The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


გიორგი ალექსანდრეს ძე თუმანოვი

გიორგი ალექსანდრეს ძე თუმანოვი
ოფიციალური სახელი:გიორგი ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი
დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1856
გარდაცვ. თარიღი:18 ოქტომბერი, 1918  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

გიორგი თუმანიშვილი (თუმანოვი) დაიბადა 1856 წლის 24 ნოემბერს სოფელ ხელთუბანში, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი. ის გენერალ-ლეიტენენტ ალექსანდრე თუმანიშვილის უფროსი ვაჟი იყო. გენერალ-ლეიტენანტი გახლდათ გიორგის უმცროსი ძმა, კონსტანტინე თუმანიშვილიც.

სამხედრო განათლება გ. თუმანიშვილმა მიიღო ნიკოლოზის საკავალერიო სკოლაში, რომელიც 1877 წელს დაამთავრა პრაპორშჩიკის ჩინით და გამწესებულ იქნა მე-17 დრაგუნთა ნიჟეგოროდის პოლკში. იმავე წელს მიიღო პორუჩიკის წოდება.

1877-1878 წლებში ახალგაზრდა ოფიცერი მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში. მისი შემდგომი კარიერა წარმატებით განვითარდა: 1883 წ. - შტაბს-როტმისრი; 1885 წ. - როტმისტრი; ამავე წელს დაამთავრა გენერალური შტაბის ნიკოლოზის აკადემია (სანკტ-პეტერბურგი).

გ. თუმანიშვილი სხვადასხვა წლებში მსახურობდა: 41-ე ქვეითი დივიზიის შტაბში (1885—1887); კავკასიის საკავალერიო დივიზიაში (1888—1890); 27-ე დრაგუნთა კიევის პოლკში (1889—1890); მოგვიანებით იყო  საგანგებო დავალებათა ოფიცერი კავკასიის საარმიო კორპუსის შტაბში (1890—1891); ასევე, მონაწილეობდა 25-ე ადგილობრივი ბრიგადისა (1891—1893) და მე-2 კავკასიის ქვეითი სარეზერვო ბრიგადის მმართველობაში (1893—1896);

1890 წ. გ. თუმანიშვილს მიენიჭა პოდპოლკოვნიკის, 1894 წელს კი პოლკოვნიკის წოდება.

1896-1900 წწ. ის იყო მე-6 საკავალერიო დივიზიის შტაბის უფროსი, 1900-1901 წწ. მეთაურობდა 27-ე დრაგუნთა კიევის პოლკს; 1902 წელს გახდა გენერალ-მაიორი; 1901-1904 წწ. ასრულებდა ვარშავის სამხედრო ოლქის სარდლის საგანგებო დავალებათა გენერლის მოვალეობას.

გიორგი თუმანიშვილი მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905), სადაც მეთაურობდა ციმბირის კაზაკთა დივიზიის მე-2 ბრიგადას; 1905-1906 წწ. იყო მე-10 საარმიო კორპუსის, 1906-1907 წწ. მე-2 საკავალერიო კორპუსის,  ხოლო, 1907 წ. მე-16 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი; 1907-1910 წწ. კი ვარშავის სამხედრო ოლქის შტაბის მორიგე გენერალი.

1910 წლის 1 მაისს გ. თუმანიშვილს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა მე-13 საკავალერიო დივიზიის მეთაურად. თავისი დივიზიით მონაწილეობდა I მსოფლიო ომში და თავი გამოიჩინა კრასნიკთან და ვილნოსთან ბრძოლებში; 1915 წელს გაიგზავნა ჩრდილოეთის ფრონტზე. 1916 წლის 8 მარტს დაინიშნა მე-7 საკავალერიო კორპუსის მეთაურად. ამავე წელს მიიღო კავალერიის გენერლის ჩინი.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გ. თუმანიშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ის ირიცხებოდა კიევის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში.

სამხედრო კარიერის მანძილზე, 1878-1917 წლებში გ. თუმანიშვილი დაჯილდოებული  იყო ოქროს იარაღით (1906) და წმ. ანას, წმ. სტანისლავის, წმ. გიორგისა და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. 

გიორგი თუმანიშვილი დაქორწინებული იყო ნინო მელიქიშვილზე (1871-1951), კავალერიის გენერალ ლევან ივანეს ძე მელიქიშვილის ასულზე. მასთან ჰყავდა ერთი ქალიშვილი.

თუმანიშვილების ოჯახი კიევში ცხოვრობდა. გენერალ-ლეიტენანტს ახლო ურთიერთობა ჰქონდა თეთრი მოძრაობის მოღვაწეებთან, მათ შორის, ბარონ ვრანგელთან  და დონის მისიის ხელმძღვანელ, გენერალ მ. სვეჩინთან; 

1918 წლის შემოდგომაზე გიორგი თუმანიშვილი მინერალურ წყლებზე სამკურნალოდ გაემგზავრა ჩრდილოეთკავკასიაში, სადაც ტყვედ ჩაუვარდა ბოლშევიკებს. 1918 წლის 18 ოქტომბერს იგი სხვა სამხედრო ტყვეებთან ერთად დახვრიტეს პიატიგორსკში.

ნინო მელიქიშვილი ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 80 წლის ასაკში.  

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org › wiki › Туманов,_Г..

2. საქართველო: ენციკლოპედია. ტ. 4. - თბილისი, 2018. - გვ.119

 


გააზიარე: