შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ვახტანგ ბარდაველიძე![]()
ბიოგრაფიამხატვარი, არქიტექტორ-რესტავრატორი ვახტანგ (ვახო) ბარდაველიძე დაიბადა 1971 წლის 7 ოქტომბერს, თბილისში. დაამთავრა 1-ელი ექსპერიმენტული სკოლა. ბავშვობიდან ხატავდა.1988 – 1992 წლებში სწავლობდა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურა-რესტავრაციის ფაკულტეტზე. მხატვრის ძმა დავით ბარდაველიძე მოგვითხრობს, რომ ვახო სრულიად ახალგაზრდა ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში და ბედნიერი იყო, რომ შეხება ჰქონდა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან. მისთვის თავისუფლების სურვილი არ იყო მხოლოდ სურვილი, ის იმის ძიება იყო, თუ რა არის თავისუფლება... ეს კითხვები ძალიან ახალგაზრდამ დაუსვა საკუთარ თავს“. 1990 – 1992 წლებში ვახტანგ ბარდაველიძე მონაწილეობდა სხვადასხვა სახელოვნებო ექსპედიციაში საქართველოში, როგორიც იყო სვანეთში ლამარიას ფრესკების რესტავრაცია, ადრე ქრისტიანული იკონოგრაფიული ნიმუშების აღმოჩენა-აღდგენა, რასაც მისთვის, როგორც შემოქმედისთვის, დიდი იმპულსი მიუცია... 1993 წელს ვახო ბარდაველიძე გერმანიაში გაემგზავრა, სადაც არტ-თერაპევტის (ხელოვნების თერაპია) სპეციალობას დაეუფლა ბლაუბოირენის ხელოვნებისა და არტ-თერაპიის უმაღლესი სასწავლებელში. იმ პერიოდში ხელოვნებას სულ სხვა კუთხით დაუკავშირდა. მას როგორც გამაჯანსაღებელ, გადამრჩენ დარგს ისე გაეცნო. ამასთან, ნახა ხელოვნების მუზეუმები, დიდი მხატვრების ნამუშევრები, რამაც მისცა სტიმული, რომ მეტი ეშრომა, ძიება გაეგრძელებინა და შემდგარიყო როგორც მხატვარი. 1995 წლიდან ვახო ბარდაველიძემ დაიწყო სამხატვრო მოღვაწეობა ბლაუბოირენის, შელკლინგენისა და ლაიხინგენის ღია უნივერსიტეტებში. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში ბლაუბოირენსა და ბად ბოლში. ამავე პერიოდში იყო ილუსტრატორი სხვადასხვა გამომცემლობაშიც. ასევე, არტთერაპიის პრაქტიკასაც მიჰყო ხელი, ჰქონდა თავისი სტუდია და ახალგაზრდებთან მუშაობდა. 1999 წლიდან ვახო ბარდაველიძე მუშაობდა როგორც მიუნხენში, ისე თბილისში. მიუნხენში იყო კულტურის პედაგოგიკისა და არტ-თერაპიის თავისუფალი აკადემიის დოცენტი, მიუნხენის მოსწავლე-ახალგაზრდობის აკადემიის დოცენტი, არტ-თერაპევტი ინკლუზიური განათლების დარგში. პარალელურად, აორგანიზებდა სხვადასხვა ღონისძიებას ხელოვნების სფეროში ბავშვების, მოზარდებისა და სტუდენტებისთვის თბილისსა და მიუნხენში. მონაწილეობა მიიღო მასწავლებელთა გადამზადებაში ხელოვნების პედაგოგიკის მიმართულებით. 2001 წელს, თბილისში, სათავეში ედგა საქველმოქმედო აქციას მიუსაფარი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის. პარალელურად, იყო რაინაუს (შვეიცარია) საზაფხულო აკადემიის დოცენტი სამხატვრო ხელოვნებაში. ერთი წლის შემდეგ კი, UNESCO-ს ხელშეწყობით მცხეთაში დააარსა მსგავსი საზაფხულო აკადემია. 2005 წელს ვახო ბარდაველიძის ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, რომელიც ბავარიის ცენტრალური ტელევიზიითაც გადაიცემოდა. აქცია მირიამ ზაქსის ფონდისა და Sternstunden e.V.-ის ხელშეწყობით ჩატარდა. ამავე წელს, ვახო ბარდაველიძემ მონაწილეობა მიიღო „Open Air Munich“-სა და „Lange Nacht der Museen“-ში. 2012 წელს, როგორც სცენოგრაფმა, იმუშავა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო თეატრის სპექტაკლზე „თოვლის დედოფალი“, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით. 2004-2017 წლებში ქართველმა მხატვარმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და მისი ტილოები ბევრ კერძო კოლექციაში ინახება მსოფლიოს მრავალ კუთხეში: მალიორკა, მონაკო, სანტროპე, ციურიხი, გშტაადი, მიუნხენი, პალმსპრინგი, თბილისი... 2016 წლამდე გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ვახო ბარდაველიძის უამრავი გამოფენა გაიმართა, რომლებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამხატვრო წრეებში. მისი ნახატები გამოფენილი იყო ისეთ გალერეებში, როგორიცაა შტადსპარკასე (მიუნხენი), თბილისის ცისფერი გალერეა, მიუნხენის გალერეა Ruf, Galerie der Dinge, გალერეა „ჯაფარიძე“, Oceanet-Georgia, Kunstgiesserei, კაფე „Ludwig“-ის გალერეა. ვახო ბარდაველიძე მთელი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებითი ძიებით ისწრაფოდა თავისუფლებისკენ, შეუცნობელის გაცნობიერებისკენ და მისი მიზანი იყო ამის გამოხატვა ხელოვნებასა და ყოველდღიურობაში. ის ფიქრობდა, რომ ნახატი არ უნდა იყოს მხოლოდ ორგანზომილებიან სიბრტყეში, ფერი და ფორმა. ამბობდა, რომ ნახატი უნდა ქმნიდეს სივრცეს, სამგანზომილებიან, მოძრავ პროცესს. ამიტომ, ის არ ხატავდა ჩვეულებრივ, გადაჭიმულ ტილოზე, არამედ ხატავდა სამედიცინო დოლბანდზე, რომლის ერთმანეთზე დადებით იქმნება ფერის, სივრცისა და ფორმის განუმეორებელი, მხოლოდ მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი, ნამუშევარი. ხატვის ამ უცნობ ტექნიკამდე ვახო ბარდაველიძე შემთხვევამ მიიყვანა. ის წლების წინ ავად გამხდარა, პნევმოთორაქსი დამართნია. საავადმყოფოდან გამოსულს კი უთქვამს, - თითქოს ვგრძნობდი, შიგნით სხეული როგორ დამეგლიჯა და დოლბანდზე დახატვა მომინდაო... ასე დაიწყო ექსპერიმენტები იმ ტექნიკაში, რითაც, როგორც მხატვარი, ევროპაში კარგად გაიცნეს, თუმცა ბევრი რამ არ დასცალდა და ნამუშევრებიც დასამთავრებელი დარჩა... სამედიცინო დოლბანდს მის ნახატებში როგორც ტექნიკური, ისე სიმბოლური დატვირთვაც აქვს. ამ ტექნიკის გამო მხატვრის ნამუშევრების ფოტო ან ვიდეო გადაღება, შეუძლებელია, რადგან ფოტოც და ვიდეოც ორგანზომილებიანია და ბოლომდე ვერ გადმოსცემს ნახატის არსს. ამიტომ მან უარი თქვა კატალოგებსა და ვებგვერდებზე. ხატვის ეს ტექნიკა ახალ სიტყვად ითვლება მხატვრობაში და ვახო ბარდაველიძემ 2002 წელს დააპატენტა კიდეც. ნიშანდობლივია, რომ თავდაპირველად ვახო დოლბანდის შესაძენად აფთიაქში დადიოდა და დიდი რაოდენობით ყიდულობდა. შემდეგ ის აფთიაქი გერმანიაში მომწოდებელ ქარხანას დაუკავშირდა, აცნობეს, მხატვრის ინტერესის შესახებ და უძველესი სტერილური დოლბანდის კომპანიამ უსასყიდლოდ დაიწყო მისთვის ამ მასალის მოქსოვა და დიდი თოფებით მოწოდება. ვახო ბარდაველიძემ მომავალი მეუღლე, კრისტიანე ლოიხტენბერგერი 1994 წელს გაიცნო, არტთერაპიაზე ერთად სწავლობდნენ. მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა. 1997 წელს დაქორწინდნენ. სამი შვილი ეყოლათ - 2 გოგო და ერთი ბიჭი. სამივე ხატავს. უფროსი 23 წლისაა, ფლორენციაში ცხოვრობს და მამასავით კარგად ხატავს; მეორე, 21 წლისა, სამსახიობოზე სწავლობს; ბიჭი კი მიუნხენში სკოლას ამთავრებს. ვახო ბარდაველიძე უეცრად გარდაიცვალა თბილისში, 2018 წლის 26 ივლისს. მხატვრის შემოქმედებას სამშობლოში ნაკლებად იცნობდნენ. მისი პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში, მისი სიკვდილის შემდეგ, 2019 წლის ოქტომბერში გაიმართა. გამოფენას ეწოდებოდა „სივრცედ ქმნილი ფერი“ და მასზე წარმოდგენილი იყო ვახო ბარდაველიძის 50-ზე მეტი ნამუშევარი. https://www.ambebi.ge › article › 238197-kartveli-mxatvari-romlis-naxate... https://ka.wikipedia.org › wiki › ვახტანგ_ბარდაველიძე
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |