The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


სალომე ჯიქია

სალომე ჯიქია
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1986  (34 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

ბოლო დროის ერთ-ერთი წარმატებული ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია 1986 წლის 5 მარტს ზუგდიდში დაიბადა. მომღერალი ამბობს, რომ საოპერო მუსიკის სიყვარული დედისგან გადაედო: „ფაქტობრივად, ოპე­რა­ში გა­ვი­ზარ­დე, მე და ჩე­მი დე­ბი გამუდმებით დავყავდით სპექტაკლებზე, კონცერტებზე... დედა ხშირად ყიდულობდა  იტა­ლი­ე­ლი ბელ­კან­ტოს ოს­ტა­ტე­ბის ძველ ფირ­ფი­ტებს. ხში­რად ვუს­მენ­დი რენატა ტე­ბალდს, ბე­ნი­ა­მი­ნო ჯი­ლის, მა­რიო დელ მო­ნა­კოს. ვცდილობდი მათ­თ­ვის მი­მე­ბა­ძა. ალ­ბათ, ეს ილე­ქე­ბო­და და წლე­ბის შემ­დეგ სიმ­ღე­რის სურ­ვი­ლი მეც გა­მიჩ­ნ­და“.

სალომემ სა­მუ­სი­კო ათ­წ­ლე­დი და თბილისის სახელმწიფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა ფორტეპიანოს განხრით დაამთავრა. სწავლის პარალელურად ოპერის თეატრის გარდერობში მუშაობდა და მომღერლობაზე ოცნება არ ასვენებდა. ­ბა­კა­ლავ­რიატის მე­სა­მე კურ­ს­ზე იყო, როცა მეცადინეობა დაიწყო ოპე­რის სო­ლისტ თე­მურ გუ­გუშვილ­თან და ნელ-ნელა, ბუნებრივად გადავიდა საფორტეპიანოდან საოპერო მუსიკაში.

2008-2011 წლებში  ვოკალის ხელოვნებას  ზ. ფალიაშვილიოს სახელობის სახელმწიფო სამუსიკო სკოლაში პროფესორ გოჩა ბეჟუაშვილთან ეუფლებოდა. 2013-2014 წლებში კი სწავლა სანტა ჩეჩილიას ეროვნული აკადემიის საოპერო სტუდიაში (რომი) განაგრძო ლეგენდარულ მომღერალ რენატა სკოტოსთან.  

კონსერვატორია 2010 წელს დაამთავრა და მიიღო მაგისტრის ხარისხი ფორტეპიანოს სპეციალობაში (პედაგოგი: მანანა დოიჯაშვილი). კონცერტებზე 2009 წლიდან გამოდიოდა, თავდაპირველად, როგორც პიანისტი, ზოგჯერ პირველ განყოფილებაში უკრავდა, მეორეში - მღეროდა. შემდეგ კი მომღერლობამ გადასძალა და წარმატებამაც არ დააყოვნა.

2010 წელს სალომე გახდა პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ სტიპენდიანტი. 2012 წელს რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა. ის არის თურქეთის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გრან-პრისა და სომხეთის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის, ასევე, ლადო ათანელის მომღერალთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი (2012).

სალომე ჯიქიას დებიუტი საქართველოში 2011 წელს შედგა, როდესაც საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ „ღამის სერენადებში“ მიიღო მონაწილეობა. იტალიაში კი 2013 წელს გაიცნეს როზინას პარტიით მოცარტის ოპერაში „ცრუ უბრალოება“ (კომო-კრემონა-პავია. იტალია).

2014 წელს  მომღერალი „მოცარტის საუკეთესო შესრულებისთვის“ ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე ბარსელონაში მაქს კლაინის და მადრონიტა ანდრეუს სახელობის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა; 2016 წლის მაისში პოლონეთში სტანისლავ მონიუშკოს სახელობის მეცხრე საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე გადაეცა ქალის ვოკალის კატეგორიაში პირველი პრემია და ასევე, პრიზი პოლონელი კომპოზიტორის მონიუშკოს ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის. გარდა ამისა, იგი გახდა ლოძის დიდი თეატრის დირექციის პრიზის მფლობელი — სალომე ოპერა „ჰალკაში“ მონაწილეობისთვის მიიწვიეს.

სალომე თვლის, რომ მის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იტალიელმა დირიჟორმა და მუსიკოსმა ალბერტო ძედამ. პეზაროში მან დაინახა ქართველი სოპრანოს შესაძლებლობები და მიხვდა, რომ მისთვის განსაკუთრებით მომგებიანი იქნებოდა მოცარტისა და როსინის ნაწარმოებების შესრულება. სწორედ პეზაროდან იწყება სალომე ჯიქიას ევროპული კარიერა.

სალომე ჯიქიას რეპერტუარშია: ვიტელია - მოცარტის „ტიტუსის გულმოწყალება“ (ლოზანის საოპერო თეატრი); მატილდა - როსინის „ვილჰელმ ტელი“ (პალერმოს ოპერის თეატრი); ისმენე - მოცარტის „მითრიდატე პონტოელი“ (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი); ამენაიდა - როსინის „ტანკრედი“ (ლა მონეს თეატრი, ბრიუსელი); დორლისკა- როსინის „ტორვალდო და დორლისკა“ (როსინის საოპერო ფესტივალი); სემირამიდა - როსინის „სემირამიდა“ (ლორენის ნაციონალური ოპერის თეატრი); ვიოლეტა - ჯ. ვერდის „ტრავიატა“ (განასახიერა ბერლინის დოიჩე ოპერაში, პერგოლესის თეატრსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში); ელენა - როსინის „ტბის ქალწული“ (პეზარო, როსინის საოპერო ფესტივალი).

ბელგიაში რეჟისორ ჟაკო ვან დორმელის მიერ დადგმულ „დონ ჟუანში“ ქართველმა სოპრანომ დონა ანას პარტია შეასრულა; 2017 წელს იმღერა ლონდონის სამეფო ოპერის თეატრ „კოვენტ-გარდენის“ სცენაზე დადგმულ მოცარტის ოპერა „მითრიდატე პონტოელში“ და შექებაც დაიმსახურა. მუსიკის ყველა მიმომხილველმა ერთხმად აღნიშნა და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სალომეს ვოკალურ და საშემსრულებლო ოსტატობას სიფარეს პარტიაში.

მომღერალი ევროპაში საკონცერტო პროგრამებითაც წარმატებით მოგზაურობს. განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია მისმა გამოსვლებმა ცნობილ ტენორ ხოსე კარერასთან ერთად. მათი ერთობლივი გამოსვლა პირველად  „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, ქუთაისში შედგა. როგორც ჩანს, ესპანელი ტენორი სალომეს ვოკალური შესაძლებლობებით მოიხიბლა და გამოსამშვიდობებელ მსოფლიო ტურნეში მიიწვია.

მათ ერთად იმღერეს დუბაიში, ბრიუსელსა და სეულში. როგორც ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ოფიციალური „ფეისბუქ“- გვერდიდან ირკვევა, სალომემ კონცერტზე ფურორი მოახდინა. გვერდი წერს: „დღეს საოცრება მოხდა, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების „ბოზარტის“ დარბაზში ხოსე კარერასმა ბელგიის საოპერო საზოგადოებას ახალი ვარსკვლავი, სალომე ჯიქია წარუდგინა. სრული ანშლაგი, როგორც იტყვიან. ბისზე იმდენჯერ გამოიძახეს თითოეული ცალ-ცალკე და ორივე ერთად, ვეღარ დავთვალე“.

­2019 წელს სალომე ჯიქია ვიხილეთ მარტინ სკორსეზეს დოკუმენტურ ფილმში, რომლის  სახელწოდებაა „The Oratorio“. ფილმი ამერიკულ-იტალიური პროდუქციაა. მასში გადაღებულია კონცერტი, რომელიც 2018 წელს იტალიაში, კალიარის საოპერო თეატრსა და ნიო-იორკში, წმინდა პეტრეს ტაძარში ჩატარდა. 200 წლის წინ ამერიკელმა მსმენელმა სწორედ ამ ეკლესიაში მოისმინა პირველად იტალიური საოპერო მუსიკა მარია მალიბრანის შესრულებით. მარტინ სკორსეზესთვის ამ ტაძარს დიდი დატვირთვა აქვს, რადგან ბავშვობაში აქ ბიჭუნათა გუნდში მღეროდა. ფილმში სკორსეზე იკვლევს, თუ როგორ იმოქმედა ამერიკულ კულტურასა და საზოგადოებაზე, მათ ჩამოყალიბებაზე, ემიგრანტების ხელოვნებამ და კულტურამ.

„ფილმში ჩემი აგენტისა და იტალიური მხარის მეშვეობით მოვხვდი. კალიარის საოპერო თეატრში ამ პროექტის ფარგლებში სპეციფიური სოპრანო სჭირდებოდათ, რომელიც მეცო სოპრანოსა და სოპრანოს პარტიას თავისუფლად შეასრულებდა. არჩევანი კი ჩემზე შეაჩერეს", — ამბობს სალომე.

სალომე ჯიქიას ევროპული გამოსვლები სულ უფრო ხშირად ექცევა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. მასზე ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ წერს: „ჩვენ ველით, რომ ახალგაზრდა ქართველი სოპრანო, მალე მსოფლიოს დაიპყრობს“. მისი სპექტაკლები გადაიცემა პირდაპირ ეთერში, პარტნიორობას უწევს მსოფლიოს ისეთ საოპერო ვარსკვლავებს, როგორებიცაა: ფრანკო ფაჯიოლი, ხუან დიეგო ფლორესი, მაიკლ სპაიერსი, ერვინ შროტი და ა. შ.

წყარო:

1. http://www.opera.ge/State-Opera/Soloists/Soprano/salome_jiqia.

2. gza.kvirispalitra.ge › life › sazogadoeba › 5732-saslosme-jisqia-khoss.. 

3. ghn.ge › news › 192231-salome-jikia-shevetsade-kartveli-msmenelist... 




გააზიარე: