The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ოლეგ ბასილაშვილი

ოლეგ ბასილაშვილი
დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

საბჭოთა კავშირისა და რუსეთის თეატრისა და კინოს მეგავარსკვლავი ოლეგ ბასილაშვილი დაიბადა მოსკოვში, 1934 წლის 26 სექტემბერს. მისი მამა, ვალერიან ნოშრევანის ძე ბასილაშვილი წარმოშობით გორის რაიონის სოფელ კარბიდან იყო. მუშაობდა ვადიმ პოდბელსკის სახელობის მოსკოვის კავშირგაბმულობის პოლიტექნიკუმის დირექტორად. ხოლო დედა, ირინა სერგეის ასული ილინსკაია გახლდათ ლინგვისტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. მისი შედგენილია ალ. პუშკინის ენის ლექსიკონი.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941-1942 წლებში დედა-შვილი ბაბუა ნოშრევანთან ცხოვრობდნენ თბილისში. მამა და უფრსი ძმა, გიორგი (მამის მხრიდან) ფრონტზე წავიდნენ. 1943 წელს ოლეგი დედასთან ერთად მოსკოვში დაბრუნდა. არტილერისტი გიორგი (ჟორა) ბასილაშვილი 1943 წელს დაიღუპა, ვალერიან ბასილაშვილი კი ომს გადაურჩა და 1945 წელს ოჯახს შეუერთდა.

ოლეგ ბასილაშვილმა 1956 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო აკადემიის თეატრთან არსებული ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სკოლა-სტუდია, პედაგოგ პავლე მასალსკის კურსი. მესამე კურსზე იყო როცა დაქორწინდა თავის თანაკურსელ ტატიანა დორონინაზე, შემდგომში ასევე წარმატებულ მსახიობზე. მათმა ქორწინებამ მხოლოდ რვა წელს გასტანა.

ახალდაქორწინებულები განაწილებით მოხვდნენ სტალინგრადის დრამატულ თეატრში. სამი წლის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ ტატიანას მშობლიურ ქალაქ ლენინგრადში. მუშაობა თავდაპირველად დაიწყეს კომკავშირის სახელმწიფო თეატრში, 1959 წლიდან კი მოღვაწეობა ლენინგრადის მაქსიმ გორკის სახელობის დიდ დრამატულ თეატრში განაგრძეს.    

ოლეგ ბასილაშვილი თავის წარმატებულ კარიერას რეჟისორ გიორგი ტოვსტონოგოვს უმადლის. სწორედ მან მოახერხა გაეხსნა მსახიობის ტალანტი. ლენინგრადის დიდ დრამატულ თეატრში ოლეგ ბასილაშვილმა 50-ზე მეტი როლი განასახიერა, მათ შორის: ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის „რევიზორი“), ანდრია პროზოროვი და ვოინიცკი (ა. ჩეხოვის „სამი და“, „ძია ვანია“), ლაფჩენკო (ა. არბუზოვის „ირკუტსკული ამბავი“), სერპუხოვი (ლ. ტოლსტოის „ცხენის ამბავი“) და სხვა.

მსახიობს კინოში იღებენ 1956 წლიდან. შესრულებული აქვს 80-მდე როლი. განსაკუთრებით ფართო პოპულარობა მოუტანა ელდარ რიაზანოვის რეჟისორობით გადაღებულმა ფილმებმა: „სამსახურებრივი რომანი“ (1977); „ვაგზალი ორისთვის“ (1982), „შემოდგომის მარათონი“ (1979) და სხვა.

ოლეგ ბასილაშვილის სამსახიობო მანერისათვის დამახასიათებელია მომხიბლაობა, თავდაჭერილობა, სირბილე, ფაქიზი ფსიქოლოგიზმი.

მსახიობს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია: 1969 - რსფსრ-ს დამსახურებული არტისტი; 1977 - რსფსრ-ს სახალხო არტისტი; 1979 - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, კინოფილმ "სამსახურეობრივ რომანში" შესრულებული როლისთვის; 1984 - სსრკ სახალხო არტისტი; 2009 - პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის სპექტაკლში „ბიძიას სიზმარი“; 2010 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (საქართველო) ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის; 2014 - თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ (მოსკოვი) თეატრალურ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; არის რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიის „ნიკას“ აკადემიკოსი; თბილისისა (2011) და სანკტ-პეტერბურგის (2012) საპატიო მოქალაქე და სხვა.

ოლეგ ბასილაშვილი უკვე 50 წელზე მეტია დაქორწინებულია ჟურნალისტ გალინა მშანსკაიაზე. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ - ოლგა და ქსენია.

ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი ამბობს: „ერთი ჩემი გულისნადები მინდა გაგიმხილოთ, - რაც დრო გადის და ასაკში შევდივარ, უფრო და უფრო ვგრძნობ, რომ საქართველო, თბილისი, თავისკენ მექაჩება... მოსკოვში დავიბადე, მაგრამ საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. თბილისში ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პერიოდი გავატარე, ძალიან მიყვარს საქართველო. ქართული გენი ხომ ძლიერია და ალბათ, ჩემი ფესვები მეძახიან. ჩემი წინაპრების სამშობლოში დაბრუნება მინდა... მამაჩემი და ჩემი ძმა რუსეთისა და საქართველოს საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძოდნენ, თავიანთ მიწა-წყალს იცავდნენ. ჩემს ცხოვრებაში ამ ორი ხალხის ბედი სამუდამოდ გადაიჯაჭვა, მინდა, ასევე განაგრძონ ჩემმა შვილიშვილებმა, მომავალმა თაობებმა...“.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .I.–თბ., 1997.–გვ.363

2. https://ru.wikipedia.org › wiki › Басилашвил..

3. https://ka.wikipedia.org › wiki › ოლეგ_ბასილაშვილი

4. https://www.kvirispalitra.ge › politic › 21029-oleg-basilashvili-qchemi-dza...


გააზიარე: