The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


არჩილ დონდუა

არჩილ დონდუა
Date of birth:6 January, 1929  (95 years)
Category:Biologist

Biography

ემბრიოლოგი და ციტოლოგი არჩილ დონდუა დაიბადა 1929 წლის 6 იანვარს ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ენათმეცნიერ კარპეზ დონდუას ოჯახში. ბიოლოგია ბავშვობიდან აინტერესებდა. პროფესიით ბიოლოგი იყო მისი ბაბუა დედის მხრიდან, ნიკოლოზ პეტროვიხი, რომელიც პეტერგოფის გიმნაზიაში მასწავლებლობდა. არჩილის დედა, ანასტასიაც, აქვე ეუფლებოდა მედიცინის საფუძვლებს, მაგრამ დაოჯახების გამო სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

არჩილ დონდუამ 1951 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, სადაც ექსპერიმენტალური ზოოლოგიის კათედრაზე გაიარა სპეციალიზაცია ემბრიოლოგიაში პროფესორების ვ. დოგელის, ი. სოკოლოვისა და პ. სვეტლოვის ხელმძღვანელობით. 1954 წელს აქვე დაამთავრა ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1954 წელს არჩილ დონდუამ მუშაობა დაიწყო ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ბიოლოგიის ინსტიტუტში, ჯერ უმცროს, ხოლო შემდეგ, უფროს მეცნიერ მუშაკად, 1965-1970 წლებში კი ის აღნიშნული დაწესებულების დირექტორია.  

1960-იან წლებში, ავტორადიოგრაფიის მეთოდის აყვავების პერიოდში, არჩილ დონდუა გადაერთო ცხოველთა ემბრიოგენეზში უჯრედოვანი რეპროდუქციისა და დიფერენციაციის შესწავლაზე. ბიოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მან, გიორგი დონდუასთან ერთად, ჩამოაყალიბა ონტოგენეზში უჯრედოვანი პოპულაციის კინეტიკის მათემატიკური მოდელი.

1970-იან წლებში ა. დონდუა ჰისტოლოგიის კათედრის ხელმძღვანელ ა. ა. ზავარზინთან ერთად მონაწილეობდა ლენინგრადის უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო- ექსპერიმენტული ბაზის, თეთრ ზღვაში საზღვაო ბიოლოგიური სადგურის ჩამოყალიბებაში.

1970-1980-იან წლებში ბიოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ციტოლოგიის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე შეიქმნა განვითარების ადრეულ საფეხურზე უჯრედოვანი პოპულაციების კინეტიკის თეორია. გამოკვლევათა შედეგები აისახა არჩილ დონდუასა და მისი მეგობრების მიერ 1983 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში - "Клеточное размножение и процессы дифференциации".

1980 წელს, უჯრედოვანი კვლევების ციკლში მიღწეული შედეგებისთვის არჩილ დონდუას მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

1987-1999 წლებში ა. დონდუა ხელმძღვანელობდა ემბრიოლოგიის კათედრას სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. 1987 წლიდან ის იყო ბიოლოგიის ინსტიტუტის ემბრიოლოგიის განყოფილების გამგეც.

1991 წელს ა. დონდუა აირჩიეს სანკტ-პეტერბურგის საბუნებისმეტყველო საზოგადოების პრეზიდენტად.

სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა არჩილ დონდუა ინტენსიურ პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. გარდა ზოგადი კურსებისა  -„ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგია“ და „შედარებითი ემბრიოლოგია“, ის სხვადასხვა წლებში ვიწრო სპეციალობით დაინტერესებული სამეცნიერო წრეებისთვისაც კითხულობდა ლექციებს - «Модели морфогенеза», «Детерминация пола», «История эмбриологических концепций».

1994 წელს ა. დონდუამ მიიღო საუნივერსიტეტო პრემია მაღალი პედაგოგიური ოსტატობისთვის, 1999 წელს ის გახდა ლაურეატი წოდებისა „რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი“, 2001 წელს კი სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ მას მიანიჭა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება.

ა. დონდუა ავტორია 2005 წელს ორ ტომად გამოცემული სახელმძღვანელოსი -  «Биология развития»;

მიუხედავად ხანდაზმულობნისა არჩილ დონდუა დღესაც მოღვაწეობს სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მეცნიერი იყო მისი ძმაც, ფიზიკო-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი დონდუა(1927-1979), რომელიც უმაღლეს მათემატიკას ასწავლიდა ლენინგრადის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.

წყარო:

1. https://wiki.spbu.ru › index.php › Дондуа_А...

2. https://spbvedomosti.ru › razgadat_hox_geny

3. Харатишвили, Генрико. Дондуа Арчил Карпезович (род. В 1929) // Грузины-профессора и преподаватели Восточного факультета Санкт-Петербургского университета / Генрико Харатишвили. - Санкт-Петербург, 2005. - С. 112-114


Share: