შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
პრასტო![]()
ბიოგრაფიაპრასტო (ვაჟა მიქაბერიძე) დაიბადა 1967 წელს, თბილისში. 1984-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1993 წელს საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და სწავლა ფლორენციაში, რიაჩის აკადემიაში განაგრძო (1993-1995 წწ.) ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს იტალიის ქალაქ Pietrasanta-ში. პიეტრასანტაში ვაჟა მიქაბერიძეს აქვს სახელოსნო, სადაც ქმნის თავის სკულპტურებს. ამ ქალაქში, თავდაპირველად, შემთხვევით მოხვდა. ფლორენციის აკადემიაში სწავლის დროს გარდაიცვალა მისი პროფესორი, რომელსაც Pietrasanta-ში ჰქონდა სახელოსნო და ზოგიერთი სკულპტურა დაუმთავრებელი დარჩა. მისი ოჯახის თხოვნით ეს სკულპტურები ვაჟამ დაასრულა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ ამ ქალაქში არის - Fonderia d'Arte Massimo Del Chiaro, პრესტიჟული საჩამომსხმელო საამქრო, რომელსაც მსოფლიო არენაზე არაჩვეულებრივად კარგი რეპუტაცია აქვს. აქ მუშაობენ ბრინჯაოზე, მარმარილოზე... ქანდაკებისთვის ყველანაირი სამუშაო სრულდება ძალიან მაღალ დონეზე, შესაბამისად იქმნება ხარისხოვანი პროდუქცია, ამიტომაცაა, რომ Massimo Del Chiaro-ს საამქროსთან თანამშრომლობენ ძალიან საინტერესო ხელოვანები მთელი მსოფლიოდან - Not Vital, Noguchi, Henry Moore, Brancusi, Noguchi, Naum Gabo, Calder... ქართველმა მოქანდაკემაც მოსინჯა თავისი ძალები და დღეს, უკვე, თავისი სახელოსნო აქვს ამ ქალაქში. მუშაობს ფოლადში, ბრინჯაოში, მარმარილოში, სხვადასხვა მეტალში, კერამიკაში... პრასტოს ნამუშევრები ინახება საქართველოს, იტალიისა და რუსეთის კერძო კოლექციებსა და სახელმწიფო გალერეებში. ჰქონდა პერსონალური გამოფენებიც: 2014 – „ეკვალიბრიუმი“, ეკატერინას სასახლე, სანქტ-პეტერბურგი; 2015 – „ფიჭვის წიწვები და ღია ხეები“, გალერეა ფრანჩესკო პონზეტა, პიეტრასანტა; 2015 – „ეკვალიბრიუმი“, პეტროვსკი პასაჟი მოსკოვი; 2015 - N'UOVO Piazza del Duomo, წმინდა ავგუსტინეს ეკლესია, პიეტრასანტა... ვაჟა მიქაბერიძის რამდენიმე ქანდაკება საქართველოშიც დგას. ესენია: ნიკო ფიროსმანის ქანდაკება მის მშობლიურ მირზაანში; სერგო ფარაჯანოვის ქანდაკება დედაქალაქში, ბამბის რიგში; ბალანჩინის სკულპტურა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში; სულ ახლახან, 2019 წლის ნოემბერში კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიხსნა ქანდაკება – N’Uovo. დაახლოებით ხუთი მეტრი სიმაღლის ქანდაკება აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს. ქანდაკება მოძრავია და ქარის ზემოქმედების საშუალებით ტრიალებს. N'Uovo იტალიაში, ავტორის სახსრებით დამზადდა და თბილისის მერიას საჩუქრად გადაეცა. 2016 წლიდან ანალოგიური ქანდაკება დგას იტალიაშიც, ქალაქ პიეტრასანტეს პარკში - La Versiliana. ნამუშევრების მთელი სერია გააერთიანა მოქანდაკემ გამოფენაში „ეკვილიბრიუმი",სადაც ყველა ექსპონატს კვერცხის ფორმა აქვს და სააღდგომო თემატიკას ეხმიანება:„ნამუშევრების კონცეფცია წონასწორობას ეხება, გამოფენასაც ასეთი სახელწოდება გავუკეთე Equilibrium. ნამუშევრების მიმართ ისეთი დამოკიდებულებაა, რომ შეგიძლია ხელით შეეხო, თან იმის გრძნობა გეუფლება, რომ ცოტა საშიშიც არის, შეიძლება სკულპტურა გადმოვარდეს... ეს ბუნებრივია რეაქციაა, ხომ?! - ნამუშევარი შეიძლება აამოძრავო, თან უნდა დაიცვა, რომ არ გადმოვარდეს და არ დაზიანდეს“, ამბობს ვაჟა მიქაბერიძე. კვერცხის მოცულობითი ფორმის სკულპტურებზე პრასტო დიდი ხანია მუშაობს. პირველი სკულპტურა Eggs ჯერ კიდევ 1992-93 წლებში გააკეთა, გამოფენილიც ჰქონდა "ქარვასლაში". იტალიაში გაკეთებული პირველი ქანდაკებაც, 1995 წელს, იყო კვერცხი, რომელიც 15 წლის მერე - 2010 წელს გაყიდა. მოქანდაკე განმარტავს, რომ „ეს მომრგვალებული ფორმა იმდენად კლასიკურია, სრული, დახვეწილი, ყველასთვის კარგად ნაცნობი, თან ადვილად მისაღები ხდება. ფორმის სტილიზება ხდება თანამედროვე მასალებით და ხედვით. ჩემი მიზანი მხოლოდ ვიზუალური ეფექტის შექმნაა. დიახ, - კონცეპტუალური არტიც არის, აბსტრაქციაც... ვცდილობ, ვიზუალურადაც და კონცეპტუალურადაც საინტერესო იყოს. ჩემს სკულპტურებს ყველა თავისებურად აღიქვამს, მაგრამ ძირითადი ფუნქცია, რაც აქვთ არის ის, რომ 3-5 მეტრიანი ობიექტები მოძრაობს, არ არის დამაგრებული, უბრალოდ დევს და მოძრაობს...“ მცირე ზომის ფიგურატიულ ქანდაკებას პრასტო თიხაში ძერწავს და მერე ხდება მისი ჩამოსხმა გადიდებული მასშტაბით. სერგო ფარაჯანოვის ქანდაკება იური მეჩითოვის ფოტოს მიხედვით დამზადდა. ფოტოდან გაკეთდა ჯორჯ ბალანჩინის, ანუ „მისტერ ბის“ სკულპტურაც. ზუსტად ასეთივე სკულპტურა დგას სანკტ-პეტერბურგშიც. ქალაქ სამარას ამშვენებს მის მიერ შექმნილი ელდარ რიაზანოვის ქანდაკება. ვაჟა მიქაბერიძე ბევრს მოგზაურობს, რაც ხელს უწყობს მისი ფანტაზიის გაღვივებას. მაგალითად, შვეიცარიაში მოგზაურობის შემდეგ შექმნა მომრგვალებული ფორმის სიმბოლური ობიექტები, რომლებსაც დაარქვა „Butterfly”- „პეპლები“. თავის ემოციებზე საუბრისას პრასტო ამბობს, - „ ისე, როგორც საქართველოში, იქაც არიან პეპლები, რომლებსაც აქვთ ღია ცისფერი და ნაცრისფერი ფრთები. მდინარის პირას, ან მთაშიც დაფრინავენ ხოლმე. წარმოვიდგინე, რომ ძალიან ძლიერ ვიზუალურ ეფექტს მოახდენდა 2-3 მეტრიანი ობიექტები. ბუნებასთან შეხებით გაკეთებული მაქვს ნამუშევრები Nolina - ლურჯი, თეთრსა და ბრინჯაოში. ყველა გავყიდე, ამ დეკორატიულ სერიას ჰქვია Open Trees, ესეც მოეწონათ და გავყიდე. კონცეპტუალურად საინტერესო გამოვიდა, ხის ქერქიდან ვიღებდი ყალიბებს, ბუნებრივად ვაძლევდი ხის ზედაპირის ფორმას, მერე ვჭრიდი და მარაოს ფორმას ვაძლევდი, - ესთეტიკური თუ კონცეპტუალური თვალსაზრისით, ძალიან პოზიტიური ნამუშევარი გამოვიდა“. მოქანდაკე ამბობს, რომ ის თავის სკულპტურებს ყიდის და ეს არის მისი შემოსავლის წყარო. თუმცა სხვა მიმართულებითაც მუშაობს, აკეთებს ილუსტრაციებს წიგნის გაფორმებისთვის, მუშაობდა პორტრეტებზეც. მუდმივად ცდილობს წინ წავიდეს და არ გაიმეოროს ის, რაც უკვე გააკეთა. მთავარია, რომ მისი ნამუშევარი იყოს ხარისხიანი, საინტერესო, ეფექტური, ჩანდეს ესთეტიკა და არ გახდეს მოსაბეზრებელი. წყარო: 1. art.gov.ge › ART.GOV.GE › მხატვრები 2. https://at.ge › 2019/11/11 › nuovo 3. მიქაბერიძე, ვაჟა. დევს და მოძრაობს... : ინტერვიუ / ვაჟა მიქაბერიძე ; ესაუბრა მზეხა მახარაძე // 24 საათი. - თბილისი, 2014. - 20 - 26 ივნისი. - N19 (169). - გვ.24-25. - Weekend. 20 - 26 ივნისი. 2014 წ. N19 (169).
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |