The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


პაატა კალანდაძე

პაატა კალანდაძე
სხვა სახელი:ბუბა
დაბადების თარიღი:196?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

პაატა (ბუბა) ჯემალის ძე კალანდაძე დაიბადა თბილისში. 1980 წელს დაამთავრა 53-ე საჯარო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (1982-1988). ოჯახში ექიმი არ ჰყავდათ, მაგრამ ბატონი ბუბა იხსენებს, რომ ბავშვობაში ექიმობანას თამაში უყვარდა, ჰქონდა თეთრი ხალათი და ბაბუას ნაყიდი სათამაშო სამედიცინო ხელსაწყოები. შეიძლება ამიტომაც პროფესიის არჩევის დრო რომ დადგა, ბევრი არ უფიქრია და სამედიცინოზე ჩააბარა.

ბუბა კალანდაძე უნივერსიტეტში პედიატრიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და თავისი თავი მხოლოდ ბავშვთა ექიმად წარმოედგინა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად ჩააბარა მოსკოვის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრში (1988-1993). ეს გადაწყვეტილება მიიღო რადგან უნდოდა ყველაზე ახალი და ძნელი საქმისთვის მოეკიდა ხელი და იმ დროს მხოლოდ მოსკოვში არსებობდა საბჭოთა კავშირში ერთადერთი ცენტრი, სადაც  ახალშობილთა  კარდიოქირურგიული ოპერაციები ტარდებოდა. ცენტრს ხელმძღვენელობდა ლადო ალექსი-მესხიშვილი, რომელიც ახალგაზრდა ექიმისთვის პროფესიონალიზმის მაგალითს წარმოადგენდა და ისიც მასთან წავიდა.

მოსკოვის კარდიოვასკულარული ქირურგიის ცენტრში ბუბა კალანდაძემ ოთხი წელი იმუშავა და შემდეგ მიიწვიეს იტალიაში, ქალაქ ბერგამოში, სადაც ბავშვთა და დიდების კარდიოქირურგიის ძალიან დიდი ცენტრია (Ospedali Riuniti di ბერგამო, იტალია (1993-1995); განათლების მიღება აქაც გააგრძელა - სწავლობდა Università "La Sapienza" di Roma-ში.

მას შემდეგ ქართველი ექიმი იტალიაში მუშაობს და სხვა ქვეყნების კლინიკებთანაც თანამშრომლობს, რადგან თვლის, რომ პროფესიული ზრდის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანაში მიიღო გამოცდილება. უცხოური კლინიკების ჩამონათვალი ძალიან ვრცელია: Alder Hey Children’s Hospital (ლივერპული, დიდი ბრიტანეთი, 1995); Hospital San Gaudenzio (ნოვარა, იტალია); Royal Children’s Hospital (მელბურნი, ავსტრალია, 1997); International Heart School (ბერგამო, იტალია,1993-1995); (azienda ospedaliera ospedali riuniti di bergamo, Italy (1998- 2001)  და Policlinico di Monza (იტალია, მონცა, (2002-2014) და სხვა.

ბუბა კალანდაძე ამბობს, რომ კარდიოქირურგია ისეთი დარგია, რომ არასოდეს არ უნდა გაჩერდე, უნდა წახვიდე იქ, სადაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ, რომ ეს ცოდნა შეიძინო, მითუმეტეს , როცა თანამედროვე მედიცინაში ყოველწლიურად იქმნება ახალი ტექნოლოგიები და ჰიბრიდული დარგები.

კორესპონდენტის შეკითხვაზე, თუ რომელი ოპერაცია დაამახსოვრდა ყველაზე მეტად, ბუბა კალანდაძე პასუხობს: „ჩემს პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე რთული შემთხვევა რაც მახსოვს, ქართველ პაციენტს უკავშირდება, როცა პატარა ბიჭს თბილისში უთხრეს, რომ ის არაოპერირებადი იყო, რადგან რთული გულის მანკისგან განვითარებული ჰქონდა ფილტვების ჰიპერტენზია. ეს ბავშვი მილანში წავიყვანე, „სანდონატოს“ კლინიკაში, სადაც ვთანამშრომლობ დოქტორ ფრიჯოლასთან და იქ გავუკეთეთ ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ ბავშვი გულის დამხმარე სისტემაში დაახლოებით ხუთი დღის განმავლობაში იყო ჩართული, ღია გულ-მკერდით იწვა რეანიმაციაში, შემდეგ თანდათან მოვხსენით გული დამხმარე აპარატიდან, დავკეტეთ გულმკერდი და უკვე ორი წელიწადია ის სრულიად ჯანმრთელია, დარბის, თამაშობს და იზრდება ისე, როგორც მისი დანარჩენი თანატოლები“.

უკანასკნელ წლებში ბუბა კალანდაძე მუშაობდა იტალიის ბამბინო ჯეზუს (Bambino Gesu) ჰოსპიტალში. ბამბინო ჯეზუს ბავშვთა კარდიოქირურგიული დეპარტამენტი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამსახურია, რომელიც წლის განმავლობაში ბავშვებში 1000-ზე მეტ კარდიოქირურგიულ ინტერვენციას ახორციელებს. ამავე დროს, 2014-2017 წლებში ის საქართველოში, „ევექსის“ კლინიკაში ხელმძღვანელობდა ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოქირურგიის განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებას.

2011 წელს ბუბა კალანდაძემ იტალიაში ჩაატარა, მსოფლიოში პირველად, კარდიოქირურგიული ოპერაცია მინიინვეზიური მეთოდით. მისი თაოსნობით ეს მეთოდი დაინერგა ბათუმში, რეფერალურ ჰოსპიტალში. იგი ამბობს, რომ მისი მიზანია „ევექსის“ ქსელის ჰოსპიტალებში უცხოური გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ევროპული დონის კარდიოქირურგიული ცენტრები ჩამოყალიბდეს.

ბუბა კალანდაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში..., მაგრამ თავი ემიგრანტად არასოდეს უგრძვნია. ის ამბობს, რომ თავს ყოველთვის იმ ქართველად მიიჩნევდა, რომელიც პროფესიული თუ პირადი მოტივის გამო იქ ცხოვრობს, სადაც საჭიროდ მიაჩნია. სამშობლო არასოდეს მიუტოვებია, მიუხედავად მოუცლელობისა თანამშრომლობდა სხვადასხვა კარდიოქირურგიულ ცენტრებთან, ჩამოჰყავდა იტალიელი ქირურგები და თავადაც აკეთებდა ოპერაციებს.

წყარო:

1. ელექტრონული ჟურნალი ,,ნოსტალგია”, N4, ივლისი, 2010

2. https://netgazeti.ge › news


გააზიარე: