The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სერგი დონდუა

სერგი დონდუა
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1922
გარდაცვ. თარიღი:8 აპრილი, 1999  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

სერგი ლევანის ძე დონდუა დაიბადა 1922 წლის 1 ივლისს ქ. თბილისში. ბავშვობა იალტაში გაატარა. 1931 -1941 წწ. სწავლობდა იალტის მე-3 საშუალო სკოლაში, შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის საზღვაოსნო სასწავლებელში (1945-1948 წწ. დაუსწრებლად) და მიიღო შორეული ნაოსნობის შტურმანის კვალიფიკაცია. 

პარალელურად, 1941-1945 წლებში მუშაობდა იალტის ნავსადგურის პორტფლოტის ავარიულ-სამაშველო და საბრძოლო კატარღა "Курортник"-ზე მესაჭე-მატროსად. ომის დაწყებისთანავე მშვიდობიანი გემი შავი ზღვის ფლოტის ავარიულ-სამაშველო ხომალდად გადაკეთდა, მასზე ტყვიამფრქვევები დააყენეს და საბრძოლველად გაუშვეს, სერგი დონდუა ამ გემის მთავარი მესაჭე იყო. მეორე მსოფლო ომის დამთავრებას იგი რუმინეთში, კონსტანცის პორტში შეხვდა. სამხედრო-საზღვაო ფლოტში დარჩენა კი 1948 წლამდე მოუხდა.

1948 წელს სერგო დონდუა პირველად წავიდა შორეულ ნაოსნობაში ორთქლმავალ "Александр Пушкин"-ის კაპიტნის მეოთხე თანაშემწის რანგში. მომდევნო წლებში იგი ცურავდა ორთქლმავალ "Николаев"-ის კაპიტნის მეოთხე, მესამე, მეორე და უფროს თანაშემწედ. 1953 წელს კი მას მშრალტვირთა გემ «Карл Маркс»-ის მეთაურობა მიანდეს. 

1957 წელს სერგი დონდუამ დაამთავრა ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ, დაუსწრებლად); 1958 წელს სამგზავრო ორთქლმავალ "Белоостров"-ის კაპიტანი გახდა, მოგვიანებით კი საფრანგეთში აგებული ახალი ხომალდი «Николай Пирогов»-ი ჩაიბარა. მოდევნო წლებში კი მიიღო საბჭოთა კავშირისათვის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში აგებული ახალი სამგზავრო გემები "Литва" (1960) და "Тарас Шевченко" (1966).

1974 წელს ს. დონდუამ ჩაიბარა იმ დროისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საკრუიზო ლაინერი, საბჭოთა საზღვაო-სამგზავრო ფლოტის ფლაგმანი - "Максим Горький" (ყოფილი-"Hamburg"). ის იყო ამ ლეგენდარული გემის პირველი და უცვლელი კაპიტანი (1986 წლამდე). 

1986 წელს ს. დონდუა პენსიაზე გავიდა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან იალტაში გაატარა. გარდაიცვალა 1999 წლის 8 აპრილს, მოსკოვში. ანდერძის თანახმად, ურნა მისი ნეშტის ფერფლით იალტის შუქურიდან ერთი კაბელტოვის მოშორებით ჩაუშვეს ზღვაში.

სერგი დონდუას 1982 წელს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. ის მრავალი მედლისა და ორდენის კავალერი იყო: მათ შორის: „ლენინის ორდენი“ (ორჯერ); „ოქტომბრის რევოლუციის ორდენი“; „შრომის წითელი დროშის ორდენი“; „წითელი დროშის ორდენი“ და სხვა.

ოდესის საზღვაო სასწავლებლის ფასადზე სერგი დონდუას ხსოვნის საპატივცემულოდ მიმაგრებულია მემორიალური დაფა, სადაც მის პროფილთან ერთად გამოსახულია ლეგენდარული თბომავალი Максим Горький"

წყარო:

1. www.facebook.com › P.TABAGUA › posts შორეული ნაოსნობის კაპიტანი - სერგი...

2. ru.wikipedia.org › wiki › Дондуа,_Серг...

3. odessa-memory.info › ...Дондуа Сергей Леванович


გააზიარე: