The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლევან თუმანოვი

ლევან თუმანოვი
ოფიციალური სახელი:ლევან თუმანიშვილი
სხვა სახელი:ლეო  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1881
გარდაცვ. თარიღი:27 ივლისი, 1948  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ლევან (ლეო) თუმანიშვილი (თუმანოვი) რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრების ოჯახიდან იყო. გენერალ-ლეიტენანტები იყვნენ მისი მამა კონსტანტინე და პაპა ალექსანდრე თუმანიშვილები, ბიძა - გიორგი თუმანიშვილი კი კავალერიის გენერალი გახლდათ.

ლევან თუმანიშვილი დაიბადა 1881 წლის 4 ოქტომბერს, სანკტ-პეტერბურგში. დაწყებითი განათლება მიიღო რეალურ სასწავლებელში. 1902 წელს დაამთავრა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904-1905) და I-ლ მსოფლიო (1914-1918) ომებში.

1909 წლის 1 იანვრისთვის შედგენილი რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცერთა  საერთო სიიდან ვიგებთ, რომ ლევან თუმანიშვილი პორუჩიკის წოდებით მსახურობდა 37-ე საარტილერიო ბრიგადაში ნოვგოროდის გუბერნიაში; 1913-1915 წწ.  მას ჰქონდა პოდპოლკოვნიკის წოდება და დასავლეთის ფრონტის 22-ე  საარტილერიო დივიზიის მე-2 ბატარეას ხელმძღვანელობდა; 1916 წლიდან კი, უკვე, პოლკოვნიკია და უკავია დივიზიონის მეთაურის მოადგილის თანამდებობა.

1917 წლიდან ლევან თუმანიშვილი ატარებდა გენერალ-მაიორის წოდებას. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იბრძოდა სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. 1920 წლის 9 ივლისს მას მიანიჭეს რუსული თეთრი არმიის გენერალ-მაიორის ჩინი. ამავე წელს,  ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში, 1928 წლიდან კი გადავიდა აშშ-ში, კემბრიჯში. ემიგრაციაში ის იყო ოფიცერ-არტილერისტთა და ყოფილი რუსი საზღვაო ოფიცრების საზოგადოებების წევრი.

ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის ლევან თუმანიშვილი დაჯილდოებული იყო  წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენითა (1917) და წმ. გიორგის იარაღით (1916).

ლევან თუმანიშვილი გარდაიცვალა 1948 წლის 27 ივლისს, კემბრიჯში. მისი ვაჟი, კირილ თუმანოვი (1913-1997) იყო ცნობილი ამერიკელი მეცნიერი. ის  ავტორია დასავლეთში აღიარებული შრომებისა შუა საუკუნეების კავკასიის ისტორიაზე, ქართული და სომხური არისტოკრატული საგვარეულოების გენეალოგიაზე.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია. ტ. 4. - თბილისი, 2018. - გვ. 123.

ru.hayazg.info › Туманов_Лев_Константин...

 


გააზიარე: