The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ელისო ვირსალაძე

ელისო ვირსალაძე
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტი ელისო ვირსალაძე დაიბადა თბილისში, 1942 წლის 14 სექტემბერს. მამა - კონსტანტინე სპირიდონის ძე ვირსალაძე (1914-1992), ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი; დედა - დარეჯან (ცაცა) კავკასიძე (1918-1966), პროფესიით ბიოლოგი; ბებია - ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ანასტასია აბდუშელიშვილი - ვირსალაძისა (1883-1968). იგი ელისოს პედაგოგიც იყო ჯერ ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, შემდეგ კი ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო კონსერვატორიაში.

ანასტასია ვირსალაძეს პეტერბურგის კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული (1909). ის იყო პირველი ქართველი პიანისტი ქალი, რომელმაც მიიღო უმაღლესი განათლება. პეტერბურგში გაიცნო და ცოლად გაჰყვა სპირიდონ ვირსალაძეს (1868-1930), თერაპევტს, მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთ ფუძემდებელს საქართველოში. თბილისის სამედიცინო პარაზიტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მისი სახელობისაა.

ელისო ვირსალაძემ 1960 წ. დაამთავრა „ნიჭიერთა ათწლედი“, 1964 წ. - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, 1968 წ. - მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა (პედაგოგები: გ. ნეიჰაუსი და ი. ზაკი).

ელისოს დებიუტი საკონცერტო ესტრადაზე შედგა 1953 წელს, როცა მეხუთე კლასის მოსწავლემ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა ბეთჰოვენის მეორე საფორტეპიანო კონცერტი. 1958 წელს, 16 წლის ასაკში, მას წილად ხვდა საპატიო მოვალეობა, მონაწილეობა მიეღო ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში.

1959 წ-დან ელისო ვირსალაძე თბილისის, ხოლო 1977 წ-დან მოსკოვის ფილარმონიის სოლისტია. მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია, შესრულება კი გამოირჩევა მაღალი მუსიკალური კულტურით, ვირტუოზული ტექნიკითა და არტისტიზმით. მუსიკოსი აღიარებულია XVIII—XIX სს-ის კომპოზიტორთა ნაწარმოებების საუკეთესო ინტერპრეტატორად: მოცარტი, შუბერტი, შოპენი, შუმანი, ბეთჰოვენი, ლისტი, ჩაიკოვსკი, პროკოფიევი, შოსტაკოვიჩი...

არაჩვეულებრივმა საშემსრულებლო ხელოვნებამ  ელისო ვირსალაძეს საერთაშორისო აღიარება და არაერთი ჯილდო მოუტანა: 17 წლის ასაკში გახდა მსოფლიო ახალგაზრდობის მე-7 საერთაშორისო ვენის მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი  (1959); წარმატება ხვდა წილად მუსიკოს-შემსრულებელთა მოსკოვის საკავშირო (1961, III, პრემია) და ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო (1962, III, პრემია) კონკურსებზე, აგრეთვე, ცვიკაუს (გდრ) შუმანის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე (1966, I, პრემია); 1976 წ. დაჯილდოვდა რ. შუმანის სახელობის ეროვნული პრემიით (გდრ); 1991 წელს კი ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიით.

მუსიკოსი მრავალი საპატიო წოდების მფლობელია: 1974 წ. მიენიჭა საქართველოს, ხოლო 1989 წ. -  სსრკ სახალხო არტისტის წოდება;  1983 წ. - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; 2000 წ. - რუსეთის სახელმწიფო პრემია.

ელისო ვირსალაძე რეგულარულად მართავს კონცერტებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. წარმატებით გამოდის ლონდონის, მილანის, რომის, პარიზის, ლისაბონის, ბერლინის საკონცერტო სცენებზე. გარდა ამისა, ვირსალაძე საგასტროლო ტურნეებს მართავს ისრაელში, ამერიკასა და იაპონიაში. აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან: რუდოლფ ბარშაი, გენადი როჟდესტვენსკი, კირილ კონდრაშინი, რიკარდო მუტი, კურტ ზანდერლინგი, ვოლფგანგ ზავალიში, ევგენი სვეტლანოვი, იური ტემირკანოვი, ანტონი ბიტი, კურტ მაზური.

კომპანია “Live Classics”-ის მიერ გამოცემულია ელისო ვირსალაძის შემოქმედების მრავალი ჩანაწერი.

მუსიკოსის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებსაც. წლების მანძილზე თანამშრომლობს ქართველ დირიჟორებთან: ოდისეი დიმიტრიადი, ზაქარია ხუროძე, ჯემალ გოკიელი, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეები, ზაზა აზმაიფარაშვილი, ვახტანგ ჟორდანია.

პიანისტის ინიციატივით 1982 წ. ქ. თელავში დაარსდა კამერული მუსიკის ყოველწლიური საერთაშორისო სემინარ-ფესტივალი „ქება ვაზისა“, რომელსაც სათავეში თავად ჩაუდგა. ფესტივალს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ანალოგი არ მოეძებნებოდა, არც ფორმატით (კონცერტების სერია, ღია გაკვეთილები) და არც მონაწილეთა შემადგენლობით. ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს მიეცათ, როგორც საკუთარი შემოქმედების წარდგენის, ისე ცნობილ შემსრულებლებთან მასტერკლასების გავლის შესაძლებლობა. მსმენელებს კი საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ მსოფლიოში განთქმული მუსიკოსების შემოქმედებას.

1990-იან წლებში საქართველოში მომხდარი პოლიტიკური მოვლენებისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ფესტივალი შეწყდა და 1994 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. 2010 წელს პიანისტმა ფესტივალი აღადგინა ახალი სახელწოდებით - „მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში“. 

საკონცერტო გამოსვლებთან ერთად ელისო ვირსალაძე 1967 წ-დან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში ის იაკობ ზაკის ასისტენტი იყო; 1970 წ-დან -  მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგია, პროფესორ ლევ ვლასენკოს კათედრის დოცენტი, 1994 წ-დან ამავე კათედრის პროფესორი; შეთავსებით, 1995-2011 წწ. იყო მიუნხენის უმაღლესი სამუსიკო სკოლის პროფესორი; 2010 წ-დან ფლორენციის - Scuola di musica di Fiesole-ს პროფესორია; მისი მოსწავლეები არაერთგზის გამხდარან სხვადასხვა კონკურსების ლაურეატები და ჯილდოს მფლობელები.

2007 წ. ელისო ვირსალაძემ მოიპოვა საქართველოს სახელმწიფო პრემია; 2009 წ. გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. 2013 წ. დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 2017 წ. - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

1975 წლიდან მუსიკოსს იწვევენ საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრად. მათ შორის: პ. ჩაიკოვსკის სახელობის (მოსკოვი); დედოფალ ელისაბედის სახელობის (ბრიუსელი); ა. რუბინშტეინის სახელობის (თელ-ავივი); რ. შუმანის სახელობის (ცვიკაუ) და სხვ.

ელისო ვირსალაძე ქართულის გარდა შვიდ ენაზე საუბრობს: ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად, ესპანურად, გერმანულად, რუსულად და პოლონურად.

ენების ცოდნა ძალიან ეხმარება სხვადასხვა ქვეყნებში საგასტროლო მოგზაურობისას მასტერკლასებისა და ლექციების ჩატარებაში.

ქალბატონი ელისოს მეუღლე იური ბეროზაშვილი 2000 წ. გარდაიცვალა. მათი ქალიშვილი, დარეჯანი, პროფესიით კინომცოდნეა.

წყარო:

1.საქართველო: ენციკლოპედია. ტ. 3. თბ., 2014. -გვ. 272.

2. ელისო ვირსალაძე = Eliso Virsaladze = Элисо Вирсаладзе /შემდგ. და რედ. მანანა ახმეტელი.- თბილისი, 2012

3. ტორაძე, . ელისო ვირსალაძე / გულბათ ტორაძე. - თბილისი, 2012. 

ru.wikipedia.org › wiki › Вирсаладзе,_...

 


გააზიარე: