The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მაყვალა ქასრაშვილი

მაყვალა ქასრაშვილი
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი (სოპრანო) მაყვალა ფილიმონის ასული ქასრაშვილი დაიბადა 1942 წლის 19 მარტს ქ. ქუთაისში. განქორწინების შემდეგ, მაყვალას დედა ქალ-ვაჟს მარტო ზრდიდა. მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, ოჯახში არ ულხინდათ, მაგრამ პატარა გოგონას ცხოვრებას სიმღერა ულამაზებდა.

მაყვალა ძალიან მუსიკალური იყო. ძლიერი ხმა დედისგან მემკვიდრეობით ერგო. ამასთან ერთად, მუდმივად უსმენდა კლასიკურ მუსიკას. მოგვიანებით მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა: „მე ისე ადრე დავიწყე ოცნება მომღერლის კარიერაზე, რომ სხვა პროფესიებზე ფიქრისთვის დროც აღარ მრჩებოდა. 10 წლის ასაკში უკვე მივხვდი, რომ მე მქონდა ხმა, არა ბავშვური, არამედ ნამდვილი, სასიმღერო. რადიოში საოპერო ნაწარმოებებს ვუსმენდი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა იყო ეს, მაგრამ ვმღეროდი! ვიმეორებდი რაც მესმოდა და ვგრძნობდი, რომ ვიპოვე ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული. არც კი მინდოდა სხვა პროფესიაზე ფიქრი“.

გოგონა დედამ მუსიკალურ სასწავლებელში შეიყვანა, სადაც ვოკალის განხრით სწავლობდა (1956-1960). გარდატეხის წლებში ხმაზე პრობლემები დაეწყო და რომ არა ერთი შემთხვევა შეიძლება მისი მომღერლის კარიერაც აღარ შემდგარიყო. სასწავლებელში მიწვეული იყო ცნობილი საოპერო  მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძე, რომელმაც მოუსმინა მას და დაეხმარა შეხვედროდა თბილისის კონსერვატორიის პედაგოგ ვერა დავიდოვას, მოსკოვის დიდი თეატრის ყოფილ სოლისტს. ვერა დავიდოვა აღფრთოვანებული დარჩა მაყვალა ქასრაშვილის ხმით და ითავა მისი მომზადება კონსერვატორიისთვის.

გამოცდილმა პედაგოგმა ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში შესძლო მაყვალას ხმის ფორმაში ჩაყენება და აქედან დაიწყო მისი საუკეთესო მოსწავლის ვარსკვლავური გზა. მაყვალა ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში და მალევე მიაღწია წარმატებას. 1964 წელს მან პირველი პრემია მოიპოვა ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსზე.

მაყვალა ქასრაშვილმა 1965 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი. ახალგაზრდა მომღერალი ფიქრობდა, რომ კარიერას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გააგრძელებდა, მაგრამ სწორედ ამ დროს სტაჟიორთა ჯგუფისთვის ხმების შესარჩევად თბილისში ჩამოვიდნენ მოსკოვის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრის წარმომადგენლები. მაყვალამ იმღერა არიები ოპერებიდან „ჩიო-ჩიო-სანი“ და „ბოჰემა“ და მოხვდა იმ მომღერლებს შორის, რომლებიც მიიწვიეს მოსმენაზე დიდ თეატრში.

1966 წლის თებერვალში მაყვალა ქასრაშვილი აიყვანეს დიდი თეატრის სტაჟიორთა ჯგუფში. ერთ წელიწადში მან შეასრულა პრილეპას პარტია პ. ჩაიკოვსკის ოპერიდან „პიკის ქალი“, მიქაელას პარტია ჟორჟ ბიზეს ოპერიდან „კარმენი“ და გახდა დასის სოლისტი.

1968 წელს მაყვალა ქასრაშვილმა მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IX მსოფლიო ფესტივალში (სოფია), სადაც მეორე პრემიის ლაურეატის და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო 1973 წელს ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა IX საერთაშორისო ფესტივალზე მონრეალში.

ხანგრძლივი საოპერო კარიერის მანძილზე მაყვალა ქასრაშვილი მღეროდა ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენოპერას", ლონდონის "კოვენტგარდენის", მიუნჰენის, სავონლინის, კანადის, ვენის, ჩიკაგოს, ვაშინგტონის, ტოკიოსა და მსოფლიო სხვა საოპერო თეატრების სცენებზე. ასრულებდა როგორც ლირიკულ ასევე დრამატული სოპრანოს პარტიებს, ჩაიკოვსკის, რიმსკი-კორსაკოვის, პროკოფიევის, ბიზეს, ვერდის, მასკანის და სხვ. ოპერებში.

„პირ­ვე­ლად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში დი­დი თე­ატ­რის გას­ტრო­ლე­ბი­სას ჩა­ვე­დი, 1975 წელს, ეს იყო დი­დი თე­ატ­რის პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლა "მეტ­რო­პო­ლი­ტენ ოპე­რის" სცე­ნა­ზე. იქ სამ საპ­რე­მი­ე­რო სპექ­ტაკ­ლში ვიმ­ღე­რე. პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვი, რო­მელ­მაც "მეტ­რო­პო­ლი­ტენ ოპე­რას" სცე­ნა­ზე იმ­ღე­რა... "მეტ­რო­პო­ლი­ტენ ოპე­რის" დი­რი­ჟორ­მა ჯუ­ზე­პე მა­ტა­ნემ, თე­ატ­რის დი­რექ­ცი­ამ, ასე­ვე პა­ვა­რო­ტის იმ­პრე­სა­რი­ო ბრეზ­ლი­ნიმ (მან პა­ვა­რო­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ით მო­მის­მი­ნა) შე­მომ­თა­ვა­ზეს, დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი ამე­რი­კა­ში, მაგ­რამ ჩე­მი მი­წა-­წყლის, დე­დის, ახ­ლობ­ლე­ბის, ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბა ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, ეს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა, "მეტ­რო­პო­ლი­ტენ ოპე­რა­ში" გა­მოს­ვლე­ბი­სას ლონ­დო­ნის "კო­ვენტ გარ­დე­ნის" მუ­სი­კა­ლურ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა პო­ლინ დე­ვის­მა მო­მის­მი­ნა და მე­ო­რე წელ­სვე მი­მიწ­ვია ინ­გლის­ში, "დონ ჟუ­ან­ში" დო­ნა ანას პარ­ტი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად. შემ­დეგ ეს პარ­ტია ამ სცე­ნა­ზე სა­მი სე­ზო­ნი შე­ვას­რუ­ლე“,- იგონებს მაყვალა ქასრაშვილი.

„კოვენტ-გარდენში“ მომღერალი 1980-იან წლებში ოთხი სეზონის განმავლობაში მუშაობდა. მონაწილეობა მიიღო ოპერებში: „დონ ჟუანი“ და „La Clemenza di Tito”. ხშირად იწვევდნენ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ბოლონიაში მონაწილეობდა ჩაიკოვსკის ოპერა „პიკის ქალში“; მიუნხენში პირველად იმღერა აიდას პარტია ვერდის „აიდაში“; 1990-იან წლებში მან „პიკის ქალში“ იმღერა სიეტლში, ჰიუნსტონსა და ვაშინგტონში; მონაწილეობდა ალ. ბოროდინის „თავადი იგორის“ საკონცერტო დადგმაში ნიუ-იორკის ცნობილ დარბაზ „კარნეგი ჰოლში“; 2000 წელს ამნერისის პარტია შეასრულა ნიუ-ჯერსში დადგმულ „აიდაში“.

"მაყ­ვა­ლა ქას­რაშ­ვი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ძვირ­ფა­სი ქვა­ა", - ასე შე­ა­ფა­სა მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა "ლა სკა­ლას" სა­ო­პე­რო თე­ატ­რის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა პა­ო­ლო გრო­სიმ.

მომღერალი ნაყოფიერად მოღვაწეობს კამერულ ჟანრშიც. მისი კამერული რეპერტუარი ძირითადად ჩაიკოვსკისა და რახმანინოვის რომანსებს მოიცავს; თანამშრომლობდა სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან. მონაწილეობდა კამერული მუსიკის მუსიკალურ ფესტივალებში ტულონსა და ტურში (საფრანგეთი), ვანკუვერში (კანადა) და სხვა.

მაყვალა ქასრაშვილმა ზურაბ სოტკილავასთან ერთად ქუთაისში დააარსა ფესტივალი "საოპერო სცენის ოსტატები" (1984, 1985, 1987); მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია: 1980 - საქართველოს სახალხო არტისტი; 1983 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემია; 1986 - სსრკ სახალხო არტისტი; 1997 - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში; 2002-2014 წლებში იყო მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ქალბატონი მაყვალას სახელი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, რადგან 40 წლის განმავლობაში უწყვეტად ასრულებდა ტოსკას პარტიას ჯაკომო პუჩინის ოპერაში „ტოსკა“.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org › wiki › მაყვალა_ქასრაშვილი

2. https://www.kino-teatr.ru › acter › sov › bio

3. https://ru.wikipedia.org › wiki › Касрашвили...

4. www.biograph.ru › 503-kasrashvili

5. გაბრიჭიძე, მანანა. ყველა დროის Primadonna Abssolluta : პერსონა / მანანა გაბრიჭიძე // ბომონდი. - თბილისი, 2010. - იანვარი. - N3. - გვ.34-36.

6. ტორაძე, გულბათ. მაყვალა ქასრაშვილი // მუსიკის სამყაროში : კომპოზიტორები, მუსიკათმცოდნეები, შემსრულებლები, მოგონებები / გულბათ ტორაძე. - თბილისი, 2010. - გვ. 383-388.




გააზიარე: