The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კირილ თუმანოვი

Date of birth:13 October, 1913
Date of death:4 February, 1997  (at 83 years)
Burial location:მალტის ორდენის კამპო ვერანოს სასაფლაოს სამლოცველო, რომო. იტალია
Category:Historian

Biography

ამერიკაში მოღვაწე ქართული წარმოშობის ისტორიკოსი და გენეალოგი კირილ თუმანოვი ეკუთვნოდა თავად თუმანიშვილთა რუსეთში დაფუძნებულ შტოს. წარმოშობით თუმანიშვილები გორის რაიონის სოფელ ხელთუბნიდან იყვნენ და რუსეთში აღმოჩნდნენ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ. მათი უმრავლესობა მსახურობდა რუსეთის საიმპერატორო არმიაში და ატარებდა მაღალ სამხედრო წოდებას.

კირილის მამა ლევან (ლეო) თუმანიშვილი გენერალ-მაიორი იყო. გენერლები იყვნენ მისი ბაბუა და ბიძებიც. თავადური წარმოშობისა გახლდათ კირილის დედაც - ელიზავეტა ჟდანოვა. მათი ოჯახი სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. კირილიც აქ დაიბადა 1913 წლის 13 ოქტომბერს.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ლევან თუმანიშვილმა ცოლ-შვილი ჩაიყვანა ასტრახანში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მეუღლის მშობლები. ამ ქალაქში მაშინ ორხელისუფლებიანობა იყო. გენერალი თუმანიშვილი თეთრ გვარდიას შეუერთდა.

1920 წელს თუმანიშვილების ოჯახი წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში. ლევანის მამა, კონსტანტინე თუმანიშვილი კანში დასახლდა და იქვე გარდაიცვალა 1933 წელს. ლევან თუმანიშვილი კი 1928 წელს ცოლ-შვილთან ერთად გადავიდა აშშ-ში, კემბრიჯში. 

კირილ თუმანოვმა ლენოქსის ცნობილი კოლეჯის (მასაჩუსეტსი) დამთავრების შემდეგ, 1931 წელს ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში. მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი აღმოსავლეთმცოდნეები ჯონ კოდდინგტონი და რობერტ ბლეიკი. მათი რჩევითა და ფინანსური დახმარებით ნიჭიერი სტუდენტი ევროპაში გაემგზავრა, სადაც დაეუფლა სომხურ ენას ნიკოლოზ ადონცთან ბრიუსელში, ხოლო ქართულ ენას მიხეილ წერეთელთან ბერლინში.

1930-იან წლებში კირილ თუმანოვმა მიიღო კათოლიკური აღმსარებლობა, რამაც გამოიწვია მისი კონფლიქტი მამასთან. ლევან თუმანიშვილი შვილს მხოლოდ სიკვდილის წინ შეურიგდა.

1943 წელს კირილმა დაიცვა დისერტაცია ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში და მოიპოვა დოქტორის ხარისხი. წლების მანძილზე (1942-1970) აქვე კითხულობდა ლექციებს. აქტიურ აკადემიურ მოღვაწეობას ემერიტუს პროფესორის სტატუსით 1970 წელს ჩამოშორდა.

პენსიაზე გასვლის შემდეგ კირილ თუმანოვი საცხოვრებლად გადავიდა იტალიაში, ქ. რომში, სადაც მუშაობდა ისტორიის კონსულტანტად. ის, ასევე, იყო მალტის რაინდთა სუვერენული ორდენის წევრი და ამ ორდენის ოფიციალური ისტორიკოს - კონსულტანტი. 

კირილ თუმანოვი ავტორია დასავლეთში აღიარებული ნაშრომებისა შუა საუკუნეების კავკასიის ისტორიაზე. მისი სტატია „სომხეთი და საქართველო“ შესულია „კემბრიჯის შუა საუკუნეების ისტორიის“ მეოთხე ტომში (1966-1967). სამეცნიერო ნაშრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1963 წელს გამოცემული -„ Studies in Christian Caucasian History“ („ნარკვევები ქრისტიანული კავკასიის ისტორიიდან“). წიგნში დიდი ადგილი ეთმობა იმ სოციალური გარემოს აღწერას, რომელშიც ქართულ მოსახლეობას ანტიკურ და შუა საუკუნეებში უხდებოდა ცხოვრება.

სამეცნიერო მოღვაწეობის ბოლოს კირილ თუმანოვმა მთელი ყურადღება გენეალოგიის პრობლემატიკას დაუთმო, კერძოდ, ქართული, სომხური და ალბანური არისტოკრატიული გვარების ისტორიის კვლევას. მიუხედავად ბევრი ღირსებისა, მისი ზოგიერთი გენეალოგიური სქემა არ არის საყოველთაოდ გაზიარებული.

გენეალოგიის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის კირილ თუმანოვს მიენიჭა მალტის ორდენის რაინდის წოდება.

ღვაწლმოსილი მეცნიერი გარდაიცვალა 1997 წელს რომში. დაკრძალულია მალტის ორდენის კამპო ვერანოს სასაფლაოს სამლოცველოში. 

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია. ტ. 4. - თბილისი, 2018. - გვ. 125-126.

2. https://ka.wikipedia.org › wiki › კირილ_თუმანოვი

3. https://ru.wikipedia.org › wiki › Туманов,_К...

 


Share: