The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ გიორგის ძე თუმანოვი

მიხეილ გიორგის ძე თუმანოვი
ოფიციალური სახელი:მიხეილ გიორგის ძე თუმანიშვილი
დაბადების თარიღი:22 ივლისი, 1848
გარდაცვ. თარიღი:30 მარტი, 1905  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სმოლენსკის მართლმადიდებლური სასაფლაო, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-მაიორი (1902) მიხეილ გიორგის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი) დაიბადა 1848 წლის 22 ივლისს სოფელ ხელთუბანში, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი. 1866 წელს სანკტ-პეტერბურგში დაამთავრა ნიკოლოზის კადეტთა კორპუსი, 1868 წელს - ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი. სამხედრო იყო მისი  ტყუპისცალი ძმაც, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლოზ თუმანიშვილი.

სამხედრო სამსახური მიხეილ თუმანიშვილმა 1866 წლის 16 აგვისტოდან დაიწყო. მისი კარიერა სწრაფად განვითარდა: 1868 წლის 12 ივლისი- პრაპორშჩიკი; 1872 წლის 8 აპრილი - პორუჩიკი; 1975 წლის 19 აპრილს დაინიშნა დაღესტნის ოლქის ჯარების სარდლის ადიუტანტად; 1875-1880 წწ. შტაბს-კაპიტნის ჩინით მეთაურობდა მე-16 დრაგუნთა ნიჟეგოროდის მისი უდიდებულესობა მეფის ვირტემბერგსკის პოლკის ესკადრონს. 

მიხეილ თუმანიშვილი მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომში. 1879 წლის 1 იანვარს „საბრძოლო დამსახურებისთვის“ დაინიშნა როტმისტრად, რაც იმავე დღეს შეიცვალა გვარდიის შტაბ-როტმისტრის წოდებით.1883 წლის 15 მაისიდან  არის გვარდიის 43-ე დრაგუნთა ტვერის პოლკის როტმისტრი;1886 - პოდპოლკოვნიკი, სამურის 83-ე ქვეითი პოლკის მეთაურის მოადგილე; 1889-1895 წწ. იყო დაღესტნის ოლქის ყაზი-ყუმუხის მხარის უფროსი; 1893 წლის 30 აგვისტოდან ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას.

მიხეილ  გიორგის ძის შემდგომი მოღვაწეობა დაკავშირებულია რკინიგზის ჟანდარმერიასთან. ის იყო სამარისა (1895) და ფინეთის რკინიგზის პოლიციის სამმართველოს ჟანდარმერიის უფროსი (1896-1902); 1902-1905 წწ. - პეტერბურგ-ვინდავის რკინიგზის პოლიციის სამმართველოს ჟანდარმერიის უფროსი; 1902 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისთვის მიხეილ თუმანიშვილი დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხისა და, აგრეთვე, უცხოეთის ორდენებით.

მიხეილ გიორგის ძე თუმანიშვილი გარდაიცვალა 1905 წლის 30 მარტს სანკტ-პეტერბურგში. დაკრძალულია სანკტ-პეტერბურგის სმოლენსკის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია. ტ. 4. - თბილისი, 2018. - გვ.123-124

2. ru.hayazg.info › Туманов_Михаил_Георгие...

 

 


გააზიარე: