენის სწავლების პროცესში თარგამანიც შეიტანეს. სტუდენტებმა სიამოვნებით მოკიდეს ხელი ქართველ ავტორთა მოთხრობებისა და პიესების თარგმანს. სამი წლის მუშაობის შემდეგ მარჯორი უორდროპის ფონდის დახმარებით შესაძლებელი გახდა თარგმანების კრებულის წიგნად გამოცემა. კრებული, პროფესორ რეიფილდის აზრით, ქართველისთვის, რომელსაც ინგლისურად სურს კითხვა და ინგლისელისთვის, რომელიც ქართულს სწავლობს, ერთნაირად მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

ქართველი მწერლების ნაქარმოებები ინგლისურ ენაზე სწორედ ენის სწავლებისას თარგმნეს ქართული ენით დაინტერესებულმა  სტუდენტებმა: ალექს მაკფარლეინმა, კლიფორდ მარკუსმა, ემილი ტამკინმა, ჯეფრი გოსბიმ, ოლივერ  მათეუსმა და  უოლკერ  თომსონმა. თავდაპირველად ყურადღება პიესებზე გამახვილდა, თუმცა სტუდენტების მოთხოვნით, მათ პედაგოგის მიერ შერჩეული ქართული მოთხრობების თარგმნის საშუალებაც მიეცათ.

„როცა წიგნის გამოცემა გადაწყდა, გადავწყვიტე, ის ორ ქვეყანას შორის ერთგვარ ხიდად მექცია”, –  ამბობს ლია ჩოკოშვილი.

კრებულის პრეზენტაცია მოეწყო თბილისში და ლონდონშიც. წიგნის ტირაჟის ნაწილი დიდ ბრიტანეთში, მეორე ნახევარი კი – საქართველოში გაიყიდა. შემოსული თანხით გადაწყვეტილია კიდევ ერთი კრებულის გამოცემა. მეორე გამოცემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მასში სხვა მწერლებთან ერთად სულხან-საბა ორბელიანის იგავებიც გაერთიანდება.

წყარო:

1. http://ajaratv.ge/video/5182

2. www.city.kvira.ge/2018/03/23/ინგლისელი-სტუდენტების-ნა/

 


გააზიარე: