The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ირმა კვიცარიძე

ირმა კვიცარიძე
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური თერაპიისა და რადიონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე წარმოშობით ქუთაისიდანაა. ექიმია მისი ძმაც, მერაბ კვიცარიძე, რომელიც ქუთაისის საპატიო მოქალაქეა.

ირმამ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. ავსტრიაში პირველად 1990-იანი წლების ბოლოს წავიდა გაცვლითი პროგრამით, თავდაპირველად სამი თვით. მაშინ ორდინატურაში სწავლობდა. ჩასვლის დღიდან მუშაობდა ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში „სტუმარი ექიმის“ სტატუსით.

ახალგაზრდა მედიკოსმა საქართველოში დაბრუნებიდან 6 თვეში მიიღო მიწვევა ინსბრუკის კლინიკიდან. პირველი   4 წელი „სტუმარი ექიმის“ სტატუსი ჰქონდა. კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი იყო, რომ მიეღო იქაური დიპლომი. ამ მიზნის მისაღწევად ირმამ ბევრი იშრომა, 9  გამოცდა ჩააბარა და მას შემდეგ რადიოონკოლოგიის განხრით მუშაობს.

ირმა კვიცარიძემ დროზე ადრე, 5 წელიწადში მოიპოვა ავსტრიის  მოქალაქეობა, როცა ამისათვის 10 წელია საჭირო. პრაქტიკული მუშაობის გარდა იგი ჩართულია ჯანდაცვის საერთაშორისო პროგრამებში და ცდილობს საქართველოს სამედიცინო წრეებისთვისაც  ხელმისაწვდომი გახდეს აქტუალური თანამედროვე პროექტები. მას დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა  და შეხვედრების ორგანიზებაში. უკვე რამდენიმე წელია ამ ორ უნივერსიტეტს შორის არსებობს პროფესორ მანანა ქუთელიას სახელობის  გაცვლითი პროგრამა. პროგრამის ფარგლებში თსსუ-ის დიპლომამდელი განათლების და საექთნო-საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი  და თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკების ახალგაზრდა ექიმები გადიან სტაჟირებას ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკებში, იმაღლებენ კვალიფიკაციას და იღებენ საერთაშორისო დონის გამოცდილებას.

დოქტორი კვიცარიძე სამშობლოში ლექციების წასაკითხად ხშირად ჩამოდის. მისმა ლექციამ „სპინალური გლიობლასტომის მკურნალობა  - შემთხვევა პრაქტიკიდან“ დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც სტუდენტების, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის მხრიდან.

დღეს, ტექნოლოგიების საუკუნეში, სამშობლოსთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირება ნებისმიერ დროს შეიძლება ტელეფონით, სკაიპით. „ვირტუალურად სულ სახლში ვარ’, - ამბობს ირმა, -„ყველაფერი ვიცი, რაც ქვეყანაში ხდება. გამიჭირდა 2008 წელს,  როდესაც ყველანაირი კავშირი გაწყდა, არც ინტერნეტი იყო,  ვერც ვრეკავდი.   მაშინ მქონდა პატრიოტიზმის გამძაფრებული გრძნობა და ჩემს ხალათზე გავიკეთე ქართული დროშა, რომელიც მას შემდეგ არ მომიხსნია. მეკითხებიან, საიდან ვარ და მე ყველას ვუხსნი, რომ საქართველოდან ვარ. პაციენტი რომ შემოდის, 2 წუთში ისეთ მიმოხილვას ვუკეთებ საქართველოსთან დაკავშირებით, ის უკვე პოტენციური ტურისტი ხდება“.

სამშობლოში დაბრუნებას რაც შეეხება , ირმა კვიცარიძე თვლის, რომ „უნდა იცოდე, შენი აქ ყოფნით უფრო მეტს გააკეთებ, თუ შენი იქ ყოფნით. ახლა მე ვფიქრობ, რომ ჩემი იქ ყოფნით უფრო მეტს ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის. ალბათ, ის დროც დადგება, როცა მივხვდები, რომ მე აქ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ“.

2016 წლის მაისში ქალბატონი ირმა დაქორწინდა წარსულში ცნობილ ტელეწამყვანზე, ჟურნალისტ დავით კიკალიშვილზე.

წყარო:

1. www.newpress.ge › irma-kvicaridze-chemi-iq-yofnit-ufro-mets-vaketeb-ch...

2. new.tsmu.edu › news › Dr._Irma_Kvitsaridze_Honorary_Doctor_of_TSM...


გააზიარე: