The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ კაჭკაჭიშვილი

მიხეილ კაჭკაჭიშვილი
სხვა სახელი:მიშა  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

2019 წელს ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზის, “ოსკარის” ყველაზე პრესტიჟული ნომინაცია, საუკეთესო ფილმის პრიზი „მწვანე წიგნმა“ მოიგო. ამ ფილმზე ქართველმა ხმის ჩაწერის რეჟისორმა მიშა კაჭკაჭიშვილმაც იმუშავა.

მიხეილ (მიშა) კაჭკაჭიშვილი დაიბადა 1968 წლის 23 თებერვალს, თბილისში. ბავშვობაში მუსიკალურ სკოლაში დადიოდა. სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა, როკი და ჯაზი ყოველთვის აინტერესებდა და ოცნება ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას აიხდინა, სადაც ჯაზ ბიგ-ბენდში უკრავდა. იმ პერიოდში ბევრ მუსიკოსს შეხვდა. 1992 წელს სერგი გვარჯალაძესთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი – „გენეტიკური კოდი“, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა. 1990-იანი წლების დასაწყისში ქართულ ალტერნატიულ სცენაზე „Genetic Code“ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პროექტი იყო. მათი ერთობლივი სიმღერები  ახალი ტალღის და ახალი რომანტიზმის სტილშია დაწერილი და თანამედროვე თაობაშიც მოთხოვნადია.  

მიშა კაჭკაჭიშვილს მექანიკური ინჟინრის დიპლომი აქვს, მაგრამ არასდროს გამოუყენებია. მისთვის ცხოვრებაში მთავარი მუსიკა იყო და ერთ დღეს ძალიან გაუმართლა, როდესაც „გეპეის“ ჯაზ-კლუბში დაკვრისას ნიუ-ორლეანის ლოიოლას უნივერსიტეტის პროფესორებმა მოუსმინეს და მას, ზაზა მარჯანიშვილსა და დათო ლეჟავას შესთავაზეს სწავლა ამ უნივერსიტეტში გაეგრძელებინათ. ახალგაზრდებიც დათანხმდნენ. ალბათ უფრო იმიტომ, რომ საყვარელი საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი საშუალება ქვეყნის დატოვება იყო. იმ დროს საქართველოში არათუ მუსიკის დაკვრა, ცხოვრებაც კი სახიფათო გახდა. მათ კი უნდოდათ მუშაობის საშუალება ჰქონოდათ და ყველასთვის ეჩვენებინათ რა შეეძლოთ.

„აქ რომ ჩამოვედით, ძალიან ახალგაზრდები ვიყავით. ნიუ-ორლეანი ძალიან საინტერესო ქალაქია, „ჯაზის სამშობლოა“ და თუ ჯაზი გიყვარს, ცხოვრება ძალიან საინტერესოდ მიდის, იმდენად, რომ სირთულეებს ყურადღებას აღარც აქცევ“, - ამბობს მიშა.

თავიდან მეგობრებმა უნივერსიტეტში ჩააბარეს, მაგრამ, პარალელურად, სხვადასხვა კლუბში უკრავდნენ. დღეში სამი-ოთხი კონცერტი ჰქონდათ. ოცდაოთხი საათი მუსიკით იყვნენ დაკავებულები და უნივერსიტეტში სწავლის დრო აღარ რჩებოდათ. ამიტომ სწავლას თავი დაანებეს. შემდეგ მათი გზები გაიყო. ზაზა მარჯანიშვილი ნიუ-იორკში გადავიდა მიშა კი ნიუ-ორლეანში დარჩა და წლების მანძილზე უკრავდა ბას-გიტარაზე სხვადასხვა ჯგუფში. შემდეგ სტუდიაში დაიწყო მუშაობა. ეს იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ სხვა ყველაფერს თავი დაანება და სტუდიის განვითარებაზე დაიწყო ფიქრი.

თავისი რიგით მესამე სტუდია, „ესპლანადა“ (Esplanade Studios) მიშა კაჭკაჭიშვილმა 2013 წელს გახსნა. ის ამ სტუდიის დამფუძნებელიცაა და მფლობელიც. ნიუ-ორლეანში დიდი სტუდია არ არსებობდა. არადა, ძალიან ბევრ ფილმს იღებდნენ და მუსიკის ჩასაწერად ნიუ-იორკში ან ლოს-ანჯელესში მიჰქონდათ. მიშამ ბიზნესის კუთხით სწორი გათვლები გააკეთა, შეიძინა ძველი ეკლესიის შენობა, რომელსაც კარგი აკუსტიკა ჰქონდა და სამი წლის დაუღალავი შრომის შედეგად თანამედროვე სტუდია ჩამოაყალიბა.

დღეს მიშა კაჭკაჭიშვილს ახალ ორლეანში თითქმის ყველა მუსიკოსი და მუსიკალური პროდიუსერი იცნობს. ფილმების გარდა, სტუდიაში ბევრ მუსიკალურ ალბომსაც წერენ.

„ესპლა­ნა­და­ში” იწე­რე­ბა ლუ­ი­ზი­ა­ნის ფი­ლარ­მო­ნი­ის 75-კა­ცი­ა­ნი ორ­კესტრის ალ­ბო­მე­ბი. მიშასთან უმუშვიათ ისეთ ცნობილ შემსრულებლებს, როგორიცაა ერიკ კლაპტონი, ბიონსე, უილ ნელსონი, ჯონ ლეჯენდი, მერი ჯეი ბლაიჯი, ჰარი კონიკი, კენდრიკ ლამარი და ბევრი სხვა.

„ოსკარზე“ ნომინირებული ფილმის, „მწვანე წიგნის” ორი მთავარი მუსიკალური სცენის აუდიო სწორედ მის ხმის ჩამწერ სტუდია „ესპლანადაში“ მომზადდა. ამ ფილმის გარდა, მიშა კაჭკაჭიშვილმა “ოსკარის” მთავარ ნომინაციაში გასულ კიდევ ორ ფილმზე იმუშავა, ესენია „შავი კლანის კაცი“ და „ვარსკვლავი დაიბადა”. სამივე ფილმი ბევრი პრესტიჟული ამერიკული და საერთაშორისო პრიზით დაჯილდოვდა, არამარტო კინემატოგრაფიული, არამედ მუსიკალური ღირსებების გამოც.

სულ, 2018 წელს, სტუდიაში “ესპლანადა” 10-ზე მეტ ფილმზე იმუშავეს. ჰოლივუდის სტუდიების გარდა, ჰქონდათ HBO-ს, ShowTime-სა და Netflix-is დაკვეთები.

მიშა კაჭკაჭიშვილი საქართველოშიც ხშირად ჩამოდის და ქართველ მუსიკოსებთან თანამშრომლობს.

წყარო:

1. https://www.amerikiskhma.com › oscars-misha-kachkachishvili-studio

2. https://1tv.ge › video › qartuli-studia-akhal-orleanshi          

3. კაჭკაჭიშვილი მიშა. როგორ იმუშავა მიშა კაჭკაჭიშვილმა სამ ოსკაროსან ფილმზე და როგორ გახდა მისი სტუდია ნიუ-ორლეანში უკონკურენტო : ინტერვიუ / ესაუბრა ქეთი კაპანაძე // თბილისელები. – 2019. – 11-17 მარტი. – N11 (950). - გვ.42.


გააზიარე: